x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კიბოს 5 ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი სახეობა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან
კიბო განაჩენი არ არის, ხოლო ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად სრულიად უწყინარი დაავადებაა, რომელიც ბოლომდე იკურნება. ამიტომ სკრინინგი ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და აბსოლუტურად არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ამ დროს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს მიიღებთ. სკრინინგზე ნაპოვნი სიმსივნე, თუ ექიმის რეკომენდაციებს შეასრულებთ და სრულფასოვნად იმკურნალებთ, საშიში არ არის. მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ავთვისებიან სიმსივნეთა რამდენიმე სახეობა, რომელთა აღმოჩენა მარტივი არ გახლავთ. ამიტომ ისინი ყველაზე საშიშ კიბოთა რიცხვს განეკუთვნებიან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, თუმცა მათგან თავდაცვაც გარკვეულწილად შესაძლებელია. თუ როგორ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


1. პანკრეასის ჯირკვლის კიბო


ძალიან საშიში კიბოა. ზოგი ფიქრობს, რომ უფრო საშიშია მეზოთელიომა, თუმცა არც პანკრეასის ჯირკვლის კიბოს აქვს მასზე უკეთესი პროგნოზი. მის დიაგნოზს საქართველოში ყოველწლიურად 120-150 ადამიანი იღებს. დაახლოებით ამდენივე იღუპება. ერთნაირია გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში. დაავადების საშუალო ასაკი 70 წელია.


კიბოს ამ ვერაგი სახეობის აღმოჩენა ძალიან რთულია, რადგან მისი სკრინინგის ეფექტური და უმტკივნეულო საშუალებები თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია. დაავადება პირველ სტადიებზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები კი ხშირად მხოლოდ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადში დაავადებულთა 91 % იღუპება.



ამ კიბოს თავიდან ასაცილებლად წონაში დაკლება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა ყველაზე ეფექტური საშუალებებია. ჭარბი წონა და მოწევა ხშირად განაპირობებს პანკრეასის ჯირკვლის კიბოს.


2. ღვიძლის კიბო


ამ კიბოს ძირითადად ის აქცევს მრისხანე მკვლელად, რომ ღვიძლში ტკივილის რეცეპტორები არ არსებობს და ყველაზე უკანასკნელ სტადიებამდე შეუძლებელია იმის გარკვევა, აქვს ადამიანს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე თუ არა. მისი გამომწვევი რისკფაქტორებია ალკოჰოლი, თამბაქო, A, B, C ჰეპატიტები და ღვიძლის ციროზი, ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესები ღვიძლში.


სამწუხაროდ ბოლო 30 წელიწადში ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად საქართველოში ის წლიურად უდგინდება დაახლოებით 150 ადამიანს, ხოლო სამასზე მეტი - იღუპება. ეს ძირითადად მამაკაცების დაავადებაა. მხოლოდ 12 % ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან 5 წელიწადზე მეტს.


3. ფილტვის კიბო


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. საქართველოში მისი დიაგნოზი ყოველწლიურად დაახლოებით 500 ადამიანს უდგინდება. ეს დაავადებაც პირველ სტადიებზე აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბოლო სტადიებზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობიდან 2-3 წელიწადში რეციდივს იწვევს.


ძირითადი რისკფაქტორებია აზბესტი, მოწევა, ქალაქის კვამლი და მტვერი. დიაგნოზირებიდან მე-5 წელს ცოცხლობს ქალების 20 % და მამაკაცების 15 %.


4. თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე


არავინ იცის, მას რა იწვევს. რისკფაქტორები არავითარ გავლენას არ ახდენენ მის ჩამოყალიბებაზე. საბედნიეროდ ის ძალიან იშვიათია - შეადგენს ავთვისებიან სიმსივნეთა მხოლოდ 2 %-ს. ასევე კარგი ისაა, რომ ბევრ ქვესახეობას მკურნალობის დადებითი დინამიკა და დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ბავშვთა თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეთა (მაგ. მედულობლასტომა) შემთხვევაში განკურნება ხშირად 90 %-ზე მეტიც კია. ყველაზე სახიფათო გლიობლასტომაა, რომელიც მოზრდილ ადამიანებს ემართება. საქართველოში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე წლიურად დაახლოებით 80 ადამიანს უდგინდება. აქედან 4 ბავშვია.


გლიობლასტომა ეს არის სიმსივნე, რომელიც ყოველ 50 დღეში ზომაში ორმაგდება. ის იმდენად სწრაფად იზრდება, რომ სისხლძარღვები განვითარებასაც კი ვერ ასწრებენ მის გარშემო და ამიტომ მისი შუაგული კვდება, როცა დანარჩენი არე იზრდება.


გლიობლასტომას დიაგნოზირებიდან 5 წლის შემდეგ პაციენტების 95 % იღუპება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღნიშნული დიაგნოზით 15 თვეს შეადგენს.


5. ლეიკემია


განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ქრონიკული ლეიკემია დიდად სახიფათო არ არის. ყოველწლიურად ამ დაავადების დიაგნოზს 100-მდე ქართველი იღებს. აქედან დაახლოებით 30 % მწვავე ფორმებზე მოდის.


საინტერესოა, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ფართოდ არის გავრცელებული, რის შემდეგაც იკლებს და 30 წლის ასაკის შემდეგ ისევ იმატებს. მამაკაცებს ოდნავ უფრო ხშირად უჩნდებათ, ვიდრე ქალებს.


სიგარეტის მოწევა და იონური გამოსხივება მის წარმოშობას ხელს უწყობენ. ბავშვებს კი გადარჩენის მეტი შანსები აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. 75-დან 92 %-მდეა 5-წლიანი გადარჩენის შანსები მწვავე ფორმების დროს ბავშვებისთვის, ხოლო მწვავე მიელოური ლეიკემიის დროს მოზრდილებში - 23 %.


კიბო

0
199
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0