x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლინგვისტური მეტამორფოზი ქართულ ენაში
imageდროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ძველდება, მაგრამ ენის მნიშვნელობა დღემდე აუწონელია. ეს იმიტომ, რომ ენა წარმოადგენს მასზე მოსაუბრეთა მსოფლმხედველობის, კაცობრიობის გამოცდილებათა გაზიარება-ასახვის საშუალებას. ასე რომ, სანამ კაცობრიობას შერჩება ეს უნიკალური უნარი, არც ლინგვისტური არსი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. ლინგვისტიკა, ისევე როგორც სამყაროს შემსწავლელი სხვა მეცნიერებანი, კაცობრიობის განვითარებას უტრიალებს ირგვლივ. ის არ შეისწავლის სამყაროს ფიზიკურ ევოლუციას, არამედ კაცობრიობის ენობრივ სურათებს, ცხოვრებისეულ კანონზომიერებებს. ვერბალური განვითარება ქვაკუთხედია, ცალკეულ ენაზე მოსაუბრეთა პოლიტიკურ-სოციალური განვითარების. ერის ფილოლოგიური მახასიათებლების შესწავლა, საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ მისი წარსული და განვსაზღვროთ მომავალი. ლინგვისტიკა ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთ დისციპლინად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გვაწვდის ერის საზოგადოებრივი განვითარების შესახებ. ვერბალური ანატომიის შესწავლით, შესაძლებელია ნაციის წარმოშობის დროის, მისი თავდაპირველი განვითარების შეფასება. მისი მახასიათებლების ცვლილებით კი, შესაძლებელია შეფასდეს შემდგომი ისტორიული სვლა. ნებისმიერი პოლიტიკური კავშირი ერებს შორის განაპირობებს მათი კულტურის გარკვეულ დონეზე აღრევას. ამიტომ პოლიტიკური ურთიერთობები ერებს შორის, მათი ლინგვისტური ფასეულობების შერევას იწვევს. ამ პროცესს “ენობრივი დაბინძურება“ ეწოდება. “ენობრივი დაბინძურება“ ხანგრძლივი, შეუქცევადი პროცესია, რომელმაც შეიძლება ვერბალური სურათების გაქრობაც კი გამოიწვიოს. თუმცა ენა ბუნების წილნაყარია, შესაბამისად, მისი გაქრობა უკვალოდ შეუძლებელია. ამასთან რაც უფრო ჟამნახულია იგი, მით უფრო, ფუნდამენტურია და მით ძნელია მისი ამოძირკვა-ჩანაცვლება. ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგების გარეშე. ამ უკანასკნელის ყველაზე დახვეწილი და განვითარებული საშუალება კი არის ენა. საუკუნეების განმავლობაში ლინგვისტური მახასიათებლები მთავარი გარანტი იყო ერის შეკრულობის, ერთსულოვნების. მრავალ გამოჩენილ მოღვაწეს აქვს შეფასებული ვერბალიკის, როგორც სამყაროს აღქმის საშუალების, მნიშვნელობა. “ ჩესლავ მილოშის თქმით: “ენაა ერთადერთი სამშობლო.“


ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, ჟიულ მიშლე, ამგვარად გადმოგვცემდა ენის ცენზს პიროვნებისათვის: “ხალხის ყველაზე სანუკვარი ტაძარი, მისი სულის ყველა სიღრმე პირველ რიგში მის ენაშია”. ოტია იოსელიანისთვის ენა უდრის ერს და მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას.


-0:08

ენის “დაბინძურება“, მისი კონტაქტი სხვა ლინგვისტურ სამყაროსთან, განაპირობებს მნიშვნელობის შემცირებას. ენა ადამიანს აზრის ფორმირებასა და მის სათანადოდ გადმოცემაში ეხმარება. მისი მეშვეობითვე ფიქსირდება მიღებული ცოდნა.


