x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“ - აგრაფინა ჯაფარიძის და პრინცის სკანდალური სიყვარულის ისტორია

image

"აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“ - იცით ამ ფრაზის ისტორია? მარტივად დასამახსოვრებელი სტრიქონია, თუმცა რეალურად ამ სიტყვების მიღმა, გერმანელი პრინც ოლდენბურგისა და ქართველი თავადის ქალის ტრაგიკული და პიკანტური სიყვარულის ისტორია იმალება.

ძველ ქუთაისში დღესაც ახსოვთ მოხუცი ქალი, რომელმაც ნესტიან სარდაფში საოცარ სიღარიბეში დალია სული. ერთ დროს ამაყი და ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანი ცხოვრების სისასტიკემ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ქუჩაში გასახელებლად ადევნებულ ბავშვებს ქვებს ესროდა და თავს გაქცევით შველოდა. ოლდენბურგების დინასტია გერმანული წარმოშობისაა, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ, მათ შორის დანიაშიც. ეკატერინე მეორის ეპოქიდან რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი იყო პრინცი კონსტანტინე, რომელმაც ქუთაისში შამპანურის ქარხანა ააგო და მალე დაუახლოვდა კიდეც ქუთაისის მაღალ საზოგადოებას. ამ პერიოდში საქართველოს სტუმრობდა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩიც, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებისთვის მოიწვიეს. ნაწარმოების პერსონაჟთა პროტოტიპებს ზიჩი ძირითადად საქართველოს ელიტარული საზოგადოებიდან ირჩევდა და ნატურებისთვის ცოცხალ სცენებს დგამდა. 1882 წელს კი ერთ-ერთ ასეთ სცენაში ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად აგრაფინა ჯაფარიძე მიიწვია. სწორედ აქ ნახა პრინცმა პირველად აგრაფინა ჯაფარიძე. მისმა ეგზოტიკურმა სილამაზემ პრინცი კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ გადაწყვიტა, მისი გულის მოსანადირებლად ყველაფერი ეღონა. ამ დროს აგრაფინა ჯაფარიძე უკვე გათხოვილი იყო და ცოლად ტარიელ დადიანს ჰყავდა.

როგორ დათმო თავადმა დადიანმა ცოლი, ამის თაობაზე საკმაოდ სკანდალური ვერსია არსებობს. თითქოს პრინცი ისე გადარია კეკლუცმა აგრაფინამ, რომ გადაწყვიტა, მის დასაპატრონებლად მოკლე გზა მოეძებნა. ის პირადად ეახლა ტარიელ დადიანს და მის ცოლთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, მილიონი ოქრო შესთავაზა. ქმარს თურმე სიხარბემ სძლია და ცოლი დათმო. ამ საქციელმა ერთ წამში გააცამტვერა აგრაფინას თვალში ტარიელ დადიანის ავტორიტეტი და პრინცისადმი ადრევე გაჩენილი სიმპათია კიდევ უფრო გაუძლიერდა. აგრაფინა მაინც ამაყი ქალი იყო და არ სურდა ადვილი მისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომაც მოსთხოვა თურმე პრინცს, მისთვის ისეთი სასახლე აეგო, რომლის მსგავსიც მანამდე საქართველოში არავის ჰქონია. კონსტანტინე ოლდენბურგმა საოცნებო ქალს ნატვრა აუსრულა, ბაღნარის ქუჩაზე (დღევანდელი კარგარეთელის ქუჩა) მდებარე მშენებარე სასახლე გამოისყიდა და თავადის ქალს ექვს თვეში მისი გასაღები ჩააბარა. ეს სასახლე ჯაფარიძის ქალისა და პრინცის საიდუმლო შეხვედრების ადგილად იქცა, სასახლის (დღევანდელი კინოსა და მუსიკის მუზეუმი) სიყვარულის კოშკი კი, როგორც ამბობენ, მრავალი ვნებიანი ღამის მოწმე გამხდარა. ტარიელ დადიანს კი მთელი საქართველო დასცინოდა, იმის გამო, რომ პრინცმა ცოლი წაჰგვარა.

სულ მალე აგრაფინამ თავადი მიატოვა და პრინცთან ერთად თბილისის სასახლეში საბოლოოდ გადმოსახლდა. აგრაფინასა და პრინცის ქორწინება უთანასწორო იყო, პრინცს არ შეეძლო, ცოლად თავადი ჰყოლოდა და ამ „ნაკლის“ გამოსასწორებლად პრინცის მამამ აგრაფინას გრაფინია ზარნიკაუს წოდება მიანიჭა, თუმცა კონსტანტინეს შთამომავლებმა დაკარგეს ტიტულის მიღების უფლება.

როგორც ცნობილია, ისინი 1876 წელს დაქორწინდნენ და 6 შვილი ჰყავდათ. ცხოვრობდნენ ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, მოკლე დროით პეტერბურგსა და პარიზში. პრინცი პარიზში გარდაიცვალა და პეტერბურგთან ახლოს „პუსტინიაში“ დაკრძალეს. კომუნისტებმა აგრაფინას პრინცის მიერ დატოვებული ქონება წაართვეს. ამას დაემატა შვილის გარდაცვალება, რამაც საბოლოო დაღი დაასვა მის ცხოვრებას. გარდაიცვალა ქუთაისში ფილტვების შეშუპებით. 1926 წელს გარდაიცვალა

0
307
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0