x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მშობირობის შემდგომი დეპრესია
image

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის გაჩენა დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ყოველი ქალი თუ მამაკაცი უნდა გრძნობდეს და აანალიზებდეს, თუმცა, გარდა ამისა, ეს ყველაფერი ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას მოითხოვს. ამისთვის ჩვენი ფსიქიკა ზოგჯერ მზად არ არის. იწყება კონფლიქტი, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომ დეპრესიამდე მივყავართ. ბავშვის დაბადება დედის არსებაში უამრავი ემოციას იწვევს. ეს ემოციები ხშირად ურთიერთსაპირისპიროც არის, ხასიათი შეიძლება სწრაფად იცვლებოდეს და დიდი სიხარულის შემდეგ სწრაფად დაეუფლოს ადამიანს სასოწარკვეთა და შიში. დეპრესია შეიძლება დაემართოს პრაქტიკულად ყველა ქალს როგორც ორსულობის დროს, ისე მის შემდეგაც. დეპრესია, რომელიც ემართებათ ქალებს მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში, პოსტპარტული ანუ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახელით არის ცნობილი. ის შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი გაგრძელდეს. უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ დეპრესია ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი განსაკუთრებით გავრცელებული გართულებაა. ეს არის პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, დროულად ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა და განვკურნოთ იგი. სამწუხაროდ, საქართველოში პოსტსამშობიარო დეპრესიას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამშობიარო სახლების უმეტესობაში ქალებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან.

"შემოსასვლელში გრძელი სარკე გვედგა. საკუთარი თავი რომ არ დამენახა, დიდი ნაჭერი ჩამოვაფარე".

"ოჯახში დაგვემატა ადამიანი, რომელმაც წამართვა თავისუფლება და დამიტოვა დამახინჯებული სხეული. სიყვარულს რომ ვერ ვგრძნობდი, მქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მე ვარ ცუდი დედა, რომ დედობა ჩემი საქმე არაა, შეცდომა დავუშვი და ვეღარ გამოვასწორებ".


"ვერ გამოვდიოდი ოთახიდან, სხვაგან წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმდენად მიჯაჭვული ვიყავი ბავშვზე, პირველად 6 თვის ასაკში დავტოვე 4 საათით. არც მეგობრები, არც გართობა - არაფერი მინდოდა".

"ძალიან მიჭირდა ემოციების კონტროლი, ვტიროდი ყველაფერზე, დავკარგე საკუთარი თავი, მხოლოდ ერთი ფუნქცია მქონდა თითქოს - ვიყავი პატარა არსების დედა, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. სამი წელი გაგრძელდა დეპრესია, არ მინდოდა არც მეგობრებთან წასვლა, არც თავის მოწესრიგება და ზოგადად, სამყაროში ჩემს ადგილს ვეღარ ვპოულობდი".

"არაფერი მიხაროდა, მუდმივად დაღლილი ვიყავი, გაქცევა და ყველაფრის მიტოვება მინდოდა. სამსახურში უფრო კარგად ვგრძნობდი თავს ვიდრე სახლში. ისეთი გრძნობა მქონდა რომ ვიხრჩობოდი, ყველას რაღაც უნდოდა ჩემგან, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. განსაკუთრებით ქმართან გამიფუჭდა ურთიერთობა, მას არ სჯეროდა ჩემი დეპრესიის და მე კი მის მიმართ ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს".

ეს იმ ქალების ამბებია, რომლებმაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია გადაიტანეს - სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა გამოცდილებით, სხვადასხვა მხარდაჭერის პირობებში.

რაც შეეება დეპრესიის მიზეზებს, დეპრესიას უამრავი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, ახლობლის დაკარგვა. ზოგჯერ მიზეზი ძნელი საპოვნელია. ალბათობას ზრდის შემდეგი ფაქტორები: ფსიქიკური დაავადება, რომელიც დედას დაორსულებამდე ჰქონდ( მაგ. კლინიკური დეპრესია, შფოთვა და პანიკური თუ ბიპოლარული დარღვევები, ნერვული ანორექსია ან ბულიმია); წარსულში ალკოლჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება; მენტრუაციის დარღვევა ან ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც ჰორმონული დარღვევებით იყო გამოწვეული; ბავშვობაში მკაცრი მოპყრობა, ემოციური და ფიზიკური სტრესი და სექსუალური ძალადობა; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები; სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები; ანტიბიოტიკებისა და სტეროიდების გადაჭარბებული გამოყენება; კონტრაცეპტივების გამოყენება ორსულობის თავიდან აცილების მიზნით; ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით ღარიბი დიეტა; ძუძუთი კვების იძულებითი ან დამოუკიდებელი შეწყვეტა მშობიარობიდან მოკლე ხნის შემდეგ; სტრესული სიტუაციები( პრობლემები ოჯახში ან სამსახურში, ახალი სამუშაო, გადასვლა სხვა საცხოვრებელ ადგილას, ახლობლის გარდაცვალება);დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (ფსიქიკური დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებს შორის); დედასთან ცუდი დამოკიდებულება ან დედის მშობიარობის შემდგომი დეპრესია. პრობლემები წინა ორსულობის დროს; ოჯახური და ფინანსური პრობლემები; ასაკი (როცა დედა მეტისმეტად ახალგაზრდაა ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინა); არასასურველი, შემთხვევითი ორსულობა.

