x
ლუდომანია, როგორც სტიგმატიზაციის საფუძველი
ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ლუდომანიის, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც ამ პრობლემის უკან დგას და რომელსაც შემდგომში ვრცლად განვიხილავთ. ზოგიერთი მკვლევარის (Kun, Balazs, Arnold, Paksi, & Demetrovics, 2012) მიხედვით, დიდი განსხვავებაა ამ პრობლემის თავისებურებებს შორის ქვეყნებისა და კულტურის მიხედვით. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობაც ამბობს, რომ აზარტულ თამაშებს გართობის მიზნით თამაშობს, თუმცა გამოკითხულთა მთელი 92% უარყოფით დამოკიდებულებას იჩენს ზოგადად ამ ინდრუსტრიის მიმართ (ამ აბზაცში ნახსენები ეს და სხვა შედეგები მოყვანილია ანგარიშიდან „აზარტული თამაშები საქართველოში - მეორე ანგარიში“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ლევან ნატროშვილი, მარიამ ჩაჩუა, 2015). საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 2% აცხადებს, რომ მას ან მის ოჯახის წევრს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონია აზარტული თამაშების გამო. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ ქართველი მოსახლეობის რა რაოდენობა თამაშობს აზარტულ თამაშებს ან რა თანხები აქვთ წაგებული მათ. ამავე კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა 63%-ის აზრით, აზარტული თამაშების ინდუსტრია საერთოდ უნდა აიკრძალოს. მკაცრი რეგულაციების არასებობის გამო, გემბლინგი საქართველოში პრობლემას წარმოადგენს როგორც სრულწლოვნებში, ისე არასრულწლოვნებში. ეს კი შეიძლება საგანგაშო აღმოჩნდეს იმ კვლევის (G.Meyer, Problem Gambling in Europe: challengies, prevention and interventions, 2009) გათვალისწინებით, რომელმაც დაადგინა, რომ 16-დან 24 წლამდე ასაკის კატეგორიაში ორჯერ მეტია რისკი, რომ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს.

ჩემი პროექტის მიზანია, ვცადო საქართველოში აზარტომანიის პრობლემის გაანალიზება სტიგმატიზაციის ჭრილში. კერძოდ: როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სტიგმატიზაციის საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, რომ ლუდომანია და მისი თანმხლები სტიგმა იმ პრობლემებს განეკუთვნება, რომელსაც საქართველოში საკმარისი ყურადღება არ ექცევა. მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმაზე, რომ ლუდომანია განაჩენია და არ არსებობს გზა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებუკმა ინდივიდმა თავისი დამოკიდებულების მართვა შეძლოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ პროექტი ამ საკითხზე გამეკეთებინა.

ზემოხსენებული მიზეზს ემატება ისიც, რომ ჩემ ირგვლივ არაერთი თანატოლი თუ უფროსი თაობის წარმომადგენელი აზარტულ თამაშებზეა მეტნაკლებად მაინც დამოკიდებული. შესაბამისად, არც ისე იშვიათად შევსწრებივარ იმას, თუ როგორ ახსენებდნენ უარყოფით კონტექსტში და გამოარჩევდნენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ინდივიდებს სხვებისგან, იქნებოდა ეს მსუბუქი იუმორის გზით, თუ უფრო მძიმე ფორმებით. ამასთან ერთად, მიმაჩნია, რომ ქართულ და არამარტო ქართულ საზოგადოებაში მეტნაკლებად გავრცელებულია წარმოდგენა იმაზე, თითქოსდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განაჩენი იყოს. აგრეთვე, ხშირად სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ ლუდომანს და ნაკლებად ითვალისწინებენ იმ გარეშე ფაქტორებს, რამაც ინდივიდი შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახადოს. კვლევების მიხედვით, ლუდომანებს იმპულსურ, უპასუხისმგებლო, ხარბ, ირაციონალურ და ისეთ ადამიანად თვლიან, რომლის ნდობაც არ შეიძლება (Hing, N, Russell, A, Nuske, E & Gainsbury, S 2015, The stigma of problem gambling: Causes, characteristics and consequences). ამგვარი ცალსახა შეფასება კი, ჩემი აზრით, გადახედვას საჭიროებს.

