x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მშობლის როლის მორგება
image
ბავშვის ყოლა ახალი როლების და პასუხისმგებლობის ათვისებას მოითხოვს, როგორც დედისგან ასევე მამისგან. ეს მოვლენა ასევე ახალი სოციალური სტატუსის მიღებას ნიშნავს. ბავშვის დაბადებასთან ერთად მკვეთრად იზრდება მეუღლეების ფიზიკური და ემოციური დატვირთვა. ამ დატვირთვის გაზრდა განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: ძილის ნორმალური რეჟიმის დარღვევა, ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლა, ფინანსური ხარჯები, მზარდი დაძაბულობა და კონფლიქტები, რომლებიც მოვალეობების გადანა­წილებასთანაა დაკავშირებული. დედა გადაღლილია, მამა კი თავს უარყოფილად გრძნობს. ორივე ნაკლებად თავისუფლად გრძნობს თავს ვიდრე მანამდე. ოჯახში ახალი წევრის გაჩენა ამცირებს სიახლოვეს მეუღლეებს შორის და ურთიერთობა ნაკლებად მყარი ხდება. მშობლების ყურადღების ცენტრში ჩვილი ექცევა.

მშობლის როლის მორგება, თავისი სირთულეებით, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც განვითარების უმაღლესი ფაზა თითოეული პარტნიორისთვის ცალ-ცალკე და წყვილისთვის ერთიანობაში.

თუ ქორწინების შედეგად მიღებული როლებისგან და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შესაძლებელია (მაგალითად განქორწინება), იმავეს ვერ ვიტყვით მშობლის როლსა და ვალდებულებებზე. როდესაც მშობელი ხდები, ამას მრავალი ცვლილება მოჰყვება შენს ცხოვრებაში. როდესაც ახალგაზრდა მეუღლეები მუშაობენ და არ ყავთ ბავშვი, მათ მრავალი შესაძლებლობა და ცხოვრების შედარებით მაღალი დონე აქვთ. ხშირად ისინი ყიდულობენ მანქანას, ავეჯს, ტანსაცმელს. სადილობენ რესტორანში და აქტიურად ისვენებენ. ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ მეუღლეებს ხშირად ცხოვრების ასეთ სტილზე უარის თქმა უწევთ, როდესაც მოზრდილები მშობლები ხდებიან მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების მრვალ სფეროში ცვლილებები ხდება:


  • იდენტობის და ადამიანის პირადი, შინაგანი ცხოვრების სტილის ცვლილება.
იცვლება ადამიანის იდენტობა და მათი წარმოდგენები ოჯახურ ცხოვრებაზე.

  • როლების გადანაწილება და ცვლილებები მეუღლესთან ურთიერთობაში.

როდესაც ორივე მეუღლე გადაღლილია უძილობის და ბავშვის გაზრდასთან დაკა­ვშირებული პრობლემების გამო, მათ არ აქვთ საშუალება საკმარისი დრო გაატარონ ერთად.

  • უფროსი თაობის როლების და მათთან ურთიერთობის ცვლილება.
ბავშვის გაჩენა არამხოლოდ მის მშობლებს, არამედ ბებია-ბაბუასაც ეხება.

  • როლების და ურთიერთობების ცვლილება ოჯახის გარეთ.
ეს ცვლილებები განსაკუთრებით დედას ეხება, რადგან მას გარკვეული პერიოდით სამსახურის დატოვება უწევს რათა ჩვილზე იზრუნოს.

  • ახალი როლები და ურთიერთობები.
მეუღლეებმა უნდა მიიღონ საკუთარ თავზე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ახალი პასუხისმგებლობები.


მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ბევრი საერთო საზრუნავი აქვთ, დედ-მამას შესაძლოა განსხვავებული რეაქციები ჰქონდეთ ბავშვის გაჩენაზე. ქალები, როგორც წესი, ცვლიან თავისი ცხოვრების წესს და პრიორიტეტს ოჯახზე ზრუნვას ანიჭებენ. მამაკაცები ამ დროს უფრო ინტენსიურად იწყებენ მუშაობას, რომ უკეთ უზრუნველყონ ოჯახი მატერიალურად.

ბავშვის დაბადება ახალი სტრესის და სირთულეების საფუძველი ხდება. ორივე მშობელი ახალ გრძნობებს განიცდის, ეს არის სიამაყე, გაზრდილი პასუხისმგებლობის შეგრძნებასთან ერთად. ხანდახან, ახალგაზრდა მშობელს ეს პასუხისმგებლობა ზედმეტად მძიმე შეიძლება მოეჩვენოს. ზოგიერთ მამაკაცში შურის გრძნობას იწვევს ქალის უნარი გააჩინოს ბავშვი და მასთან ასეთი ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდეს.

ცოლ-ქმარს უწევს დროის გამონახვა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და სხვა ინტერესებისთვის. ბევრ წყვილს ბავშვის გაჩენის შემდეგ სექსუალური პრობლემები უჩნდება, მატულობს კონფლიქტები, მცირდება ურთიერთო­ბისთვის და საერთო ინტერესებისთვის დათმობილი დრო.

თუმცა ბავშვის გაჩენა ეს ოჯახის ახალ ეტაპზე გადასვლა უფროა ვიდრე კრიზისი. მრავალი წყვილი აღნიშნავს, რომ მათ უმნიშვნელო სირთულეები განიცადეს ახალ სიტუაციასთან მორგებისას. თუმცა ოჯახური წყვილების 20-30% უფრო მეტად კმა­ყოფილი იყო ოჯახური ურთიერთობებით ბავშვის გაჩენის შემდეგ.

მშობლის როლის მორგებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. დედისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით მეუღლის მხრიდან. ორსულობის დროს წყვილის ბედნიერება მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა თუ რამდენად კარგად გაუმკლავდება ცოლ-ქმარი ახალ სიტუაციას.

მშობლების თვითშეფასება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს უადვილდებათ ადაპტირება. აგრეთვე მნიშვნელოვანია ბავშვის თავისებურებები. მაგალითად, რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვის მშობლებს ხშირად აღენიშნებათ ცოლ-ქმრული ურთიერთობებით უკმაყოფილება.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0