დღეს მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენა არსებობს. მათი ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ თითოეულ მათგანს მეცნიერები ზედმიწევნით არ შეისწავლიან. ამასთან, მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს აერთიანებს, თუმცა მრავალი მხოლოდ ერთი ხალხის კუთვნილებადაც იწოდება. სწორედ ასეთია ქართული ენა – ის ქართველთა იდენტობისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა. უფრო მეტიც, მეტყველების გრაფიკული ფიქსაცია, რაც მსოფლიოს ენათა უმრავლესობისთვის არაა დამახასიათებელი. ქართული დამწერლობის ასეთი გამორჩეულობით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ, თუმცა იმასაც უნდა ვიაზრებდეთ, რომ ყველაფერი საამაყო დიდ პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. ენის შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული მისი შენარჩუნება, განვითარება და მომავალი თაობისთვის უკეთესი თუ არა, უცვლელი ფორმით გადაცემა მაინც. სამწუხაროდ, ჩვენი საუნჯე განიცდიდა და განიცდის მკვეთრ დაბინძურებას.



ენაში შემოჭრილი სიტყვა-ფრაზების ორი სახე არსებობს : ბარბარიზმები და ნეოლოგიზმები. უცხოურიდან შემოსულ სიტყვებზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ, ყველა უცხო სიტყვა ბარბარიზმი არ არის და საჭიროების გარეშე არ მკვიდრდება მეტყველებაში. ზოგჯერ ეს პროცესი გარდაუვალი და საჭიროა. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ენაში არ არსებობს ცალკეული ცნებისა თუ მოვლენის აღმნიშვნელი ტერმინი. ანუ მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს, ან როდესაც იქმნება ახალი ცოდნა. მაგალითად, შეიქმნა ინტერნეტი და საჭირო გახდა ენაში ახალი სიტყვის შემოტანა. შესაბამისად, ინტერნეტი, როგორც ახალი ცოდნის აღმნიშვნელი სიტყვა, დამკვიდრდა სოციუმში. იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერზე. კომპიუტერიც ახალი ცოდნის, ტექნოლოგიის აღმნიშვნელი გამოვლინებაა და ისიც უპრობლემოდ შემოდინდა ჩვენს ცნობიერებაში. ნეოლოგიზმები - ენაში ახლად შეთხზული სიტყვები ან გამოთქმებია. თუმცა, ასეთ დროსაც არსებობს გამოსავალი. ენას ორი არჩევანი აქვს: მას ან შემოაქვს სიტყვა, როგორც უცხო ტერმინი, ან ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ შესატყვისს საკუთარი რესურსებით. ბევრი ენა ირჩევს მეორე გზას. მაგალითად, კომპიუტერის ეკვივალენტი ფრანგულ ენაში არის ordinateur, ირლანდიურში კი ríomhaire. ინტერნეტი ირლანდიურად არის an t-idirlíon, პრეზიდენტი - uachtarán.


ნეოლოგიზმის კარგი მაგალითია ინგლისური სიტყვა phubbing, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც შეითხზა ორი ინგლისური სიტყვის შერწყმით: phone და snubbing [ phone + snubbing] და აღნიშნავს შემდეგს: თანამოსაუბრის უგულებელყოფას (მობილურ ტელეფონში ყურებით, მესიჯების მიღება-გაგზავნით, სოციალური ქსელის საიტების თვალიერებით და მისთ.) ქართულ ენაში ბევრი საინტერესო და წარმატებული მაგალითი არსებობს ახალი ცნებებისათვის სახელების შექმნისა თუ შეთხზვისა. ასეთებია: წრფე და განტოლება, ლიანდაგი და ქვემეხი, თვითმფრინავი და მატარებელი, სახელმძღვანელო, გამომცემლობა და მრავალი სხვა. ეს სიტყვები უკვე იმდენად დამკვიდრებულია სალიტერატურო ენაში, რომ დღეს ვერც კი ვამჩნევთ მათ ნეოლოგიზმურ წარმომავლობას.


