x
რა იწვევს მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევას და როგორაა შესაძლებელი მისი თავიდან აცილება
image


ეფექტიანი სწავლების სტრატეგიების გამოყენება ხელს უწყობს გაკვეთილის სასურველი ფორმით წარმართვასა და უდისციპლინო ქცევის თავიდან აცილებას. წარმატებულ მასწავლებელს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ სასწავლო მასალის გადაცემა, მოსწავლეებთან კომუნიკაცია და მათი მოტივირება, არამედ კლასში დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება. თუმცა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევების გარეშე სასწავლო პროცესის წარმართვა, კლასის საუკეთესოდ მართვის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია. შესაბამისად, მოსწავლეთა უდისციპლინობის საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.


დისციპლინის დარღვევის მიზეზი, შესაძლოა, მრავალი ფაქტორი გახდეს. ეს შესაძლოა იყოს, როგორც კლასის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებული ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე. კლასში უდისციპლინობას, შესაძლოა, სახლში არსებულმა ვითარებამაც შეუწყოს ხელი, მაგალითად, მშობლების განქორწინებამ, ან თუნდაც მშობლების მხრიდან ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობამ. ამგვარ შემთხვევაში სკოლამ უნდა უზრუნველყოს მეგობრული და თბილი გარემოს შექმნა. უდისციპლინობის მიზეზი შეიძლება გახდეს სკოლასა და ოჯახში დამკვიდრებულ ღირებულებათა შორის განსხვავება. შესაძლოა, ზოგიერთი მშობელი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდეს იმას, თუ როგორ სწავლობს ბავშვი სკოლაში, ან ზოგადად უარყოფითად იყოს სკოლის თუ რომელიმე მასწავლებლის მიმართ განწყობილი, რაც ბავშვზეც აისახება.

გარკვეულ ასაკში მოსწავლეები განსხვავებული აზრის გამოხატვით ცდილობენ გარშემომყოფთა ყურადღების მიქცევას . თუ მოსწავლეები გაკვეთილს უმნიშვნელოდ და უინტერესოდ მიიჩნევენ, ისინი, ჩვეულებრივ, არ ერიდებიან დისციპლინის დარღვევას.


ცნობილია, რომ მოსწავლეთა ყოფაქცევასა და მათ აკადემიურ მოსწრებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ხშირად დაბალი მოსწრება სკოლაზე გულის აცრუებას იწვევს და მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის მიზეზი ხდება . დისციპლინის დარღვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, მასწავლებელმა მუშაობა წარმართოს ისეთი სასწავლო პროგრამით, რომელსაც მოსწავლეები თავს გაართმევენ და წარმატების განცდა დაეუფლებათ.


მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიითა და სწავლების მეთოდებით მუდმივად უნდა ცდილობდეს კლასში ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს დისციპლინის დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას, თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთულია.

ბევრი ახალბედა მასწავლებელი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად აუცილებელია კლასში დისციპლინის დამყარება და მხოლოდ შემდეგ არის საჭირო სწავლებისა და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, თუმცა არსებობს საპირისპირო თვალსაზრისიც .

ხშირად უდისციპლინო ქცევას სწავლების უინტერესო პროცესი და ისეთი სასწავლო პროგრამა იწვევს, რომელიც მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უკარგავს და მის შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის პროცესის ადეკვატურობაზე ყურადღების გამახვილება შესაძლებელია, ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს მოსწავლეთა დისციპლინის პრობლემების მოსაგვარებლად.

მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს, ისეთი სასწავლო გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს .

დისციპლინის დარღვევის თავიდან ასაცილებლად სასურველია, სასწავლო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რთული ან ნაკლებად პოპულარული საგნების სასწავლო გეგმიდან ამოღებას . პირიქით, სასწავლო გეგმის ძალიან გამარტივებამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს მოსწავლეთა მომავალ წარმატებებს.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0