x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
image
თამაშის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. თამაში არის პროცესუალური და აბსტრაქტული. ის კონკრეტული საგანი არაა ან ქმედება ან ადგილი. ნებისმიერი ქცევა შესაძლოა იყოს თამაში, გააჩნია როგორ "შეფუთავ" მას. განსხვავება ჩვენს მენტალურ მიდგომაზეა დამოკიდებული თამაშის მიმართ. დაუთოება შეიძლება თამაში იყოს, თუ ბავშვი წარმოიდგენს რომელიმე სცენარის მიმართ, რომ "ცუდ ბიჭებს აუთოებს". შეიძლება პირიქითაც, თამაში მუშაობად იქცეს, მაგალითდ როცა თქვენ მაგიდის ჩოგბურთს მხოლოდ იმიტომ თამაშობთ, რომ ოქვენი მეგობარი ამას დაჟინებით გთხოვთ, რეალურად კი არ გინდათ თამაში.

თამაშის განსაზღვრებას ართულებს მისი მნიშვნელობების მრავალფეროვნება. თამაშს, ისევე როგორც სიყვარულს მრავალი მომხიბვლელი მხარე აქვს. ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში თამაშის განმარტება 100-ზე მეტია. რადგან მრავალგანზომილებიანი და არამყარი ცნებაა, თამაში ჩვენს ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა გზით იჩენს თავს. იქნება ეს საზოგადოებაში ამა თუ იმ როლის თამაში თუ სცენაზე, აგრეთვე არსებობს თამაშის უამრავი ნაირსახეობა. ადრეული ასაკის განათლებაში გვაქვს: როლური თამაში, წესებიანი თამაში, მიღების თამაში, ფიზიკური თამაში და ა.შ.

ავტორთა აზრით, თამაში და მუშაობა ურთიერთშემავსებელი კომპონენტებია ადაპტაციის პროცესში. ბავშვებში ხან მუშაობა უსწრებს წინ თამაშს ხან პირიქით თამაში მუშაობას უსწრებს წინ. როდესაც ბავშვები თამაშის დაწყებამდე მუშაობენ, თამაში შეიძლება მათ მიერ შეძენილი უნარის გამოხატვად მივიჩნიოთ. მაგალითად ბავშვებმა ბევრი იმუშავეს და ქვიშაში ნიჩბების და ვედროების გამოყენება, ქვიშით ვედროების ავსება და ამ ქვიშით ნამცხვრების გამოცხობა ისწავლეს. როცა ამ საქმეს კარგად აითვისებენ, შეუძლიათ ის თამაშის კონსტრუქციულ ეპიზოდად გამოიყენონ და ქვიშის ნამცხვრების ზომები ან ფორმები შეცვალონ. ეს თამაში შესაძლოა მოგვიანებით როლურ თამაშადაც გადაიზარდოს, ბავშვებმა გახნან სანაპიროზე საცხობი და მშიერი სტუმრები დაანაყრონ.

თამაში წინ უსწრებს მუშაობას, როცა ბავშვი თამაშის გზით რთული ემოციური სიტუაციის დაძლევას ცდილობს. მაგალითად თამაშის თერაპიის დროს, ბავშვი ხშირად გამოხატავს ემოციას ისეთ რამესთან დაკავშირებით, რომელსაც კონკრეტულ სახელს ვერ არქმევს ან სიტყვებით ვერ გამოხატავს. მხოლოდ გრძნობის თამაშით გამოხატვის შემდეგ შეძლებს თერაპევტი დაეხმაროს ბავშვს პრობლემის დაძლევაში. მაგალითად, ბავშვებზე ზრუნვის ცენტრში ახლად მოსული ბავშვი თოჯინებით თამაშისას რეგულარულად იგონებს, რომ შვილი დაკარგა და ოთახში თოჯინებს სხვადასხვა ადგილას ტოვებს. ასეთ შემთხვევაში მომვლელი მიხვდება, რომ ბავშვი ცდილობს თამაშის გზით გამოხატოს თავისი გრძნობები დედის მიერ მისი ცენტრში დატოვების თაობაზე.


თამაში და მუშაობა ერთდროულად იჩენენ თავს წესებიან თამაშებში. როდესაც ბავშვი თამაშის წესებს სწავლობს და შემდეგ იცავს, ის მუშაობს, რადგანაც შეთანხმებული წესების სოციალურ სამყაროსთან შეწყობას ცდილობს. ამავე დროს ბავშვი თამაშით ერთობა კიდეც, მოგება უხარია და წაგების გამო გული სწყდება იმის მიუხედავად რომ შაშის დაკარგულ ფიგურებს რეალურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია. თამაშის დროს უმნიშვნელო ობიექტები პიროვნების მიერ მნიშვნელოვან და ძალაუფლების მქონე ობიექტებად გარდაიქმნება და სწორედ ეს აქცევს თამაშს სახალისო და ამაღელვებელ მოქმედებად.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0