x
რა უპირატესობა აქვს ჯგუფურ მუშაობას , როგორ შეიძლება გადავანაწილოთ მოსწავლეები ჯგუფებში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები იჩენს თავს ამ სტრატეგიის გამოყენებისას ?
image


მცირე ჯგუფებში მუშაობის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია გაკვეთილზე როგორც განვლილი მასალის გამეორებისა და განმტკიცების თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული მუშაობისას. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა კლასში ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენებას.

ზოგიერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიიჩნევს, რომ მთელი გაკვეთილის ამ პროცესის გარშემო აგება სწავლების ძალიან ეფექტური სტრატეგიაა, თუმცა, მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მასწავლებელმა ჯგუფური მუშაობის მეთოდი გაკვეთილის მიზნებს შეუსაბამოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს ჯგუფური მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.




ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეები

ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით, ჯგუფურ მუშაობას რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს . პირველ რიგში, ჯგუფური მუშაობა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას . ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული დავალების გადაჭრა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რაც ცალკეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, მთელ ჯგუფს ერთად გაცილებით მეტი რესურსი აქვს დავალების შესასრულებლად, ვიდრე ჯგუფის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე.

ამას გარდა, ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს თანაგრძნობის უნარსაც უვითარებს. ის სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას, აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა ეფექტურად მიმდინარეობდეს, საჭიროა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისი წინაპირობების შექმნა და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება.


რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში?

ეს ის საკითხია, რომელსაც ცალსახა პასუხი არ გააჩნია, რადგან ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა დამოკიდებულია კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე, სივრცის, მერხების განლაგების შესაძლებლობასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა, უმჯობესია, ერთ ჯგუფში ხუთიდან შვიდ მოსწავლემდე იყოს და არა შვიდზე მეტი, რადგან უფრო დიდ ჯგუფებში მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მოსწავლე პასიურად იჯდეს და მასწავლებელმა ვერ შეამჩნიოს, ხოლო უფრო პატარა ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ნაკლები იყოს.

აგრეთვე, კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლობითი მუშაობისას სასურველია თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად - ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეები. ასეთი ჯგუფები უფრო ეფექტურია და წარმატებული

ჯგუფური მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. ვინაიდან, ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.



ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური მუშაობა სწავლების პროცესში ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, მას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს .

ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე სწორედ მისი თანამშრომლობითი ხასიათია . ვინაიდან, ამგვარი ტიპის მუშაობა ნაკლებად უწყობს ხელს დამოუკიდებლად სწავლას.

ამას გარდა, ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რომლის მოსაზრება მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფის სხვა წევრებისათვის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ჯგუფის ლიდერზე ზედმეტი დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება.

ასევე ჯგუფური მუშაობისას, შესაძლოა, მოსწავლემ განზრახ არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესში და სხვების მიერ შესრულებული საქმით გავიდეს ფონს. ამდენად, ჯგუფური მუშაობისას რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.

ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია. ამის გამო, შეიძლება, მასწავლებლისათვის რთული აღმოჩნდეს ამ პროცესის მართვა. თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობა ითვალისწინებს სპეციალურ მომზადებას. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები, ასევე მზად ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელს შეუწყობს ჯგუფში კონსტრუქციულ ურთიერთობებს.


მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გააკონტროლონ ჯგუფური მუშაობისას წარმოქმნილი უარყოფითი მხარეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თავიდან აიცილოს და არ დაუშვას შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ შეაქვს წვლილი ჯგუფურ მუშაობაში. ასეთ შემთხვევაში ეფექტური გამოსავალია, მასწავლებელმა საქმე თითოეულ მოსწავლეს გაუნაწილოს, და, შესაბამისად, შეაფასოს როგორც ცალკეული მოსწავლე, ასევე მთელი ჯგუფი. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ჯგუფური მიზნების მიღწევას და თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობასაც გაზრდის.


იმისათვის, რომ მცირე ჯგუფში მუშაობა ეფექტური იყოს, საჭიროა, მოსწავლეებისათვის მიცემული დავალებები მასწავლებელმა სწორად და ნათლად ჩამოაყალიბოს . მუშაობის დაწყებამდე საჭიროა, დავალების მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა, რომ მოსწავლეებს არ ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ. ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ სასურველია, განმარტოს მის მიერ შეტანილი წვლილი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამუშაოს მიმართ პასიური დამოკიდებულება.

აგრეთვე, ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მთელ კლასს გააცნობს მუშაობის შედეგებს და მთელ პროცესს შეაფასებს. ასევე მოისმენს მოსწავლეთა შეფასებებს ჯგუფური მუშაობის მეთოდზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.




0
323
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0