x
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი


ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა. იგი გამოიმუშავებს ორ ძირითად ჰორმონს : თიროქსინს(T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში განლაგებული ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). TSH ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ წარმოქმნას თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3).

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება. ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე ხშირი დაავადებაა. იგი დიაგნოსტირდება სისხლში TSH დონის მომატებით, FT4 - შემცირებულია ან ზოგ შემთხვევაში ნორმაც შეიძლება იყოს.


ჰიპოთირეოზი 95% შემთხვევაში ვითარდება უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამო და მას პირველადი ჰიპოთირეოზი ეწოდება. იოდის დეფიციტი წარმოადგენს ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირ მიზეზს. თუმცა იოდის გადაჭარბებულად დიდმა დოზებმაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე პრობლემა. გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლია დაარღვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზის მიზეზი ხშირად აუტოიმუნური თირეოდიტია, როდესაც საკუთარი იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს და ახდენს მისი ფუნქციის დათრგუნვას ასევე ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა და რადიოიოდთერაპია, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ იწვევს ჰიპოთირეოდულ მდგომარეობას . ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უფრო ხშირია ქალებში და მათი სიხშირე იზრდება ასაკთან ერთდ.


  • როგორ გამოვიცნოთ ჰიპოთირეოზი?
ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები მეტად მრავალფეროვანი და არასპეციფიკურია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგივე ნიშნები შეიძლება მდგომარეობის დროსაც შეგვხვდეს და არ მიუთითებს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე. ზოგიერთ პაციენტში ჰიპოთირეოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთში კი სიმპტომები და ნიშნები მეტად გამოხატულია . იშვიათად, რომ ჰიპოთირეოზს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები ახლდეს თან.

  • ზოგადი სიმპტომები - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, შესაბამისად სიმპტომების უჯმეტესობა მეტაბოლიზმის შენელებასთნ არის დაკავშირებული. ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, უღონობა, ძილიანობა, წონაში მომატება, სიცივის აუტანლობა.
  • კანი- ჰიპოთირეოზი ამცირებს ოფლის გამოყოფას. კანი შეიძლება იყოს მშრალი და გასქელებული. თვალები - ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების უპეების შეშუპება, რასაც პერიორბიტალური შეშუპება ეწოდება.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა- ჰიპოთირეოზი ამცირებს გულისცემასა და გულის შეკუმშვის უნარიანობას, ამდენად ამცირებს მის ფუნქციას. ამასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს. ეს სიმპტომები შეიძლება მეტად გამოხატული იყოს ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გულის დაავადება. ასევე ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება. მას ახასიათებს უპირატესად დიასტოლური, ე.წ ქვედა წნევის მომატება და ასევე ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში.
  • სასუნთქი სისტემა- ჰიპოთირეოზი ასუსტებს სასუნთქ კუნთებს და ამცირებს ფილტვების ფუნქციას . შესაბამისად სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს და ფიზიკური აქტივობის აუტანლობა . ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ენის შეშუპება, ხმის დაბოხე-ბა და ღამის ძილის აპნოე. ძილის აპნოე, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სასუნთქი გზების გარდამავალი დახშობა, რაც ძილის დროს გარკვეული პერიოდულობით სუნთქვის გაჩერებას იწვევს. ძილის აპნოე არის არასრულფასოვანი ძილის, დღის მანძილზე ძილიანობის მიზეზი და მრავალი მეტაბოლური დარღვევების რისკ ფაქტორი.
  • კუჭ-ნაწლავის სისტემა- ჰიპოთირეოზი ანელებს მომნელებელი სისტემის მუშაობას, იწვევს შეკრულობას
  • რეპროდუქციული სისტემა -ქალებს ჰიპოთირეოზით ხშირად აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი: მენსტრუალური ციკლის არ არსებობიდან დაწყებული ხშირი და ძლიერი სისხლდენებით დამთავრებული. მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. ჰიპოთირეოზის მქონე ორსულ ქალებს გაზრდილი აქვთ სპონტანური აბორტის რისკი ორსულობის ადრეულ ვადაზე. ჰიპოთირეოზის დროული მკურნალობა ამცირებს ამ რისკებს.
  • ნერვული სისტემა- ჰიპოთირეოზი იწვევს ნევრული სისტემის მუშაობის შენელებას .პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გუნება-განწყობის დაქვეითება, აპათიურობა, დეპრესიულობა, ძილიანობა. ასევე შესაძლოა დაქვეითდეს გონებრივი შრომისუნარიანობა, რაც გამოიხატება დასწავლის უნარების დაქვეითებით, მეხსიერების პრობლემებითა და სიზარმაცით.
  • მიქსედური კომა- პაციენტებში მძიმე ჰიპოთირეოზმა, ტრავმამ, ინფექციამ, სიცივესთან ხანგრძლივმა კონტაქტმა და გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რაცას მიქსემური კომა ეწოდება, იგი ხასიათდება გონების კარგვითა და ტემპერატურის დაქვეითებით, რასაც ჰიპოთერმია ეწოდება.
  • ჰიპოთირეოზი სიმპტომების გარეშე- ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოთირეოზი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ( ეწოდება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი). სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობის საკითხი აზრთა სხვადასვაობას იწვევს და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა ექიმებს შორის არ არსებობს, თუმცა ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობა უნდა დაიწყოს, როდესაც TSH>10 მკსე/მლ-ზე, რათა მოხდეს მანიფესტირებული ჰიპოთირეოზისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების პრევენცია. მკურნალობა ასევე რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც აქვს ჩიყვი ან ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი არასპეციფიკური ჩივილები, მაგ : როგორიცაა : დაღლილობა, შეკრულობა, დეპრესია.
0
142
შეფასება არ არის
ავტორი:გულთაზი ცანავა
გულთაზი ცანავა
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0