x
ბავშვის სასკოლო მზაობა
სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლაში ბავშვის მომავალი წარმატებისთვის როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ-ემოციურ სფეროში. სასკოლო მზაობა კომპლექსუი ხასიათისაა. ბავშვის სასკოლო მზაობას განიხილავენ იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც ბავშვი ვითარდება. ბავშვის მომავალი წარამატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მისი მზაობა -სკოლისთვის საჭირო უნარების ფლობა, ასევე სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების მზაობა, შეუქმნას მას განვითარებისა და სწავლისთვის სათანადო პირობები.

ბავშვის სასკოლო მზაობა სხვადასხვა უნარებს გულისხმობს. აღნიშნული უნარები პირობითად დაყოფილია რამდენიმე კატეგორიად: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, სოციალური და ემოციური განვითარება, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა.

ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება: გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზრდას, ფიზიკურ შესაძლებლობებს, მსხვილ და წვრილ მოტორულ უნარებს და სხვა.

სოციალური და ემოციური განვითარება: გულისხმობს სხვებთან ურთიერთობის უნარს. ისეთ სოციალურ უნარებს, როგორიცაა რიგითობის დაცვა და თანამშრომლობა, განსხვავებულის პატივისცემა, თვითშეფასება, სხვა ადამიანთა გრძნობების გაგება და საკუთარი გრძნობების გააზრება-გამოხატვა.


სწავლისადმი მიდგომა: გულისხმობს ცნობისმოყვარეობას, ყურადღების კონცენტრაციას, შემოქმედებითობას; პრობლემების გადაჭრის უნარს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევას.

მეტყველების განვითარება: გულისხმობს ვერბალური, საკომუნიკაციო და წიგნიერების საწყისი უნარების განვითარებას; ვერბალური უნარები მოიცავს მოსმენას, ზეპირ მეტყველებასა და ლექსიკას; წიგნიერების საწყისი უნარები გულისხმობს ნაბეჭდი მასალის მიმართ ინტერესს, მოთხრობის პრინციპის აღქმასა და წერის საწყის უნარებს.

შემეცნება და ზოგადი ცოდნა: გულისხმობს შემოქმედების აღქმას და გაგებას, შემოქმედებით თვითგამოხატვას; ოჯახური, საზოგადოებრივი და კულტურული ნორმების ცოდნას, რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარებას, საგნებსა და მოვლენებს შორის მიმართების წვდომას.

მართალია, პირველ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ერთი და იმავე ასაკისაა, ბავშვთა მზაობა განსხვავებულია ინდივიდუალური გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და გენეტიკური მემკვიდრეობის გამო. კვლევები ადასტურებს, რომ სწავლის პირველ წლებში წარმატება, ხშირ შემთხვევაში, უფროს კლასებში წარმატების განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, დაწყებით კლასებში ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეების ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

რა ასაკშია ბავშვი მზად სკოლისთვის? ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხები არსებობს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში შემსვლელთა მინიმალურ ასაკზე აისახება. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობა უნდა შეფასდეს სასკოლო პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებაში. ბავშვის სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მომავალი წარმატებისათვის.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0