x
რატომ იქცევიან ბავშვები "ცუდად"?"
image


ბავშვობა-მოზარდობა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩვენი ცხოვრების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ მოზრდილს ძალიან ენატრება ეს პერიოდი, ზოგი კი - სინანულით და სევდით იხსენებს ხოლმე. ყველაფერი უკავშირდება მოგონებებსა და ინდივიდუალურ წარსულ გამოცდილებას.

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თითოეული ბავშვი რაიმეს აშავებს, ხშირად ამ დანაშაულის უკან სხვადასხვა მიზეზი და მიზანი დგას, რომელთა დანახვაც ზოგჯერ მარტივია, ზოგჯერ კი - ძალიან რთული. მოტივი შეიძლება იყოს ყურადღების მიპყრობა, ძალაუფლება, შურისძიება ან მარცხის თავიდან არიდება. დისციპლინის დარღვევა უნდა გამოვასწოროთ მიუღებელი ქცევის შეჩერებით ან მისაღების ფორმირებით. შესაბამისად, არც რაიმე უნივერსალური საშუალება არსებობს კონკრეტული ქცევის გამოსწორებისათვის.

ვიდრე გადავიდოდე იმაზე, თუ როგორ შეიძლება უშუალოდ, გამოსწორდეს თითოეული ზემოხსენებული ქცევა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის თვითპატივისცემის გაზრდა. ეს კი სამ შემთხვევაში ხდება: როდესაც ინტელექტუალურ კომპეტენტურობას გრძნობს სასწავლო პროგრამაში, კომუნიკაციურ და მისთვის მისაღებ კომპეტენტურობას აყალიბებს თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან და თავისი განსაკუთრებული წვლილი/ საქმიანობაში კომპეტენტურობა შეაქვს კლასისა და სასკოლო ცხოვრებაში. ამავდროულად, თვითპატივისცემის ფორმირების/გაზრდის შემდეგ იგი დაიწყებს მიღებული საშუალებებით იმის მიღებას, რაც მისთვის არის აუცილებელი, ანუ ზემოთ ნახსენები სამი სახის კომპეტენტურობა.


