x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაკანონებული პედოფილია - ჰელმუტ კენტლერის ბერლინური ექსპერიმენტი
1969 წელს დასავლეთ გერმანიაში მრავალწლიანი ექპერიმენტი დაიწყო. მისი ავტორი, პედაგოგი და ფსიქოლოგი ჰელმუტ კენტლერი თვლიდა, რომ სქესობრივი კავშირი ბავშვებსა და მის მეურვეებს შორის სრულიად ნორმალური იყო.


მისი ინიციატივით, ათეულობით უპატრონო ბავშვი იმ პირებს გადასცეს აღსაზრდელად, რომელთაც არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირი იტაცებდათ.

imageმე-20 საუკუნის 60-იან წლებში სექსუალური რევოლუცია მოხდა. ხელისუფლებამ თავისი ლოიალობით ისე შორს შეტოპა, რომ პედოფილიის დეკრიმინალიზაციაზეც კი დაიწყეს საუბარი.

imageჰელმუტ კენტლერი


მწვანეთა პარტია და თავისუფალ დემოკრატთა პარტია იმ მუხლის გაუქმებასაც ითხოვდა, რომლითაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ისჯებოდა.


პედოფილიის ლეგალიზების ერთ-ერთი მხურვალე მხარდამჭერი სოციალური პედაგოგიკის პროფესორი ჰელმუტ კენტლერი გახლდათ. ის ავტორიტეტულ სპეციალისტად ითვლებოდა. გამოცემული ჰქონდა რამდენიმე წიგნი და სატელევიზიო თუ რადიოსტუდიების სასურველი სტუმარიც იყო.


ის 20 წელი ასწავლიდა ჰანოვერის უნივერსიტეტში და ბერლინის პედაგოგიკური ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იყო, რომელიც სოციალურ და მიუსაფარ ბავშვთა საკითხებსაც განიხილავდა.


დღეს ჰელმუტ კენტლერი გისოსებს მიღმა იქნებოდა, მაგრამ იმ დროს ის თავის სტიქიაში იყო და მოზარდების მიმართ სიყვარულს და ლტოლვას ღიად ქადაგებდა.


მისი აზრით, თუ პედოფილიას თან არ ახლავს ძალადობრივი ქმედება, ის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და დანაშაულს არ წარმოადგენს, და მით უმეტეს-სექსუალური გადახრა არაა. პროფესორი დარწმუნებული იყო, რომ პედოფილები ემოციურად არიან ბავშვებზე მიჯაჭვულები და ამის გამო მათ მიმართ ყურადღებიანები და კეთილები არიან.


კენტლერს ხშირად იწვევდნენ სასამართლოში, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს პედოფილიის საქმეებზე და ისიც იმით ამაყობდა, რომ 30 შემთხვევიდან არც ერთი არ დამთავრდა გამამტყუნებელი განაჩენით.


თავად კენტლერი არ მალავდა თავის ჰომოსექსუალობას და პედოფილობას. ის რამდენიმე ნაშვილებ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც მის ჰარემს წარმოადგენდნენ.


1969 წელს, როცა სექსუალურმა რევოლუციამ პიკს მიაღწია, კენტლერის ვარსკვლავურმა საათმაც ჩამოჰკრა: ბერლინის ხელისუფლების ნებართვით, მან თავისი საშინელი ექსპერიმეტის განხორციელება დაიწყო.

imageპროექტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მიუსაფარი ბავშვები აღსაზრდელად გადაეცათ მამაკაცებისთვის, რომლებიც არასრულწლოვანებთან ამორალური ქმედების გამო ნასამართლევი იყვნენ.


დღეს ამ სამარცხვინო ფაქტზე ბევრს არ საუბრობენ, ამიტომ გაშვილებული ბავშვების ზუსტი რიცხვი უცნობია.


მეურვეები ბერლინის ხელისუფლებისგან სპეციალურ შემწეობასაც იღებდნენ. ჰელმუტ კენტლერი თავის სამეციერო ნაშრომში წერდა, რომ გაშვილებული ბიჭების ასაკი 13-დან 17 წლამდე მერყეობდა. მათ არ ჰყავდათ მშობლები, არ გააჩნდათ მუდმივი საცხოვრებელი, არ იღებდნენ განათლებას და ზოგი მათგანი ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ან გონებრივად ჩამორჩენილი იყო.


ის პირადად კურირებდა ამ “ოჯახებს" და არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ მეურვეებს თავის შვილობილებთან სქესობრივი კავშირიც ჰქონდათ. პროფესორი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა და მხოლოდ იმას აქცევდა ყურადღებას, რომ ინტიმური კავშირი ძალდატანებით არ მომხდარიყო.

imageთავისი ექსპერიმენტის საბოლოო შედეგები პროფესორმა 80-იანი წლების ბოლოს გამოაქვეყნა. ექსპერიმენტს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ნაშვილებმა ბავშვებმა ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს და საზოგადოების წარმატებული წევრები გახდნენ. ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ არც ერთი აღსაზრდელი ჰომოსექსუალი არ გახდა და წერდა;


“ჩემთვის ნათელია, რომ ამ მამაკაცებმა ძალიან ბევრი გააკეთეს “თავისი ბიჭებისთვის", პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ."


დღეს ეს ამაზრზენი დასკვნა ბერლინის ჰომოსექსუალობის მუზეუმში ინახება და მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ექსპონატს წარმოადგენს.


რაც შეეხება ფართო მასებს, ამ ექსპერიმენტის შესახებ მხოლოდ 2015 წელს გახდა ცნობილი, როცა კენტლერი უკვე 7 წლის გარდაცვლილი იყო. ის მხოლოდ მორალურად როდია დამნაშავე, 1994 წლამდე გერმანიაში მოქმედებდა კანონი, რომლითაც 18 წლამდე პირებთან ჰომოსექსუალური ურთიერთობა აკრძალული იყო.

image2016 წელს გეტინგენის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელმა ტერეზა ნენტვიგმა ბერლინის სენატის თხოვნით ექსპერიმენტი გააანალიზა და დასკვნებიც წარმოადგინა. როგორც აღმოჩნდა, მშვილებელ ოჯახებში სქესობრივი კავშირების შესახებ არა მარტო პროფესორმა, არამედ მაშინდელმა სენატმაც და სოციალურმა სამსახურმაც იცოდა.


2016 წელს აღსაზრდელად გადაცემული ბიჭების უმრავლესობას უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა და წარსულის გახსენება არ სურდათ. ქალაქის ხელისუფლებები კი ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ამ ამაზრზენი ექპერიმენტის დეტალები არ გახმაურებულიყო.


თუმცა, ტერეზამ მაინც მოახერხა ორ ადამიანთან კავშირზე გასვლა, რომელთაც წარსული გაიხსენეს. მარკო და სვენი 1989 წელს ფრიც ჰ.-მ იშვილა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ისინი დიდ ბინაში ცხოვრობდნენ და თავისი კომპიუტერიც კი ჰქონდათ.

imageმალე ყველაფერი შეიცვალა. მეურვე მათ სცემდა და აუპატიურებდა. მათმა თავგადასავალმა კენტლერის ოპტიმისტური მოხსენება სრულად გააქარწყლა. ამ ბიჭებს არც კარგი განათლება მიუღიათ, არც მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობდნენ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი პრობლემა ჰქონდათ.


2017 წელს მათ ინტერვიუ Der Spiegel-ს მისცეს და მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო ამ საშინელი ექსპერიმენტის შესახებ.



0
661
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0