პროექტის ფარგლებში გამოკითხული იქნა 3 რესპოდენტი. სამიდან ორი რესპოდენტი წარსულში იყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, თუმცა დღესდღეობით ორივე მათგანს გამომუშავებული აქვს უნარი, რომ თავისი დამოკიდებულება მართოს. მესამე რესპოდენტი კი იყო ინდივიდი, რომელსაც ზემოხსენებულ ორ რესპოდენტთან აქვს ურთიერთობა. პროექტის ფარგლებში ინსტრუმენტად გამოყენებული იყო პირისპირ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუ (ინტერვიუს გეგმა იხილეთ დანართში), რომლის მიზანსაც შემდეგი წარმოადგენდა: დაედგინა, წარმოადგენს თუ არა სტიგმის საფუძველს ლუდომანია; სტიგმის არსებობის შემთხევვაში, უფრო ნათლად ეჩვენებინა, თუ რა დამოკიდებულებაა გავრცელებული ქართულ საზოგადოებაში ლუდომანებისადმი; ეჩვენებინა, თუ როგორ აღიქმება სტიგმატიზაცია თავად სტიგმატიზირებულის, ჩვენს შემთხვევაში, ყოფილი ლუდომანების პოზიციიდან. რა თქმა უნდა, სამი რესპოდენტი საკმაოდ ცოტა რაოდენობაა იმისათვის, რომ განზოგადების მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ. ამ ფაქტორს ემატება ისიც, რომ საქართველოში ძალიან მწირი ემპირიული მასალა მოიპოვება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ინდივიდებზე და, ფაქტობრივად, არ მოიპოვება მასალა იმ სტიგმაზე, რომელსაც ლუდომანებს აწერს საზოგადოება. თუმცაღა, შეგვიძლია მოვიშველიოთ კვლევა, რომლის მიხედვითაც, ლუდომანი იმდენადვეა სტიგმატიზირებული, როგორც შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე და ალკოჰოლზე დამოკიდებული ინდივიდი (Feldman, Crandall, 2007). აგრეთვე, ლუდომანი უფროა სტიგმატიზირებული, ვიდრე სიმსივნით დაავადებული ადამიანი. შესამაბისად, რთულია მყარ დასკვნებზე საუბარი, თუმცა, დებულების სახით შესაძლებელია წარმოვადგინო ის ვარაუდები, რომელიც ინტერვიუდან მიღებული მონაცემებისა და თეორიული მასალის გაანალიზების შედეგად წარმოიშვა. კერძოდ: 1. თამაშზე დამოკიდებული, ისევე, როგორც მათთან ურთიერთობაში მყოფი ინდივიდები თვლიან, რომ ლუდომანია შესაძლოა სტიგმის საფუძველი გახდეს; 2. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ინდივიდები მეტნაკლებად აღიქვამენ თავს, როგორც სტიგმატიზირებულნი; 3. ლუდომანთა ნაწილი თვლის, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განაჩენია, მისი მართვა შეუძლებელია; 4. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ინდივიდები თვლიან, რომ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებია გავრცელებული იმის შესახებაც, თუ რა ფაქტორები იწვევს ამ დამოკიდებულებას; 5. თავად ლუდომანები თვლიან, რომ საზოგადოებაში გავრცელებული იმ მახასიათებელთა უმეტესობა, რომელსაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ინდივიდებს მიაწერენ, გამართლებულია; 6. ლუდომანთა ნაწილს უგრძვნია უნდობლობა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მათი დამოკიდებულების შესახებ იცოდნენ; 7. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი რომ აღარ გაიზარდოს, საჭიროა ან ამგვარი თამაშების აკრძალვა, ან რეგულაციები, ან სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში პოტენციურ ლუდომანთა ჩართვა.


