x
ცოცხალი მიცვალებულები
არსებობენ ადამიანები...

ადამიანის არსებობა ყოველთვის კითხვას ბადებდა და ეჭვს უჩენდა რიტორიკოსებსა და ფილოსოფოსებს. ზოგის აზრით, ადამიანი რაღაც კონკრეტული მიზნისთვის იბადება, ზოგი თვლის, რომ მხოლოდ ერთხელ ვართ მოვლენილნი ამქვეყნად და ჩვენი თავი უნდა ამოვწუროთ მაქსიმალურად.

ადამიანის გამოჩენა და წასვლა ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარი მოვლენაა. ზოგიერთი ადვილად დასავიწყებელი, ზოგიერთი უფრო დრამატული და მტკივნეული. ნებისმიერი ფინალის შემდეგ ჩვენ ვიცვლებით, ვსწავლობთ, ვიზრდებით, ვპატიობთ, ხან შეიძლება ვერც...

ისინი პირველი გაღიმების, გამოხედვის, გამოლაპარაკებისთანავე იწყებენ საკუთარი სასაფლაოსთვის ადგილის თხრას შენს გულში. მათ შეუძლიათ დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი, მათი ფესვები ღრმად გაგვიჯდეს გონებასა და სულში, მაგრამ ამავდროულად პატარა შეცდომაც კი მისი პიროვნების ნგრევას იწვევს შენს თვალში. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, თუნდაც უკვე მრავალი წლის წინ წარსულს ჩაბარებული პერსონა გავლენას მაინც ახდენს, ზუსტად იმ პირველჩანერგილი ფესვების წყალობით, რომლებიც სადღაც, გულის მიყრუებულ კუთხეში ჯერ ისევ საზრდოობს მოგონებებითა და იმ წუთებით, როდესაც ერთად ბედნიერები იყავით.



- შენი წარსულის შესახებ კიდევ რამე მომიყევი -ინტერესიანი მზერა მომაპყრო კვლავ მარიამ.

- ჩემი ისტორია საკმაოდ გრძელია...

- მაგრამ მე მაინტერესებს - არ ნებდებოდა, არადა საბანში გახვეულს თვალები ეხუჭებოდა.

- ხვალ მოგიყვები, გაღვიძებისას. მხოლოდ ერთს გეტყვი: ვინც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ყველას რაღაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ყველამ თავისი კვალი დამიტოვა, ყველამ პატარა გულის ტკივილი. უბრალოდ გახსოვდეს, ნებისმიერი ჩვენგანი ვიღაცის ცხოვრებაში უარყოფითი პერსონაჟია, ბოროტია, რადგან წმინდანი არავინაა და შესაბამისად, ჩვენც იმ "ვიღაცის" წინაშე დამნაშავეები ვართ. შეიძლება არაფერი გვითქვამს მათთვის ცუდი, არც არაფერი გაგვიკეთებია ასეთი, თუმცა, ხანდახან, ერთი გამოხედვაც კი საკმარისია, რომ აზროვნება შეგეცვალოს, რადგან შეიძლება ზუსტად იმ ერთ გამოხედვაში ამოიკითხო კეთილი და ბოროტი ფიქრები.

- რამდენი წასულა შენი ცხოვრებიდან ახსნის ან მიზეზის გარეშე?

- ბევრი. ეს წლების გასვლასთან ერთად ჩვეული ვითარება გახდა. უცებ გამოჩნდებიან, შენც შეისისხლხორცებ, შეიყვარებ, შეიგუებ, და მერე უცებ, ყოველ მიზეზგარეშე ქრებიან.

- არასდროს გაგჩენია სურვილი, რომ მიგეწერა, თავიდან დაგეწყოთ ურთიერთობა ან რამე გზა გამოგენახა მათ დასაბრუნებლად?

- რა თქმა უნდა. მაგრამ ვინც წასასვლელია უნდა წავიდეს, ხომ გესმის?

- არა. ჩემი აზრით, ბოლომდე უნდა იბრძოლო ძვირფასი ადამიანისთვის.

მარიამ ბოლო სიტყვები თითქოს ძალით თქვა და მაშინვე მიეძინა, მე კი მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ვფიქრობდი მათზე ვინც გავუშვი და არ უნდა გამეშვა, ვინც იმსახურებდა ჩემს ბრძოლას ერთად გამოვლილი უთვალავი წუთის და საერთო მომავლის დასაწერად.

ზოგი მათგანი მართლაც უსამართლოდ დავასაფლავე ჩემთვის. იმედი მათი გაცოცხლებისა კი იმდენად მცირეა, მხოლოდ სასწაულს თუ დაველოდები.

მე რომ გამოვხატო ისევ ინტერესი, მე რომ მივიდე, თავი გავახსენო, ერთად გასვლა შევთავაზო, იქნებ ისევ შევძლო ფერფლად ქცეული წლების აღდგენა...

მაგრამ მეშინია.

ეს არის სიმართლე.

მეშინია უარყოფის, კარების ცხვირწინ მოხურვის, ისევ მარტო დარჩენის სიცარიელეში.


ფაქტი ერთია: ყველას გვაქვს გულში პატარა სასაფლაო ცოცხალი ადამიანებისთვის, მათთვის ვინც გავუშვით ჩვენი ცხოვრებიდან და ზუსტად ვიცით, არასდროს აღარ გადმოაბიჯებენ ჩვენი სახლის ზღურბლზე.

ეს ყველაზე ცუდი სიკვდილია სიკვდილთა შორის და ყველაზე ცუდი არსებობის ფორმა სხვა ფორმათა შორის - ცოცხალი მიცვალებულები.

image


0
299
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0