x
სიზმრები: ფროიდისეული და იუნგისეული თვალთახედვა
მეცნიერებამდელ პერიოდში იყო ერა რწმენებისა, სადაც სიზმართა განმარტება მის ხილულ შინაარსზე დაყრდნობით განისაზღვრებოდა როგორც ავის ან სიკეთის მომასწავებლად. სიზმრები მიიჩნეოდა ღვთიურ გამოცხადებად ან დემონურ ზმანებად. შემდეგ ეტაპზე, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს პროცესის მეცნიერული საწყისების ძიება, სამედიცინო თვალსაზრისი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც სიზმრის გამომწვევი მხოლოდ მძინარე ადამიანზე გარემოდან მოქმედი ან მასში შემთხვევით წარმოშობილი გრძნობითი და სხეულებრივი გამღიზიანებლები იყვნენ. ამასთანავე, გაჩნდა ახალი ხედვა, სადაც სიზმრები ფსიქოლოგიურ მოვლენად მოგვევლინა და აქვე დადგა მათი ძირეული შინაარსის განსაზღვრის, მისი განმარტების საკითხი.

სიზმრების შესახებ მნიშვნელოვანი ნაშრომი ფსიქოლოგიაში ეკუთნის ზიგმუნდ ფროიდს. იგი ამბობს, რომ მისი იდეის საწყისად იქცა არა ექიმთა აზრი არამედ პროფანების შეხედულება. „სიზმარი თითქოს ანაცვლებს გრძნობებითა და შინაარსით მდიდარ მსვლელობას აზრებისა, რომლებთანაც ანალიზის შედეგად მივედით. ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია პროცესი, რომლის მეშვეობით შეიქმნა სიზმარი მოცემული აზრებიდან, მაგრამ ვხედავ, რომ არასწორი იქნებოდა სიზმრის განხილვა, როგორც წმინდად სხეულებრივი ფსიქიურად უმნიშვნელო მოვლენისა, რომელიც თითქოსდა მძინარე ტვინის უჯრედთა ცალკეული ჯგუფის იზოლირებული მოქმედების წყალობით წარმოიქმნა.“- წერს ფროიდი.

მისი კვლევის მეთოდს ფსიქოანალიზი წარმოადგენდა. ფროიდი სიზმარს უპირისპირებდა ანალიზის შედეგად მიღებულ მასალას და გამოყოფდა სიზმრის ორი სახის შინაარსს: 1. სიზმრის ცხად შინაარსს და 2. სიზმრის ფარულ (ლატენტურ) შინაარსს. ამასთან დაკავშირებით იგი ორ პროცესს ასახელებს: 1. სიზმრის მუშაობა - სიზმრის ფარული შინაარსის გარდაქმნა ცხად შინაარსად და 2. შინაარსის მუშაობა - რაც გულისხმობს უკუგარდაქმნას (ფარული შინაარსის ამოტანა ცხადის საშუალებით და მისი ანალიზით).

სიზმრის ლატენტური აზრის გადაქცევა მის ცხად ვერსიად პიროვნების სრულ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ფსიქიკური მასალის გამოხატვის ერთი საშუალების მეორედ გარდაქმნის მნიშვნელოვანი მაგალითი. პირველ შემთხვევაში ეს საშუალება განმარტების გარეშეც გასაგებია, მეორე შემთხვევაში კი რთულად ან შეუძლებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ მოქმედების მიხედვით, ფროიდი სიზმრებს 3 კატეგორიად ჰყოფს:

