x
ნარცისისტული პიროვნული აშლილობა
Картинки по запросу "narciss person"ნარცისისტული პიროვნული აშლილობა ძირითადად საკუთარი შესაძლებლობების და მნიშვნელოვნების განცდის უაღრეს გაზვიადებას უკავშირდება. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ნარცისი იყო ახალგაზრდა, რომელიც შეპყრობილი იყო საკუთარი სილამაზით და მუდმივად წყალში საკუთარი ანარეკლის ყურებით ტკბებოდა. ფსიქოანალიტიკოსებმა, ფროიდის ჩათვლით, აღნიშნული ტერმინი გამოიყენეს იმისთვის, რომ აღეწერათ საკუთარი თავის განსაკუთრებულობის განცდით შეპყრობილი ადამიანები. ნარცისისტული პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდები მუდმივად ცდილობენ ყურადღების მიქცევას, აკლიათ თანაგანცდის უნარი. მათ გრანდიოზულობის განცდას ხშირად ნეგატიური შედეგი მოჰყვება. წარმატებულ ადამიანებთან შედარებისას ისინი ეჭვიანები და ამპარტავნები ხდებიან. იმის გამო, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე ხშირად გაზვიადებული წარმოდგენები აქვთ, ვერ ახერხებენ საკუთარი მოლოდინების გამართლებას, რის გამოც დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდებიან.

გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, მკვლევრები ხშირად ბავშვობისეულ გამოცდილებას და აღზრდას უსვამენ ხაზს. ჩვილობისას ნებისმიერი ჩვენგანი ეგოცენტრულია და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია გადარჩენისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვებმა ისწავლონ ემპათია და ალტრუიზმი. კოჰუტი მიუთითებს, როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ ემპათიის მოდელირებას ბავშვებში, ამის გამო ხდება ფიქსაცია განვითარების ეგოცენტრულ, გრანდიოზულ ეტაპზე. აღნიშნული ფიქსაცია იწვევს პიროვნების იმგვარი ტიპის ჩამოყალიბებას, რომელსაც არ გააჩნია ემპათია სხვების მიმართ და მოცულია საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენებით. თუმცა აღნიშნული მოსაზრება ერთ-ერთია იმ უამრავი შეხედულებიდან, რაც ამ პიროვნული აშლილობის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება.

დსმ 5-ის მიხედვით, ნარცისისტული პიროვნული აშლილობის კრიტერიუმები შემდეგია: განმეორებადი გრანდიოზულობის პატერნი, (ვლინდება ფანტაზიაში ან ქცევაში), განიცდის ძლიერ განდიდების მოთხოვნილებას, გააჩნია ემპათიის ნაკლებობა ადრეული მოზრდილობის ასაკიდან და აკმაყოფილებს შემდეგ 5 ან მეტ კომპონენტს:

1. პიროვნებას აქვს გრანდიოზული მნიშვნელოვნების განცდა (მაგ: გაზვიადებული წარმოდგენა მიღწევებზე და ტალანტებზე)


2. მოცულია ფანტაზიებით, რომლებიც შეეხება უსაზღვრო წარმატებებს, ძალაუფლებას, სილამაზეს, იდეალურ სიყვარულს.

3. თვლის, რომ არის განსაკუთრებული, უნიკალური, და მხოლოდ მისნაირ განსაკუთრებულ ინდივიდებთან ამყარებს კავშირს.

4. მოითხოვს სისტემატიურად გაღმერთებას.

5. გააჩნია ავტომატური დასკვნები განსაკუთრებულ მოპყრობასთან დაკავშირებით.

6. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ხშირად მიმართავს ექსპლუატაციას.

7. არ გააჩნია ემპათიის განცდა, არ შეუძლია სხვების გრძნობების და საჭიროებების გათვალისწინება.

8. სხვების ხშირად შურს ან მიაჩნია, რომ სხვებს შურთ მათი.

9. ამჟღავნებს ამპარტავნულ დამოკიდებულებას.

კვლევები ინტერვენციებთან დაკავშირებით უკიდურესად მწირია. კოგნიტური თერაპია ფოკუსირდება მათი ფანტაზიების ჩანაცვლებაზე უფრო ადეკვატური ყოველდღიური აქტივობებისგან მიღებული სიამოვნებით. ასევე ცდილობს, რელაქსაციის ტექნიკების მეშვეობით დაეხმარონ კრიტიკასთან გამკლავებაში. ძირითადად აღნიშნული პიროვნული აშლილობის მქონე ინდივიდები იტანჯებიან დეპრესიით, რის გამოც თერაპია მიმართული ხდება დეპრესიული სიმპტომების შემცირებისკენ. თუმცა ზოგადი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია ძალიან მცირე მონაცემებზე დაყრდნობით.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0