ქართულ ენაში ბარბარიზმ-ნეოლოგიზმების შემოდინება არ დაწყებულა განვითარებულ ეპოქაში. ქართული ენაში სიტყვა- ფრაზების შემოჭრა სხვა ენებიდან ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე დაიწყო. ძვ.წ VII საუკუნეში ამიერკავკასიასში სკვითების გამოჩენამ შეცვალა საერთო ლინგვისტურ სურათი. ქართულ ენაში შემოიჭრა მრავალი სიტყვა სკვითურის გავლენით. მაგალითად, “გიმირ“ სკვითური წარმოშობისაა ( ქართულში შემოვიდა როგორც “გმირი.") ასევე სკვითური წარმოშობისაა სიტყვა “თავდაყირა“ და “ყირამალა“. უცხო ენების გავლენა გაძლიერდა მუსლიმურ ქვეყანათა დომინირების ხანაში. ამ ეპოქის ენობრივი გავლენის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სპარსულიდან შემოსული სიტყვა “აჯახ-ი“( ოჯახ-ი), ასევე დანიშნულების აღმნიშვნელი ბოლოსართი “-ხანა“( ყავახანა, ჩაიხანა, ლუდხანა და მისთ. ) ამავე პერიოდში სპარსულიდან დამკვიდრდა ტერმინები, თუმცა არასწორი გაგებით. დღემდე გამოიყენება სიტყვა “ყურუმსაღი“, ცუღლუტის მნიშვნელობით, მაგრამ ზუსტი მნიშვნელობით “ცოლით მოვაჭრეს“ ნიშნავს. ქართული ენის მკვეთრი დაბინძურება განსაკუთრებით ინტენსიური გახდა რუსული ანექსიის ეპოქაში. ჩვენში ღრმად გაიდგა ფესვები ბარბარიზმმებმა : “პივა“ ( ლუდი), “ტამოჟნია“ (საბაჟო), “ზნაკი’’ ( ნიშანი), “სპიჩკა’’ ( ასანთი) და მისთ. რუსულის გავლენით სამეტყველო ლინგვისტიკაში თავი იჩინა “ჰ“-ის “გ’’-თი, “ქ“-ის “ხ’’-თი ჩანაცვლების პრობლემამ. მაგალითად: “გოსპიტალი“, “ტეხნიკა“... ამასთან არისტოკრატულ და შემდეგ მთელ საზოგადოებაში დამკვიდრდა ფრანგული წარმოშობის ტერმინები: ვოიაჟი, პასაჟი, პლაჟი, კამუფლაჟი და ა.შ


რა თქმა უნდა ენაში ტერმინთა ქაოტურმა შემოდინებამ პიკს XXI საუკუნეში მიაღწია. ტექნოლოგიურმა განვითარებამ გააღვივა ახალი ტერმინების შემოღების აუცილებლობა. ასევე მოდური გახდა ლათინური წარმოშობის ზედსართავი სახელები: პერფექციონისტი, ოპტიმისტი, ექსტრაორდინალური და სხვა. სოციალური მედიის განვითარებამ წაახალისა მისთვის დამახასიათებელი სპეციალური ტერმინების დამკვიდრება, როგორებიცაა : “თაგი“, “დაშიარება“, “დალაიქება“ და ა.შ. მსგავს ასპექტში განიხილება : “მეილი“ (mail), “ფაქსი“ ( fax), იმეილი ( email).


ენაში შემოსული ნეოლოგიზმების ერთ უდიდეს ჯგუფს მიეკუთვნება სამეცნიერო ტერმინები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ლათინური ან ბერძნული ენიდან არის წარმოქმნილი. ქართულ ენაში მათი შესატყვისების არარსებობის გამო, მალევე დაიმკვიდრეს ადგილი მეტყველებაში. ესენია: ეთნოგრაფია ( ბერძ. “ეთნოს“- ხალხი, “გრაფოს“- აღწერა), ციტოლოგია ( ლათ. “ციტოს“-უჯრედი, “ლოგოს“-აღწერა.) სპეციფიკურ ჯგუფს განეკუთვნება სამედიცინო ტერმინები, მაგალითად: ჰისტოტროპიზმი ( ბერძნ. histos ქსოვილი, tropos მობრუნება, მიმართულება), ეპიზოოტია ( ბერძ. epi ზედ, ზევიდან, zoon ცხოველი), დისმნეზია ( ბერძ. Dys- მოშლა, mnesis-მეხსიერება).