განვიხილოთ თეორიული საფუძველი, რომელიც შესაძლოა უკეთ დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რატომ შეიძლება ლუდომანია სტიგმატიზაციის საფუძველი გახდეს. დავიწყოთ დამაზუსტებელი თეორიის ფარგლებში არსებული ატრიბუციული მიდგომით, რომელიც ცნობილია, როგორც „რწმენა სამართლიან სამყაროზე“. ლერნერი (1980) ამ ატრიბუციაზე დაფუძნებულ სტრატეგიას აღწერს, როგორც რწმენას - ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. ამ რწმენის მიხედვით, თუკი მასტიგმატიზირებელი სტიგმის ობიექტად გაიხდის ლუდომანს, ეს გამართლებულიც იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუდომანმა, როგორც სტიგმის მატარებელმა, დაიმსახურა ამგვარი ბედი. ამ სტრატეგიის მიხედვით, მასტიგმატიზირებელი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ლუდომანს, რათა საკუთარი მსჯელობა და რწმენა სამართლიანი სამყაროს შესახებ გაამართლოს. სწორედ გემბლინგს ეხმიანება რაიანის (1971) მიერ გაანალიზებული მასალა, რომელშიც ის განიხილავდა იმ დახვეწილ გზებს, რომლითაც საზოგადოება სტიგმის მსხვერპლს აკისრებდა სრულ პასუხისმგებლობას. რაიანის (1971) ანალიზის მიხედვით, საზოგადოების რწმენა ამგვარია: გემბლერობა დაბალ სოციალურ ფენაში წარმოადგენს გზას, რომ ინდივიდმა თვითშეფასება აიმაღლოს. იმისათვის, რომ სტიგმა გამართლებული იყოს, საზოგადოება ლუდომანიას დაბალ ფენაში არა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ მხოლოდ ინდივიდის პასუხისმგებლობაზე ხაზგასმით ხსნის. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ, ვეინერის (1995) მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ახდენს ინდივიდი კონტროლისა და პასუხისმგებლობის ატრიბუაციას. კვლევის (Weiner, Perry, and Magnusson, 1988) მიხედვით, თუკი კონტროლისა და პასუხისმგებლობის ატრიბუცია ხდება ინდივიდზე, მეტია შანსი ის სტიგმატიზაციის მსხვერპლი გახდეს. კვლავ ლუდომანიას რომ დავუკავშიროთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ: თუკი ინდივიდი თვლის, რომ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების გაჩენა კონტროლირებადია, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ის ლუდომანისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოიჩენს. ამის საპირისპიროდ, თუკი იგივე ინდივიდი გაითვალისწინებს სხვა ფაქტორებს, რომელსაც შესაძლოა დამოკიდებულება გამოეწვია (პასუხისმგებლობასა და კონტროლს ბოლომდე ლუდომანს არ მიაწერს), უფრო მოსალოდნელია, რომ ის ემპათიით განეწყობა ლუდომანისადმი და არ მოახდენს მის სტიგმატიზირებას. ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით (Hing, N, Russell, A, Nuske, E & Gainsbury, S 2015, The stigma of problem gambling: Causes, characteristics and consequences), გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ლუდომანია სტრესული ცხოვრებისგანაა გამოწვეული - ატრიბუცია ხდება არა აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ პირზე, არამედ გარეშე ფაქტორებზე. ამ დროს ნაკლებია ლუდომანისადმი აგრესია, დისკრიმინაცია და მისი უარყოფა, რომელზეც ვეინერი (Weiner, 1986) საუბრობს.