image

ორსულობისას პროგესტერონისა და ესტროგენების დონე საგრძნობლად იმატებს, მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ კი ის მკვეთრად იკლებს და საწყის დონემდე ეცემა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰორმონული ფონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიის განვითარებას, ისევე როგორც მცირე ჰორმონული ცვლილებები იწვევს ქალის გუნება-განწყობის ცვალებადობას მენსტრუაციამდელ პერიოდში.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი თავად ბავშვის ქცევაა. პირველი სამი თვე ბავშვების უმეტესობა წრიალებს, ცუდად სძინავს, ხშირად ტირის, ძნელად მშვიდდება. ბავშვის ქცევა მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ამყოფებს დედებს და თრგუნავს მათ - აფიქრებინებს, რომ ბავშვის მოვლას თავს ვერ ართმევენ, “რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, როგორც საჭიროა”.ძუძუთა ბავშვის ქცევამ შეიძლება გამოწვიოს დედის დეპრესია და პირიქით - დეპრესიით დაავადებული დედა სავსებით შეიძლება იქცეს ბავშვის არაადეკვატური ქცევის მიზეზად.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალების 10%-ს ემართება. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებია: შფოთვა, ფორიაქი, გაღიზიანებადობა, უსუსურობის ან დათრგუნვილობის განცდა, ტირილისადმი მიდრეკილება, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, ანორექსია (მადის დაკარგვა) ან ბულიმია (ხარის მადა), ძილიანობა ან უძილობა, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ჩაკეტილობა, შიში, არ ავნო ბავშვს ან საკუთარ თავს, აგრეთვე ბავშვისადმი ინტერესის დაკარგვა, სიამოვნების მიღების უნარისა და იუმორის დაკარგვა. ასეთ ქალებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ისინი არავის სჭირდება, ფიქრობენ თვითმკვლელობაზე. თუ ასე გაგრძელდა ორ კვირას ან მეტხანს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან. დეპრესია დაავადებაა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალის ჩარევას და მკურნალობას. მკურნალობის მეთოდი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა დეპრესიის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორი არ არის მზად გაიგოს მისი მდგომარეობა იმიტომ, რომ ქალი ამ დროს ძალიან ჩაკეტილია საკუთარ თავში, არ აინტერესებს არაფერი და არავინ, საკუთარი შვილიც კი. პარტნიორის მხრიდან გარკვეული ძალისხმევა აუცილებელია მდგომარეობის შესამსუბუქებლად.ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა. ოღონდ მხარდაჭერა და ყურადღება არ უნდა იყოს ზედმეტი, თავს არ უნდა მოვახვიოთ ზრუნვა. აპათიის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის აუცილებელია განმარტოებით ყოფნის შესაძლებლობა. შეიძლება დავეხმაროთ მას ბავშვის მოვლაში, სახლის საქმეში, ან უბრალოდ ვკითხოთ, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მას ჩვენგან. მნიშვნელოვანია, გვერდით ედგეს ამ დროს მას საყვარელი ხალხი, თვალყური ადევნონ, იღებს თუ არა წამლებს და დადის თუ არა ფსიქოთერაპევტის კონსულტაციებზე. იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მისი მარტოდ არდატოვება წინგადადგმული ნაბიჯია.

მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 15, 6% – ორსულობის დროს და 19, 8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ თემას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეტი დრო და ენერგია უნდა დავუთმოთ და გავაანალიზოთ, რომ დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას შეუძლია, შეუქმნას ბავშვს განვითარებისთვის საჭირო პირობები და მისცეს მას ყველა აუცილებელი რესურსი.



0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0