თუ „ცუდი“ ქცევის მიზეზი ყურადღების დამსახურების მოთხოვნილებაა, მოსწავლეები დემონსტრაციულობას მიმართავენ და იყენებენ ყურადღების მიპყრობისაკენ მიმართულ აქტიურ და პასიურ ქცევებს. აქტიური ქცევები მთელი კლასის გაფანტულობას იწვევს, რის გამოც, სწრაფად ვერ აღმოფხვრის შემთხვევაში, შეიძლება, მასწავებელმა კონტროლი დაკარგოს კლასზე. პასიური ქცევის დროს კი ისინი მშვიდად ახერხებენ კლასის აყოლიებას და ყველაფერს აკეთებენ ძალიან ნელა, მათი გამოსწორება კი უფრო რთულია. როგორც აღვნიშნე, ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ეტაპია ამ მხრივ, რადგან ადრე განცდილი „ფსიქოლოგიური შიმშილი“ ყურადღების მიქცევის ქცევის წარმოშობის მიზეზია და უკავშირდება ადრეულ ბავშვობას და უყურადღებობას თუნდაც მშობლებისაგან, მარტოობას და პრობლემებს სახლში. ძალაუფლების მოყვარე მოსწავლეებიც ახერხებენ მასწავლების მწყობრიდან გამოყვანას სხვადასხვა საშუალებით და აქაც შეინიშნება აქტიური/პასიური ფორმები. ამ შემთხვევაში აქტიურ ფორმას განეკუთვნება ემოციური აფეთქებები აღშფოთებისას, ხოლო პასიურს - „ჩუმი გაუგონრობა“. მოსწავლეები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ თავიანთ ქცევას, მაგ. სიზარმაცე, ცუდი სმენა და სხვა. ძალაუფლების მოყვარე ქცევასაც 2 მიზეზი აქვს: თანამედროვე სოციალური ურთიერთობები და ძალაუფლების მოყვარე ქცევის გავრცელება(„ძლიერი პიროვნების“ მოდა). ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ქცევის მოსწავლეებს ძირითადად ახასიათებთ: ლიდერული უნარები, პატივმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნება და სხვა. ისინი ზუსტად არჩევენ დროს, ადგილს და საბაბს ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლისთვის. რაც შეეხება შურისმაძიებლურ ქცევას, ასეთი მოსწავლეები ყოველთვის არიან მზად მასწავლებლის პროვოცირებისთვის, მათი ამოცნობა კი მეტყველებითაც შეგვიძლია. მათი მოტივი ძირითადად რეალური ან წარმოსახული წყენაა. არსებობს ძალადობის პირდაპირი და არაპირდაპირი ფიზიკური აქტები. პირდაპირში მოიაზრება ნამდვილი ფიზიკური ძალადობის ფორმები. შურისმაძიებლური ქცევის პასიური ფორმა - ეს არის განმარტოებულობისკენ სწრაფვა. კიდევ ერთი მიზეზი მიუღებელი ქცევების, ხშირად, მარცხის თავიდან არიდებაა, თუმცა ამის ამოცნობა მარტივი ნამდვილად არ არის. აქტიური ფორმა იშვიათად გვხვდება და მასწავლებლისათვის პრობლემას წარმოადგენს არა ის, თუ რას აკეთებს მოსწავლე, არამედ ის, თუ რას არ აკეთებს იგი. აქტიურო ფორმა გამოიხატება სრული სასოწარკვეთილების სიტუაციაში წარმოქმნილი შეტევაში, პასიურ ქცევაში მოიაზრება, მაგალითად, ქცევის გადადება.

იმისათვის, რომ მოსწავლემ არ მიმართოს ამ ჩამოთვლილ გამოვლინებებს, საჭიროა, რომ მათ თავი საჭირო ადამიანებად იგრძნონ, დაიმსახურონ სხვადასხვა სახის კომპეტენტურობა, იგრძნონ მხარდაჭერა(თუნდაც მორალური) გარშემომყოფების/მასწავლებლის მხრიდან ... შეიძლება ხაზი გაესვას მათ ცუდ ქცევას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - პიროვნებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომა, ეს ტრაგედია არაა და მისი გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. უბრალოდ ყველას გვჭირდება ისეთი ადამიანი ახლოს, რომელიც არ „მიგვატოვებს“ ამ შეცდომის გამო და გააკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგი გვქონდეს. მასწავლებელი, პირველ რიგში, ფეხზე წამოდგომაში უნდა დაეხმაროს მოსწავლეს და ესაა მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია-მოვალეობა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ მოსწავლეები ძალიან ფაქიზები არიან და თუ გვსურს, გვქონდეს მათთან ურთიერთობა, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ და თუ არ გვაქვს ჩვენი თავის იმედი, ამ შემთხვევაში არც კი უნდა ვიფიქროთ ისეთ პროფესიაზე, რომელიც მათთან ხშირ კონტაქტს და სწავლებას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ სასკოლო პერიოდში სხვადასხვა სახის გამოცდილება მნიშვნელოვმად იმოქმედებს შემდგომ ცხოვრებაზე, ამიტომ ეს ყველაფერი სერიოზულად უნდა აღვიქვათ და არ შევმატოთ მოზარდს ზედმეტი პრობლემა ან სადარდებელი. პირიქით, კარგი მასწავლებელი დაეხმარება საკუთარ მოსწავლეებს, რომ სკოლის გარეთაც არ აღმოჩნდნენ ისინი პრობლემების პირისპირ მარტო და სწორედ ამის გამო დაიმსახურებს იგი უსაზღვრო სიყვარულს პატივისცემასა და აღიარებას.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0