ვფიქრობ, შესაძლებელია ლუდომანის სტიგმატიზაცია ნაწილობრივ აიხსნას ზემოდან-ქვემოთ შედარების პრინციპით. ზემოდან-ქვემოთ შედარების თეორიის (Wills, 1981) მიხედვით, მასტიგმატიზირებელი შესაძლოა იმით იმყარებდეს საკუთარ თავზე წარმოდგენას, რომ თავს ადარებდეს მასზე ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში მყოფს, ამ შემთხვევაში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ინდივიდს.

დამაზუსტებელი თეორია შეიძლება სრულიად რაციონალურ მსჯელობას ემყარებოდეს (Crandall, Britt, & Glor, 1999). ამის ილუსტრურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ინდივიდები ადასტურებენ, რომ საზოგადოებაში გავრცელებული მახასიათებლები, რომელსაც ლუდომანებს მიაწერენ, გამართლებულია. თუმცაღა, დამაზუსტებელი თეორიის რაციონალურობა სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ქცევაც შესაბამისი იქნება. ამგვარი დაზუსტების დროს, ინდივიდი დისკრიმინაციულ ქცევას მისაღებად და, ზოგჯერ აუცილებლადაც თვლის. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ლუდომანიასთა დაკავშირებული სტიგმა იქმნება და მყარდება შემდეგი ფაქტორებით: საზოგადოებაში იმ ინფორმაციის ნაკლებობით, რომელიც ლუდომანიასა და მის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება. აგრეთვე, მასტიგმატიზირებელი რწმენების ინტერნალიზაციით, რაც ნაკლებ ემპათიას, შფოთვასა და შიშსაც კი შეიძლება იწვევდეს (Nuske, Gainsbury, Russel, & Breen, 2015).

ვფიქრობ, საჭიროა, სახელმწიფომ იზრუნოს საზოგადოებაში ლუდომანიასთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლებაზე, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან იქნას აცილებული ის ზედაპირული შეფასება, რომელიც სტიგმის საფუძველს ქმნის. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თავად ლუდომანებიც თანხმდებიან, რომ მათდამი საზოგადოებაში გავრცელებული მახასიათებლები რეალობას შეესაბამება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები სტიგმატიზირებულნი უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ, ხალხთან თანამშრომლობით, უნდა დაგეგმოს იმგვარი ღონისძიებები, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტორებზე, რომელმაც შეიძლება ადამიანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახადოს. ამგვარი ღონისძიებები, ჩემი აზრით, მეტ ემპათიას დანერგავს საზოგადოებაში და შემცირდება სტიგმატიზაციის ხარისხი. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ერთ-ერთმა გამოკითხულმა რესპოდენტმა, როდესაც თქვა, რომ ემპათიას ვერ ხედავდა მათგან, ვისაც არ ჰქონია შეხება ლუდომანიასთან ან ლუდომანთან. საუბარი არ არის იმაზე, რომ ლუდომანისადმი უნდობლობით განწყობილი ინდივიდი ავტომატურად სტიგმატიზირებულია. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებაში შეძლებისდაგვარად უნდა აღმოიფხვრას წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოსდა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განაჩენია და ამ დამოკიდებულების მართვა - შეუძლებელი. „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ძალიან თავისუფლად შეიძლება მისი მართვა“ - აცხადებს ცენტრ „კამარას“ ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.

პროექტმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დამოკიდებულებაა და არა მავნე ჩვევა, როგორადაც მას ხშირად მოიხსენიებენ. ინტერვიუს ჩაწერისას უკეთ გავიაზრე, თუ რამხელა შინაგანი კონფლიქტი შეიძლება გამოწვიოს ლუდომანში არა მხოლოდ თამაშმა, არამედ მასზე საუბარმაც კი. აქიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ცნობიერების დონის ამაღლება, რათა ქართულ საზოგადოებაში მეტი ემპათია გაჩნდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ინდივიდთა მიმართ და საზოგადოება ლუდომანთა სოციუმში აქტიურ ინტეგრირებაზე იყოს ორიენტირებული მათი სტიგმატიზაციის ნაცვლად.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
ნიკოლოზ მარგიანი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0