  • სრულიად გააზრებული სიზმრები - მათი განმარტება მარტივად შესაძლებელია, ნორმალური მენტალური ცხოვრების პირობებში. უმეტესწილად ხანმოკლეა, ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას მასზე, ორიენტირებულია სასურველის მიღების ჩვენებაზე და ადვილად ინდენტიფიცირებადია სიზმრად (არ გვეშლება ფხიზელი ცნობიერების პროდუქტში). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვებს უმეტეს წილად სრულიად გააზრებული სიზმრები ესიზმრებათ.
  • აზრობრივად გასაგები, მაგრამ უცნაური სიზმრები - ამ შემთხვევაში გვაქვს აზრობრივად დაკავშირებული სიზმრები, რომელთა შინაარსს ვერ ვუკავშირებთ ჩვენს მენტალურ ცხოვრებას. სიზმარი გადმოსცემს ამბავს, რომლის მოლოდინის არანაირი საფუძველი არ გვაქვს და იწვევს კითხვებს, თუ საიდან შეიძლებოდა მოგვსვლოდა მსგავსი აზრი.
  • გაუგებარი სიზმრები - ამ სახის სიზმრები აზრს მოკლებული, უთავბოლო და უაზროა. აქვს აზრობრივად დაუკავშირებელი და გაუგებარი შინაარსი. ზრდასრულთა სიზმრების პროდუქტთა უმრავლესობა სწორედ ამგვარია.


  • პირველი კატეგორიის სიზმრები, რომლებშიც ცხადი და ფარული შინაარსი თანხვდება, სიზმრის მუშაობის გარეშე გადიან ფონს. შესაბამისად, მათი შინაარსის გაგება მარტივია. ბავშვების სიზმრებს სწორედ ასეთი ხასიათი აქვთ. მაგალითად: მცირეწლოვან გოგონას მამა ასეირნებს. გოგონა გაციებულია და დედა უკრძალავს ნაყინის ჭამას. როდესაც სანაყინეს ჩაუვლიან გოგონა სთხოვს მამას ნაყინს, თუმცა დედისგან გაფრთხილებული მამა არ მისცემს მას ნაყინის ჭამის უფლებას. იმ ღამით პატარა გოგონას ესიზმრება, როგორ ჭამს ნაყინს მამასთან ერთად. რაც ფაქტობრივად მისი უახლოესი წარსულის სურვილის შეუნიღბავი მანიფესტაციაა. ამგვარი სიზმრები ზრდასრულებში უფრო ხანმოკლეა და ძირითადად ძილის გახანგრძლივებას ემსახურება. ასეთი შეიძლება იყოს წყურვილის გრძნობის დაუფლებისას სიზმარი, სადაც წყალს ვსვამთ ან გაღვიძების წინ, შესაძლოა, დაგვესიზმროს მთელი დღის რუტინა/მიმდინარეობა. ზრდასრულთა სიზმრები უმეტესად არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ბავშვების და მათი სურვილის ასრულების უკან ხშირად ფარული აზრიც იმალება.

    სიზმრის ცხადი და ფარული შინაარსი მნიშნელოვნად უპირისპირდება მხოლოდ მეორე და უფრო მეტად მესამე კატეგორიის სიზმრებში. აქ მეტად თვალშისაცემია სიზმრის მუშაობის შედეგი. თუ კი შევადარებთ ამ სახის სიზმრებში სიზმრების სურათების და მისი ფარული აზრების რაოდენობას, რომლებიც ანალიზის მეშვეობით მოიპოვება და რომელთა კვალიც თავად სიზმარში ოდნავ შესამჩნევია, აღმოვაჩენთ, რომ სიზმრის მუშაობა საოცარი მასშტაბის შეკუმშვას ახორციელებს. რაც უფრო ღრმად ვწვდებით სიზმრის ანალიზს, ეს ფაქტი მით უფრო ნათელი ხდება.