საინტერესო და სპეციფიკურ ჯგუფს განეკუთვნება სოციალური და პოლიტიკური ტერმინები: “სლენგი“( Slang-უპირატესად ინგლისურენოვან ქვეყნებში განსაზღვრული ასაკობრივი, პროფესიული ან სოციალური ჯგუფის მიერ ხმარებული თავისებური სიტყვა, გამოთქმა), “სპიჩი“ ( მოხსენება, სიტყვით გამოსვლა), “სტაფი“ ( STAFF- თანამშრომელთა ერთობლიობა, კოლეგია) და მისთ.ქართულ ენაში მკვეთრად შემოიჭრა საყოფაცხოვრებო ბარბარიზმები, როგორებიცაა: “ბალკონი“ ( აივანი), “სპალნა“( საძინებელი ), “პოლი“ ( იატაკი), “პატალოკი“ ( ჭერი), “ ვედრო“ ( სათლი), “შკაფი“ ( კარადა)...


ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც შეიძლება ძნელად სამკურნალო სნეულება შეეყაროს. ნეოლოგიზმები, ბარბარიზმებისგან განსხვავებით არ ამახინჯებენ ენის საერთო სურათს. მაგრამ ლინგვისტური ფონის სიმყარისათვის უმჯობესია თუ ახალ ტერმინებს არათუ პირდაპირ მივცემთ ენაში შემოდინების უფლებას, არამედ მოვუძებნით მას შესაბამის შესატყვისს და შემდეგ მივანიჭებთ ენაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას. ენა ფუნდამენტური მახასიათებელია ერის არსებობის. მისი დაცვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რამეთუ პრინციპი -“ რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“- რეფრენად უნდა გასდევდეს ყოველი ქართველის ცხოვრებას.


5
125
2-ს მოსწონს
ავტორი:საბა სამუშია
საბა სამუშია
125
  
2020, 25 თებერვალი, 4:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 24 თებერვალი, 18:00
მადლობა თქვენ !
2020, 24 თებერვალი, 16:47
ერთობ აქტუალური პრობლემაა, კარგია იმ მხრივ, რომ ვამბობთ და ვაყენებთ მაინც ამ პრობლემებს...
საბჭოთა და არა მარტო საბჭოთა პერიოდში, ამ თემის ირგვლივ, მრავალი მწერალი და ენათმეცნიერი მუშაობდა და იბრძოდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, მიხეილ და ივანე ჯავახიშვილები, აკაკი შანიძე, გოგლა ლეონიძე... და ბოლოს და ბოლოს გალაკტიონი... ყველას ჩამოთვლა შეუძლებელიც კია ალბათ... მანამდე ილიასა და თერგდალეულებზე( ვაჟა და ყაზბეგიც მათ "მივათვალე"), უფრო მანამდე სულხან-საბასა და უფრო მანამდე კი, გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელებზე აღარაფერს ვამბობ... და მათ ენა დაიცვეს, არა მარტო დაიცვეს, გაამდიდრეს და "შეიარღეს" კიდეც - თუ არსებობს ამჟამად, მათი დამსახურებაა ეს. ასე უნდა მოვიქცეთ ამ თაობის შვილებმაც, მაგრამ მწერლებად, რომ დეისაძე, ბურჭულაძე და ძმანნი მათთნი გვეყოლება, რა გინდა რომ ჰქმნა. საბედნიეროდ, გვყავს დოჩანაშვილიც, აკა მორჩილაძეც, ბესიკ ხარანაულიც და კიდევ "ნიჩევო" :)
ასე რომ, ეს მუდმივი სანერვიულოა, სანამ ვარსებობთ და... მოკლედ, მადლობა სტატიის ავტორს :)
2020, 24 თებერვალი, 0:15
დიდი მადლობა !
2020, 24 თებერვალი, 0:11
შესანიშნავი სტატიაა აქტუალურ თემაზე.ხალხი იდიოტობებს წერს და თავი მართალი და უნიჭიერესი ჰგონიათ.
0 1 5