საქართველო "იმ ღამეს თბილისში თოვდა... ბუნება და ისტორია ერთმანეთს დაუპირისპირდა" - 1921 წლის 25 თებერვლის კოშმარად ქცეული ღამე 2020, 25 თებერვალი, 0:56 ავტორი: იოანე მახარაძე
99 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დიდი ხნის გადატანილი ჰქონდა დიდგორი, ბასიანი, მარტყოფი, მარაბდა, კრწანისი. რა თქმა უნდა, ბევრი წევრი ჰყავდა სიას, რომელიც საქართველოს გმირებს ითვლის, ამ სიაში ირიცხებოდნენ: შუშანიკი, აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ბრწყინვალე და სხვები. თუმცა, სახელმწიფო მაშინ არის დიადი, როდესაც მისი გმირთა სია ყოველდღიურად იზრდება, სწორედ ასეთი ქვეყანაა საქართველო, 1921 წლის თებერვლის თვის განმავლობაში ამ სიას არაერთი ადამიანი დაემატა, მათ შორის მარო მაყაშვილი, რომელმაც მამას მისწერა, რომ კარგად იყო, არაფერი უჭირდა და რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა, თავის მეგობრებთან ერთად, იმ ბოროტებაზე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა, თუმცა ამ იმედის ნაპერწკალის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მამას მოუწია დაეწერა სიტყვები: "სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი" მარო გარდაიცვალა, შეეწირა სისასტიკეს, თუმცა მოკვდა ამაყად, სამშობლოს სადარაჯოზე და გაიზიარა ის დამკვიდრებული აზრი, რომელიც ძალიან გამყარდა მაროს სიკვდილამდე 14 წლით ადრე, წიწამურთან და რომლის მიხედვითაც "სიკდილი არის ქვეყნის სიყვარულის ბოლო". მოკვდა მარო და კიდევ ერთი დიდი სახელი შეემატა ისტორიას. მართალია, საქართველოს უწევდა ებრძოლა იმ გიგანტის წინააღმდეგ, რომელსაც ინტერვენციის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა ჩვენი ქვეყანა მაინც არ ნებდებოდა და 20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს. 23 თებერვლიდან, ქვეყანა გადავიდა დედაქალაქისა და მისი შემოგარენის დაცვაზე, რაზეც იხარჯებოდა სრული რესურსი, 24 თებერვალს წითელი არმია მასობრივ შეტევებს იწყებს დედაქალაქის მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ უკან დახევისა და უშუალოდ დედაქალაქზე კონცენტრირების გადაწყვეტილება მიიღო, თბილისმა რამდენიმე საათით გაუძლო მონსტრს, "დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა", იუნკრები, ალბათ, ზოგი უსახელო გმირი, უყოყმანოდ სწირავდნენ თავს თბილისისა და "ერთა ლიგის" მიერ დაკანონებული ტერიტორიის დასაცავად. 25 თებერვალს, თბილისი პანიკამ მოიცვა, კონსტანტინე გამსახურდიამ ძალიან კარგად გამოხატა ხალხის განწყობა ნაწარმოებში "დიდი იოსები", წითელი არმია მოდიოდა, თბილისის მოსახლეობა კი ჩქარი ტემპით ცდილობდა ქალაქის დატოვებას, თუმცა არავინ იცოდა სად მიდიოდნენ, რომელ სამშობლოში... "იჩქარეთ, იჩქარეთ, ლილოზე გადმოსულან" იმ ღამეს თბილისში თოვდა, როგორც ყოველთვის ბუნება და ისტორია ერთმანეთს დაუპირისპირდა და მშვენიერი, თოვლიანი ღამე ფანტასმაგორიად, კოშმარად, შავ ლაქად იქცა, "ათოვდა სახეზე დიდ იოსებს". რამდენიმე წუთში თბილისში ამბავი გავრცელდა, რომ წითლებმა თბილისის შემოგარენი აიღეს და მენშევიკები დააპატიმრეს, ახლა გადარჩენილ ქართველობას უშუალოდ დედაქალაქი უნდა დაეცვა და ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, განწირული იყო მარცხისთვის. "ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი", ქალაქში, სადაც საათების წინ "ავტოები მოძრაობდნენ" "დუმდა სიონი და დუმდა ხალხი", მარგარეტ თეთჩერი ამბობდა, "არსებობს ორი სიჩუმე, ერთი ომს წინ უსწრებს და ნორმალურია, თუ სიჩუმე ომის შემდეგ ჩამოწვა, ეს კატასტროფაა"... 99 წლის წინ, "უძრავ თებერვლის ღამეს" ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიარა გოლგოთას გზა.... გვახსოვდეს, რომ ამ კოშმარული ღამიდან 69 წლის შემდეგ, საქართველოს ისევ მიენიჭა დროშა, ჰიმნი, გერბი, დედაქალაქი, საკუთარი მთავრობა და, მოკლედ, დამოუკიდებლობა. თუმცა, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყოველდღე გვაქვს მცირე დიდგორი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, ის რასაც ასე ძალიან ესწრაფვის ქართველი ერი, (რომელსაც უამრავი მტერი ჰყოლია, ჰყავს და ეყოლება) და ეს, რა თქმა უნდა, არის თავისუფლება. თუმცა მტრის ყოლა ცუდი როდია, "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" ესეც პატრიოტისა და სამშობლოს დიდი გულშემატკივრის, აღაზას, ჯოყოლასა და ზვიადაურის შემქმნელი კაცის სიტყვებია!
ფოტო 1- ქართველი იუნკრები
ფოტო 2-კალაუ ნადირაძე, ავტორი ლექსისა "25 თებერვალი" 367 1-ს მოსწონს
|