x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გერმანიაში პოლიციამ ტრამპის გამოსახულების მქონე ათასობით აბი ნარინჯისფერი ექსტაზი ამოიღო
ტრამპი


არადა, ეს მართლა არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტის გამოსახულება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ აბებზე გაჩნდა, თუმცა ყველაზე სასაცილო და სახალისო ალბათ არის, უპირველეს ყოვლისა კი დონალდ ტრამპის კურიოზული პიროვნების და მისი სახისთვის დამახასიათებელი უცნაური ფერის გამო.


ევროპაში პირველად ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა ექსტაზის აბები, რომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახე იყო გამოსახული. ნარკოტიკი ე. წ. დარქნეტში იყიდებოდა და დილერები ჰპირდებოდნენ მომხმარებლებს, რომ “ტრამპის აბებს განსაკუთრებით მაგარ კაიფს დაუჭერდნენ”.


მაგრამ როგორც ეტყობა, აღნიშნულმა კლუბურმა ნარკოტიკმა უკვე შეაღწია ევროპის კონტინენტურ ნაწილშიც.



როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ოსნაბრუკში პოლიციამ ავტომანქანის ჩვეულებრივი შემოწმებისას 5000 აბი ტრამპის გამოსახულების მქონე ფორთოხლისფერი ექსტაზი აღმოაჩინა.


სამართალდამცავებმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა 51 წლის მამაკაცი, რომელიც ჰოლანდიიდან ავსტრიაში მიემართებოდა. ავტომანქანაში შუახნის მამაკაცის გარდა ასევე იჯდა მისი 17 წლის ვაჟიც.


როგორც ირკვევა, ლეგენდად ქცეული ნარკოტიკი მამამ და შვილმა ჰოლანდიაში იშოვეს. ავსტრიელები ჩხრეკამდე დაჟინებით უმტკიცებდნენ პოლიციას, რომ ტიტების ქვეყანაში ახალი ავტომანქანის საყიდლად იყვნენ წასულები, მაგრამ გარიგება ვერ შედგა და უკან იმედგაცრუებულები ბრუნდებოდნენ.


ბოლოს პოლიციელებმა ავტომანქანა გაჩხრიკეს და ხუთ მცირე ზომის ტომარაში დაფასოებული ათასობით ნარინჯისფერი აბი აღმოაჩინეს. აბებზე ცალ მხარეს დონალდ ტრამპის სახელი იყო აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე – სახე.


ოსნაბრუკი


როგორც პოლიცია აცხადებს, ნარკოტიკი 48 500 ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.


მსოფლიოში სულ პირველად ტრამპის გამოსახულების მქონე ექსტაზი გასული წლის თებერვალში, ფლორიდის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს, თუმცა 2000-იან წლებში ჯორჯ ბუშის გამოსახულების მქონე კლუბური ნარკოტიკიც დაფიქსირდა.


ჩანს, ამერიკის პრეზიდენტების გამოსახვა ექსტაზის აბებზე უკვე ერთგვარ მოდად იქცა, ხოლო ტრამპის სახისთვის დამახასიათებელმა ნარინჯისფერმა ნარკოტიკების დამამზადებლების ფანტაზიას კიდევ უფრო დიდი გასაქანი მისცა.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0