    სიზმრის ფარული აზრები წინასწარ უნდა იყოს ვარგისი მიზნისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველ შემადგენელ ნაწილში ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი უნდა ჩანდეს. სიზმარი ერთმანეთზე ათავსებს სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებს. სწორედ ამიტომ, საერთო სურათში ცხადად ჩანს საერთო ელემენტები, ხოლო კონტრასტული თითქმის მყისიერად ქრება. თუ სიზმრის ფარულ აზრებს შორის არ არსებობს საერთო ნაწილები, სიზმარი ცდილობს თვითონ შექმნას, რათა საერთო გადმოცემა შესაძლებელი გახდეს. ამის საუკეთესო საშუალებაა ერთ-ერთი ნაწილის სიტყვიერი გამოხატულების ცვლილება, რომელიც ცვლის აზრის გამოხატვასაც. ამისთვის საჭიროა მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებსაც სიზმრის მუშაობა მოხერხებულად იყენებს. ასევე რთულად განსამარტ სიზმრებში ხშირია სურათების კომპრესია, რაც ახალ, უცნაურ ხატს წარმოშობს. ეს შესაძლოა მივიღოთ ორი ადამიანის სახის გაერთიანებით, ცხოველებისთვის მახასიათებელთა სხვადასხვაგვარად შეცვლით და სხვა. რთული სიზმრების კიდევ ერთ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ სიზმრის ხილულ შინაარსში ყველაზე მკაფიოდ წარმოჩენილი ობიექტები უმეტეს წილად ნაკლებად მნიშვნელოვან ფარულ აზრებს უკავშირდებიან, ხოლო მნიშვნელოვანი და მეტადსაყურადღებო ლატენტური აზრების ცხადი სიმბოლოები ან შორეულ და უმცირეს მინიშნებებშია ან არ არსებობს. ამ პროცესს ფროიდი ჩანაცვლებას უწოდებს. სიზმარი აერთიანებს ფარული აზრების მთელ სიმრავლეს და გარკვეულ კონსტრუქციად წარმოაჩენს. თუ სიზმარში ორი ელემენტი ერთმანეთის გვერდით იმყოფება, ეს მათ უკან მდგომი ფარული აზრების განსაკუთრებით მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ანალიზის შედეგად ფროიდმა დაადგინა, რომ ერთი ღამის სიზმრები სათავეს იდეათა ერთი და იმავე წყაროდან იღებენ. სიზმრის მუშაობა ზოგიერთ შემთხვევაში სიზმრის წარმოქმნის შემდეგ მოქმედებს.იგი ალაგებს სიზმრის შემადგენელ ელემენტებს ერთ რიგში ისე, რომ დაკავშირდნენ და ერთი სრული სიზმარი შექმნან.


    სიზმრის ანალიზს, ფროიდის მიხედვით, ადამიანი მიჰყავს იმ აზრებამდე, რომლებიც მათთვის არა მხოლოდ უცხოა, არამედ უსიამოვნოც. ამას იგი საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად აცხადებს. „ყოველი სიზმარი, რომლის ანალიზსაც მოვკიდებ ხელს, გარდაუვალად მიმიყვანს იმ უსიხარულო ფაქტებთან და კვლავ დუმილისკენ მიბიძგებს. ამ სირთულეს ვერც იმ შემთხვევაში გავექცეოდი, თუ სხვა პირის სიზმრის ანალიზს მოვკიდებდი ხელს.“ - წერდა იგი. ადამიანს გააჩნია ორი აზრთა წარმომქმნელი ინსტანცია, რომელთა შორის განთავსებულია ცენზურა. მეორე ინსტანციაში წარმოქმნილი აზრები ცნობიერში გადადის, ხოლო პირველ ინსტანციაში არაცნობიერი აზრები წარმოიქმნება, რომლებსაც გასაცნობიერებლად ცენზურის გადალახვა სჭირდებათ. ცენზურა მხოლოდ სასურველს ატარებს, დარჩენილი აზრები კი განიდევნებიან. ფროიდი მნიშვნელოვან კავშირს ამყარებს განდევნასა და სიზმრის ლატენტურ შინაარსს შორის და ასკვნის, რომ სიზმარი გაუგებარი უნდა იყოს იმისთვის, რომ აკრძალული აზრები არ გასცეს. შესაბამისად, სიზმრის დამახინჯება სიზმრის მუშაობა პროდუქტია და მიზნად ისახავს რაღაცის შენიღბვას.

    ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიზმრების ლატენტური შინაარსის ინტერპრეტაციებს პიროვნების შეცნობისათვის და ხშირ შემთხვევაში მკურნალობისთვისაც, ვინაიდან ეს იყო განდევნილი აზრების არაცნობიერიდან ცნობიერში ამოტანის უმნიშვნელოვანესი გზა. როცა გვღვიძავს, ჩვენი ფარული სურვილები დახშულია რეალობითა (ეგო) და მორალით (სუპერეგო). იდი ყველაზე მეტად სიზმრებში აქტიურდება, დამთრგუნველი ძალები სუსტდება და სიზმრებში ფრთებს შლის. ამასთანავე ხაზი უნდა გავუსვათ ცეზნურის მიერ „დაწუნებული“ აზრების ხასიათს. ფროიდი იდის მმართველ მთავარ ენერგიად ლიბიდოს ასახელებს. ლიბიდო სექსუალური სახისაა. შესაბამისად, იდის მიერ წარმოშობილი აზრები, რომლებიც სიზმრების ლატენტურ შინაარსს წარმოადგენს ფროიდის მიხედვით სექსუალური ხასიათისაა.

    ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლე კარლ იუნგი სიზმრების შესახებ მასწავლებლის მოსაზრებების ნაწილს ეთანხმება, ნაწილს კი უარყოფს. იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებში საგანთა შორის რეალური ურთიერთმიმართებები არ არსებობს და მას არარეალური ანაცვლებს. ამასთანავე, ხაზს უსვამს აზრობრივი მასალიდან სწორად გაგების შემთხვევაში სრულიად ცხადი აზრის გამოტანას. იგი, ფროიდის მსგავსად, სიზმრებს ცნობიერიდან არაცნობიერში გასახედ ფანჯარად მიიჩნევდა, თუმცა კრიტიკულად უდგებოდა მათი მხოლოდ სექსუალური დრაივიდან აღმოცენების საკითხს. იგი წინააღმდეგი იყო სიზმრების ლექსიკონის, სადაც სიმბოლოებს რაიმე ფიქსირებული, ერთმნიშვნელოვანი ახსნა ექნებოდათ. იუნგი ამტკიცებდა, რომ სიზმრები სხვადასხვა სიმბოლოების, გამოსახულებების და მეტაფორების ენაზე მეტყველებენ და აღწერენ როგორც გარეგან, ისე შინაგან სამყაროს. იგი საკუთარ ნაშრომში წერს: „ენას მრავალი ეროტიკული მეტაფორა აქვს და ისინი იმგვარ შინაარსებს მიემართება, რომლებსაც სექსუალურობასთან არაფერი აქვთ საერთო; და პირიქით: სექსუალური სიმბოლიკა არ ნიშნავს, რომ მისი ინტერესი გარდაუვალად ეროტიკული ბუნებისაა. სექსუალურობა, როგორც უმთავრესი ინსტინქტი, სხვადასხვა აფექტის მიზეზი და საფუძველია, რომელიც ენაში ღრმა კვალს ტოვებს. აფექტის იდენტიფიცირება სექსუალურობასთან დაუშვებელია იმდენად, რამდენადაც ის, შესაძლოა, რომელიმე კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარეობდეს.“ იუნგი ფროიდს არ ეთანხმებოდა აგრეთვე იმაშიც, რომ სიზმრები მხოლოდ წარსულში მომხდარი მოვლენების ანარეკლს წარმოადგენდა, მისგან განსხვავებით ფიქრობდა, რომ მათ მომავლის წინასწარმეტყველებაც შეეძლოთ და უდიდესი შემოქმედებითი წყაროც იყვნენ. იუნგი აკრიტიკებდა ფროიდს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კონკრეტული პიროვნების სიზმრის მხოლოდ ობიექტურ და გარეგან ასპექტებს აქცევდა ყურადღებას და არ ითვალისწინებდა სუბიექტურ კონტენტს. ყველაზე დიდი განსხვავებაც საბოლოოდ ეს აღმოჩნდა: იუნგის თეორიის მიხედვით სიზმრებში ასახულია როგორც პერსონალური, აგრეთვე კოლექტიური არაცნობიერიც.

    0
    22
    შეფასება არ არის
    ავტორი:გვანცა ნოზაძე.
    გვანცა ნოზაძე.
    22
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0