x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სასწავლო გარემოს სპეციფიკა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეებისთვის

არახელსაყრელი სასწავლო გარემო ერთ-ერთი მთავარია იმ პრობლემათა შორის, რომელსაც შესაძლოა სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლე დღესდღეობით შეხვდეს. ინკლუზიური განათლების დანერგვა ამ პრობლემის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ბავშვისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფილი და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც განაპირობებს განათლების პროცესში მოსწავლის სრულფასოვან ჩართვას. ეფექტური სწავლების აუცილებელი კომპონენტია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, მათი სხვა მოსწავლეებისგან იზოლირების გარეშე.
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეებისთვისაც. ესაა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 5%-ს აღენიშნება. შესაბამისად აქტუალურია კითხვა, თუ როგორი უნდა იყოს სასწავლო გარემო მათთვის, რათა შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს შესაძლოა გამოვყოთ ფიზიკური გარემოს მოწყობის რამდენიმე თავისებურება, მაგალითად გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მოსწავლის მერხი უნდა იყოს ახლოს მასწავლებელთან, სასურველია თუ გარშემორტყმული იქნება ყურადღებიანი და მშვიდი მოსწავლეებით. ასევე უკეთესია, თუ იგი იჯდება კარისგან და ფანჯრისგან მოშორებით, რათა თავიდან აირიდოს დამატებითი სენსორული სტიმულაცია. რაც შეეხება კლასის ვიზუალურ მოწყობას, მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახი არ უნდა იყოს გადატვირთული დისტრაქტორებით, ცარიელი ოთახი არ უმჯობესებს ბავშვის ათვისების უნარს, პირიქით, ზომერად გამოყენებული სტიმულაცია, რომეიც ლიმიტირებულია ბავშვის კონკრეტულ არეში, ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისებას, რადგან ბავშვს არ სწყინდება და მისი ინტერესი შენარჩუნებულია.
გარდა კლასის ფიზიკური მოწყობისა, მნიშვნელოვანია სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება, რომელიც ძირითადად ემყარება სასწავლო მასალის რაოდენობის, სირთულისა და ათვისების დროის ადაპტაციას, ასევე ეფექტურია პერსონალური ასისტენტის დახმარების ხარისხის გაზრდა და სპეციალური ინსტრუქციების მიცემა. ამ პროცესის წარმოდგენა შესაძლებელია სამკომპონენტიანი სტრატეგიის სახით, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში ხდება ინდივიდუალური საჭიროებების აღმოჩენა, რასაც მოჰყვება აკადემიური ინსტრუქციებისა და ქცევის მაკორექტირებელი საშუალებების შერჩევა, შემდეგ ხდება გარემოს ადაპტირება და დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია პროგნოზირებადი სასწავლო გარემოს შექმნა, რაც გამორიცხავს მოულოდნელობის ეფექტის შედეგად განვითარებულ შფოთვას. რაც შეეხება ინსტრუქციებს, ის შესაძლოა იყოს როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი. დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება სპეციალური ბარათები, სადაც განმარტებულია დავალება და მოსწავლე უყენებს მას იმ შემთხვევაში, თუ დაავიწყდება რა უნდა გააკეთოს ან დასჭირდება დამატებითი დეტალები. ხშირად მასწავლებლები მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით, მაგალითდ გამოყოფენ ჩუმი კითხვის დროს ან წყვილში კითხვის დავალებეს, თუ მოსწავლეს უჭირს კითხვა, ასევე ეფექტურია როლური თამაშები და აუდიო წიგნები ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გასაზრდელად.

image

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მარიტა ივანაშვილი
მარიტა ივანაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0