x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს - 7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა
image


„ფენიქსი“ წიგნი-ლაბირინთია, რომელშიც მკითხველს შეუძლია იმოგზაუროს და მონაწილეობა მიიღოს სიუჟეტის ფორმირებაში. მკითხველი ხდება წიგნის გმირი და საკვანძო მომენტებში, თავად წყვეტს, თუ როგორ გაგრძელდეს ამბავი.


„ფენიქსი“ სხვანაირი წიგნია, რომელიც არ იკითხება თანმიმდევრობით. ამ რომანში ამბავი იკითხება იმ რიგითობით, რომელსაც მკითხველი თავად აირჩევს და ფაზლივით ააწყობს.


15 ნაწილისგან შემდგარმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი. უკვე გამოსულ 5 ნაწილს, 7 აგვისტოდან მომდევნო 2 გაგრძელება: - „გაქცევა“ და „დაბადების დღე“ შეემატება.



ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწილეობა ოთხმა ავტორმა: - ელის დოჯსონმა, თეა ინასარიძემ, ტორესა მოსიმ და ნიკოლას მაჩაბელმა მიიღეს. ისინი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებდნენ.


„ფენიქსის“ ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს კი ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევანის მიხედვით ვითარდება.


უძველესი ლეგენდის თანახმად, ფენიქსი ჯადოსნური ფრინველია, რომელიც რამდენიმე ასწლეული ცოცხლობს. ლეგენდარული ფენიქსი - წითელ, ალისფერ და ყვითელ ფერებშია. ამგვარად, ასოცირდება ამომავალ მზესთან და ცეცხლთან. მისი ცისფერი თვალები საფირონის მსგავსად ანათებს. ფენიქსი სიკვდილის წინ საკუთარ თავს იწვავს, შემდეგ კი ფერფლიდან აღდგება, რომ ახალი, ხანგრძლივი ცხოვრება დაიწყოს. ფენიქსი მუდმივი განახლების სიმბოლოა!


წიგნ „ფენიქსის“ რომელიმე ნაწილში შეიძლება შენი საყვარელი პერსონაჟი მოკვდეს, მაგრამ პარალელურ რეალობაში, ის აღდგება და მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება.


ყოველ ნაწილს დამატებით ქვესათაური აქვს. „ასტროიდი“ - ამბის დასაწყისია, სადაც წიგნის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სალის ვეცნობით. სალი პროფესიით ქიმიკოსია. ის სწავლის პარალელურად, city coffee-ში ბარისტად მუშაობს. კაფეში ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი შემოდის, რომელიც ყოველთვის ამერიკანოს უკვეთავს. მკაცრ დრესკოდთან უცნაურ კონტრასტს მისი სპორტული მაჯის საათი, „გარმინის“ „ფენიქსი“ ქმნის. სალი უცნობის ვინაობას იგებს და მას ინტერნეტში მოძებნის, სადაც აღმოაჩენს, რომ ვატო თითქოს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს... კაფეს ყოველდღიურად სხვა ბიჭიც სტუმრობს, რომელიც ინტერესს იჩენს სალის მიმართ. გიგა მხიარული და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთხელაც, ის სალის კინოში, ღამის სეანსზე დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად მიმავალი სალი, მეტროს ბაქანზე შემთხვევით გადაეყრება ვატოს, რომელიც მას მოულოდნელად დახმარებას სთხოვს... სალიმ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: დათანხმდეს საეჭვო შეთავაზებას ბიჭისგან, რომელიც დიდი ხანია ძალიან მოსწონს, თუ უთხრას უარი და შეხვდეს გიგას, რომელიც მას კინოთეატრთან ელოდება.


„ასტროიდს“ ორი ალტერნატიული გაგრძელება აქვს, სადაც მოვლენების განვითარება სალის არჩევანზეა დამოკიდებული. თუ გაინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები რომანში, თუ სალი ვატოს აირჩევს, მაშინ „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ სალი შეხვდება გიგას, მაშინ თქვენ „ჩაფერფვლა“ უნდა აირჩიოთ.


თუ გიყვართ დეტექტივი, კრიმინალური ამბები, დრამა, შავი კომედია და სასიყვარულო ისტორიები; გხიბლავთ სიუჟეტის მოულოდნელი და სრულიად წარმოუდგენელი განვითარება, მაშინ „ჩაფერფვლის“ ხაზს უნდა გაჰყვეთ. ხოლო თუ გიზიდავთ თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო ჟანრი, გაინტერესებთ საიდუმლო ისტორიები, მაშინ „გადატვირთვის“ ხაზს მიჰყევით.


მათ კი, ვინც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი სიურპრიზი და 8 ალტერნატიული დასასრული ელით.


ანანო თავხელიძე, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი:


- ფენიქსი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი პროექტია და ამასთან ერთად, გვინდოდა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თითოეული წიგნის ფასი 4 ლარია. რადგან წიგნები დაყოვნებებით გამოდის და შესაძლებელია ცალ-ცალკე შეძენა, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მისაღები ფასია. იმედია, ჩვენს მკითხველს მოეწონება ინტერაქციული წიგნი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და აირჩევენ სასურველ დასასრულსაც.


თუ ჯერაც არ დაგიწყიათ წიგნ-ლაბირინთში მოგზაურობა, გირჩევთ, ჩაერთოთ საინტერესო თავგადასავალში, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" და წიგნის ავტორები გთავაზობენ. გახდი მკითხველი, რომელიც თავად გადაწყვეტს წიგნის ბედს!

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0