x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
მიჯაჭვულობის დარღვევები

imageმიჯაჭვულობა წარმოადგენს ძლიერ ემოციურ ურთიერთკავშირს ორ ადამიანს შორის, რომელიც განუსაზღვრელი დროით ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან. ეს კავშირი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ჩვილისა და მშობლის ურთიერთობის პროცესში, რადგან სწორედ ეს ემოციური ურთიერთკავშირი ქმნის ბავშვის უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას, სამყაროს შემეცნების, განვითარების შესაძლებლობას და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საფუძველს. თუმცა თუ ბავშვს გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება მასზე მზრუნველ ადამიანთან, შესაძლოა განვითარდეს მიჯაჭვულობის დარღვევა. მიჯაჭვულობის დარღვევები ეწოდება განვითარებისთვის შეუსაბამო და დარღვეულ ქცევებს ბავშვებში, რომელიც აღმოცენდება 5 წლის ასაკამდე. ეს სერიოზული დისფუნქციური პატერნი შესაძლოა იყოს მშობელთა მხრიდან არაადეკვატური და მკაცრი მოპყრობის, ოჯახში უარყოფის ან ხშირ შემთხვევაში გაშვილების გამო მზრუნველი უფროსის ხშირი ცვლილების შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში მიზეზი არის ბავშვის ბაზისური ემოციური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა. მიჯაჭვულობის დარღვევები მიიჩნევა ადრეულ ექსტრემალურ სტრესზე პათოლოგიურ რეაქციებად და გვხვდება DSM-ში (ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო) სტრესთან და ტრამვასთან დაკავშირებულ სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან ერთად.

მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობის დროს ბავშვი ძალიან იშვიათად ეძებს მზრუნველს დაცვისა და მხარდაჭერისათვის. ასეთი ბავშვები არიან ემოციურად გარიყულები, ავლენენ შეზღუდულ პოზიტიურ აფექტს, რეაგირების დეფიციტს და ასვევე მომატებულ ემოციურობას, როგორიცაა შიში და ინტენსიური მოწყენილობა.

თავშეუკავებელი სოციალური ჩართულობის აშლილობის შემთხვევაში არასწორი აღზრდის გარემო პირობები და ასევე ხშირი მკაცრი და სასტიკი დასჯის პირობები იწვევს ქცევის პატერნს, რომელშიც ბავშვი უფროსის ნებისმიერი ქცევის საპასუხოდ თავშეუკავებლობას ავლენს. ამ აშლილობის მქონე ბავშვები შეუსაბამოდ იქცევიან ყველა უცხო ადამიანთან ისე, თითქოს მათ ყოველთვის ჰქონდათ ძლიერი ემოციური ურთიერთობა და სიყვარული მათთან. თავშეუკავებელი სოციალური ჩართულობის აშლილობის შემთვევაში ბავშვი შესაძლოა უცნობ ადამიანს დაუყოვნებლივ გაყვეს ისე, რომ მზრუნველს უკან აღარც კი მოხედოს.

აქედან გამომდინარე ბავშვები, რომლებიც განიცდიან შეუსაბამო, შეურაცმხყოფელ მოპყრობას, ან მზრუნველობის ნაკლებობას ადრეულ ბავშვობაში, ვერ იყალიბებენ ნორმალურ მიჯაჭვულობას მზრუნველთან, რასაც შედეგად მსგავსი ტიპის ორ აშლილობასთან მივყავართ. მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის ფსიქიკური აშლილობის სახით არ ვლინდება, თუმცა ემოციური კავშირის ნაკლებობა ბავშვთან აუცილებლად იწვევს უარყოფით შედეგებს როგორც ადრეული, ასევე გვიანი განვითარების პროცესში და საჭიროებს დიდ ყურადღებას.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0