x
იმედი, რომ ადამიანი ყოფილიყო
ყველა უბედურებას თავისი ბედნიერება ახლავს...

მე მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეში მთელი ცხოვრება.

29 აგვისტოს ფრენა იყო დანიშნული.

ჩემოდანი ჩალაგებული მქონდა, საბუთები მზად და რადგან კიდევ იყო დრო დარჩენილი, გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად გამეტარებინა.


საღამოს 9 საათზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ვიყავით, "სიმართლე თუ მოქმედებას" ვთამაშობდით. თითქმის ყველაფერი იდეალურად იყო. თითქოს, სახლში გამოძინების შემდეგ, ისევ შემეძლებოდა მათთან დაბრუნება და "ვალსის ცეკვა ვარსკვლავებთან".

ღამის 1 საათზე აეროპორტში ვიყავი.

ესკალატორზე ასვლამდე მამამ მაგრად ჩამიკრა გულში და ყურში ჩამჩურჩულა:"ნუ შეგეშინდება, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის გექნება"...

მაშინ ვერ გავაცნობიერე ეს სიტყვები. ვაკოცე და რეგისტრაციის გასავლელად გავეშურე.

დაახლოებით, 8 საათის შემდეგ იტალიაში ვიყავი.

გავიღვიძე იქ, სადაც რეალურად არ მყავდა არცერთი მეგობარი, არცერთი ნათესავი, საერთოდ არავინ. ყველაფერი რაც მე მჭირდებოდა წინა დღით დავტოვე საქართველოში...

ყველას თავისი "იმედის ადამიანი" ჰყავს, რომელსაც სამყარო მაშინ გვიგზავნის, როდესაც საკუთარ თავში ვეარარ ვპოულობთ იმდენად ძლიერი იმედის ნაპერწკალს, რომ ცხოვრების მტკივნეული დარტყმებისგან თავის დაღწევაში დაგვეხმაროს...

ალბათ, ყველას გვყავს ადამიანი, რომელიც იმედს გვაძლევს. ადამიანი, რომელშიც ვხედავთ შანსს, ვიყოთ ბედნიერები და თუნდაც ცოტა ხნით თავი ისევ სახლში ვიგრძნოთ.

უნივერსიტეტის პირველ დღეს, როდესაც თავს ყველაზე უცხოდ ვგრძნობდი, ერთ გოგოს მოვკარი თვალი. რადგან დასაკარგი მაინც არაფერი მქონდა, მივუახლოვდი და, ჩემდა გასაკვირად, ქართულად საუბრობდა. ცოტა ხანი შოკში ვიყავი, ვიფიქრე - მომესმათქო, ამიტომ, უფრო ყურადღებით დავუგდე ყური.

დღეს ამ გოგოს დაბადების დღეა.

ის ჩემი კურსელია და თავი იმაზე იღბლიანად არასდროს ჩამითვლია, ვიდრე მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ჩვენ ერთად ვისწავლიდით და მარტო არ მომიწევდა ახალ გარემოსთან გამკლავება.

ის იმედის სხივივით გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. სულ ცოტა ხანია ვიცნობ და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ დროსაც ვერ ვატარებთ ერთად, თუმცა, ძალიან შემაყვარა თავი...

...ჩანაწერი შენთვის...

ახლა, ერთი წლით დიდი ხარ ჩემზე, მაგრამ, მაინც, ჩემს პაწაწუნას დაგიძახებ ხვალაც, ზეგაც და მას მერეც, რადგან შენ ჩემი პატარა საყრდენი ხარ, მიზეზი, რომ ვიყო იქ, სადაიდანაც დიდი ხნის წინ წავიდოდი იმ შემთხვევაში, შენ რომ არ ყოფილიყავი...

ერთი თვის წინ ვგეგმავდით როგორ გაგვეტარებინა დაბადების დღეები. დღეს ორივე კარანტინის გამო, სახლებში ვართ გამოკეტილნი და არავინ იცის, როდის დაწყნარდება ეს სიტუაცია.

გისურვებ ცხოვრებამ მოგცეს ყველა შესაძლებლობას გახდე ისეთი, როგორიც შენი ბავშვობის ღამის ოცნებებში წარმოიდგენდი ხოლმე...

იმედი, რომ ადამიანი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის შენ იქნებოდი...

image

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0