x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
წარმატებულად დაბერების სტრატეგია
image

ასაკის მატებასთან ერთად თავს იჩენს სხვადასხვა სახის პრობლემა, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს ცხოვრების მშვიდ რიტმს ურღვევს, მათ ქმედითუნარიანობას ართულებს და მათში უმნიშვნელობის განცდას ბადებს. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ჩვეული პრობლემებია სასმენი ორგანოების მოდუნება, მხედველობის ორგანოს აკომოდაციის უნარის დაქვეითება, მოძრაობის გართულება თუ მეხსიერების გაუარესება, ექიმები და ფსიქოლოგები ცდილობენ, ეს პროცესები მარტივად დასაძლევი გახადონ და შეიმუშავონ სტრატეგიები, რომლითაც ხელს შეუწყობენ წარმატებულად დაბერების პროცესს.

ზემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი პრობლემებიდან, კლინიკური ფსიქოლოგები მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სწავლობენ. მათი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაზარდონ მიღებული ინფორმაციიდან სარგებელი და შეამცირონ დანაკარგი. სწორედ ამ მიზნის გასახორციელებელი სტრატეგიაა სელექციური ოპტიმიზაცია კომპენსაციით.

ხანდაზმულობა ნამდვილად არ არის განაჩენი უმოქმედოდ ყოფნის, თუმცა ის გვიბიძგებს რაღაც დონეზე შევამციროთ ჩვენი მოქმედების არეალი და უპირატესობა იმ ქმედებებს მივანიჭოთ, რომლებშიც მაღალი თვითეფექტურობის განცდა გვექნება. სწორედ ამ ქმედებების შერჩევას გულისხმობს სელექცია.


ოპტიმიზაცია მუდმივ ვარჯიშსა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას ნიშნავს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობების დეფიციტი შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ხანდაზმულობას ისე, როგორც უმოქმედობას უკავშირდება. ამ მოსაზრების გასამტკიცებლად დაგვეხმარება ბერკლის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა, რომელშიც ხანდაზმული პროფესორების ჯგუფი ორ ჯგუფს-მათსავე ასაკისა (არ იყვნენ პროფესორები) და ახალგაზრდა კოლეგების ჯგუფს შეადარეს კოგნიტური ფუნქციონირების მიხედვით. მართალია, ახალგაზრდა კოლეგებთან შედარებით, პროფესორებს მეხსიერების გაუარესება აღენიშნებოდათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სხვა ტიპის ინტელექტუალურ ტესტებს იმავე ხარისხით ასრულებდნენ. რაც შეეხებათ, ინდივიდებს, რომლებიც პროფესორები არ იყვნენ, ინტელექტუალური ტესტების შესრულებაც გაუჭირდათ, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პროფესორების შემთხვევაში, ტესტების კარგი შედეგი განპირობებული იყო მათი ყოველდღიური გონებრივი ვარჯიშით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დანაკარგის შემცირებაა. თუ მოუსმენთ ხანდაზმულებს, მიხვდებით, რაზე ჩივიან ისინი ხშირად, მათი პრობლემა ურთიერთობების დეფიციტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროს ვხვდებით ტერმინს 'ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია', რის მიხედვითაც, ცრურწმენები და ნეგატიური დამოკიდებულებები ხანდაზმულ ადამიანებზე, მათგან განრიდების სურვილს აღძრავს. სამწუხაროდ, მოხუცებზე ცრუ წარმოდგენებს უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ-ისინი იწყენენ, უმოქმედონი ხდებიან და ხშირად ირჩევენ ისეთ ალტერნატიულ გზას, როგორიც განმარტოებაა. ისეთი ალტერნატიული გზების ძიებას, რომელიც დანაკარგს შეამცირებს კომპენსაცია ეწოდება. თუ მაგალითად, მოხუცი გულისხმიერებას ვერ იღებს გარემოსგან, რომელშიც ის იმყოფება, ის ეცდება ისეთი გარემო შეარჩიოს, რომელშიც მას გულისხმიერად მოექცევიან და მის დეფიციტს დააკომპენსირებენ.

სტრატეგიის უკეთ აღსაქმელად, შეგვიძლია მოვიყვანოთ პიანისტის, არტურ რუბინშტეინის მაგალითი, რომლელსაც ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა მან ხანდაზმულობის ასაკშიც წარმატებული პიანისტი ყოფილიყო. მან დაასახელა სამი სტრატეგია:

1) სიბერეში ნაკლებ ნაწარმოებს ასრულებდა (სელექცია)

2) ხშირად ვარჯიშობდა (ოპტიმიზაცია)

3) დაკვრისას სწრაფი მონაკვეთების წინამდებარე მონაკვეთებს შენელებულად უკრავდა, რათა სწრაფი ნაწილი იმაზე სწრაფად მოსჩვენებოდა მსმენელს, ვიდრე რეალურად იყო (კომპენსაცია).

როგორც განვიხილეთ, მართალია, ასაკის მატებას გარკვეული სახის პრობლემები თან სდევს, თუმცა ჩვენი ყოველდღიური ჩართულობა-გონებრივი თუ ფიზიკური ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების მთავარი პირობაა. ხანდაზმულებმა უნდა ისწავლონ მათთვის პრიორიტეტული საქმის შერჩევა, დრო დაუთმონ ამ სფეროში მათი უნარების გაუმჯობესების პროცესს და მიმართონ ალტერნატიულ გზებს, რათა დანაკარგის თავიდან არიდება შეძლონ.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:Rusudan Kvaratskhelia
Rusudan Kvaratskhelia
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0