x
მოზრდილობის პერიოდი, სქესობრივი მომწიფება და ინტელექტუალური ცვლილებები
image


მოზრდილობის პერიოდის ზოგადი მიმოხილვა ადამიანის განვითარების ეტაპებს შორის მოზრდილობის ასაკი ყველაზე მნიშვლევონი და დატვირთულია სხვადასხვა სახის მოვლენებით: ბავშვის სხეული იცვლება, იწყება სქესობრივი მომწიფება და მის მეორე ეტაპზე სრულდება, ასევე დიდ ნაბიჯებს დგავს მოზრდილი გონებრივ და სოციალურ განვითარებაში.

ეს ასაკი ემთხვევა საშუალო სკოლის მეორე საფეხურს, საბაზო სკოლას, იწყება დაახლოებით 11-12 წლიდან და 15-16 წლებში მთავრდება, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს პერიოდი 19 წლის ასაკში სრულდება. თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მეტი ცოდნისა და უნარ-ჩვევის დაუფლება უწევს მოზრდილს, ამიტომ ეს პერიოდიც იზრდება. მიგვაჩნია, რომ მოზრდილობის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ამას კლასიკური პედაგოგიკა თვლის.

ამ პერიოდს გარდამავალს უწოდებენ, რადგან ბავშვი მოწიფულობის მდგომარეობაში გადადის და მხოლოდ სქესობრივ მომწიფებას ასწრებს, ხოლო სოციალური და გონებრივი მომწიფების პროცესები გრძელდება და ჭაბუკობის პერიოდში მთავრდება.


უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალური და სოციალ-ვოლიტური განვითარება ამ ასაკში განსაკუთრებულ ხასიათს იღებს. ეს პროცესები ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. რადგან მოზრდილობის ასაკში სექსობრივ მომწიფების პერიოდს ერთვის, იწვევს ინტელექტუალური განვითარების ტემპის აჩქარებას და სოციალურ-ვოლიტური მომწიფების გართულებას.

იმის გამო, რომ მოზრდილობის პერიოდი დატვირთულია ცვლილებებით, მოზრდილს ასევე უწევს ბევრი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება, ის არის ძალიან დაძაბული, აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობები ვიდრე ბავშობის პერიოდში. ეს ყველაფერი აისახება ურთიერთობებში სხვა ადამიანებთან. ყველა მოზარდი ერთნაირად არ განიცდის ამ ასკისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს: ზოგიერთი მათგანი ჩანს ჯიუტი, ზარმაცი, ზედაპირული; ზოგიერთი კი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. თუმცა, ეს ყველაფერი არის გაერეგანი გამოხატულება, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ და მოზრდილის სულიერ მდგომარეობას სრულად ვერ გამოხატავს. ჩვენ განვიხილავთ მოზრდილობის პერიოდის მხოლოდ ორ ასპექტს: სქესობრივ მომწიფებასა და ინტელექტუალურ ცვლილებებს.

სქესობრივი მომწიფება

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სქესობრივი მომწიფება მოზრდილობის პერიოდში იწყება და ამავე პერიოდში მთავრდება; იგი ადამიანის ორგანიზმს რეპროდუქციის უნარს აძლევს. სხეულის მკვეთრ ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები. ამ უკანასკნელთა ზეგავლენით გამოვლენილ ცვლილებათა შეჩვევა ქმნის მოზრდილში შემდგომში განუმეორებელ, სხეულებრივ და სულიერ მდგომარეობას. მოზრდილობის პირველი ფაზისთვის (წინაპუბერტატულისთვის) ეს განსაკუთრებით ვლინდება და მეორე ფაზაში (პუბერტატულში) უკვე დასრულებულ სახეს იღებს.

ბავშვი სქესობრივი ცხოვრებისადმი ისეთივე ცნობისმოყვარეობას იჩენს, როგორც სხვა მოვლენებისადმი. იგი მის ნამდვილ მნიშვნელობას ვერ სწვდება. ბავშვები ხშირად უთვალთვალებენ სხვის სქესობრივ ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ იწვeვს მასში სქესობრივ აღგზნებას. მოზრდილობის ასაკში უკვე ნანახი და გაგონილი იწვევს მათში სქესობრივ აღგზნებას. გარდამავალ ასაკში მდგომარეობა მთლიანად იცვლება. მოზრდილობაში პირველად იჩენს თავს მომწიფებასთან დაკავშირებული ემოციური ხასიათის განცდები, რომლებიც მის ფსიქიკურ სტრუქტურაში თვალსაჩინო ადგილს იკავებს. სქესობრივ მომწიფებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: კვება, ჯამრთელობა, კლიმატი, ტემპერატურა, გენეტიკა.

ჰორმონალური ცვლილებები

„ჰორმონები არის ძლიერი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ენდროკრინული ჯირკვლების მიერ გამოიყოფა და მთელ სხეულს სისხლის საშუალებით გადაეცემა“ (ჯანაშია.., 2008 : 11). მოზრდილობის ასაკში კი ჰორმონების კონცენტრაცია იზრდება. იგი ძლიერ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, მათ შორის ნერვულ სისტემაზე და მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარებას უწყობს ხელს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭებს, რომლებსაც უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ უნარიანობაზე, ტესტესტერონის უფრო მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ გოგონები, რომლებშიც ესტრადიოლის რაოდენობა დიდი იყო, უფრო მეტ გაბრაზებას და აგრესიას ავლენდნენ. მაგრამ მოზარდთა განვითარება მარტო ჰორმონალურ ეფექტებზე არაა დამოკიდებული. სოციალური ფაქტორები უფრო კარგად ხსნის გოგონების დეპრესიასა და გაბრაზებას, ვიდრე ჰორმონალური ფაქტორები. მოქმედებასა და განწყობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონებზე. სტრესს, კვებას, ვარჯიშს, დაძაბულობას, დეპრესიას შეუძლია გაააქტიუროს ან ჩაახშოს ჰორმონალური სისტემის სხვადასხვა ასპექტი.

შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამოყოფილი ჰორმონები ნერვლ სისტემაში ცვლილებას იწვევს, რაც მოზრდილის ქცევასა და ხასიათში ვლინდება. საციცოცხლო ენერგიის მეტი ნაწილი მომწიფების პროცესებზე იხარჯება, რაც იწვევს შინაგან აღგზნებულებას, ორგანიზმის დაღლილობას და სისხლნაკლებობას. მოზრდილები ხდებიან უკმაყოფილონი, გულცივნი, უხეშნი და ჯიუტნი.

ტვინის პროცესები - აღგზნება და შეკავება - არაა გაწონასწორებული. აღგზნების პროცესები სჭარბობს შეკავებით პროცესებს. აღგზნება ზოგჯერ ისეთი სიძლიერით მიმდინარეობს, რომ მოზრდილს ძალა არ ჰყოფნის გაუმკლავდეს საკუთარ ქცევას. ისინი ამჩნევენ საკუთარი ქცევების უაზრობას და უსაფუძვლობას. უნდათ, რომ გამოსწორდნენ და სხვანაირები იყვნენ, თუმცა აღგზნების მაღალი დონე და შინაგანი იმპულსების უმართაობა მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ეს იწვევს მოზრდილებში საკუთარი თავისადმი რწმენის დაქვეითებას. ჩვეულებრივ პირობებში ეს პროცესები გოგონებთან 12-13, ხოლო ბიჭებთან 14-15 წლებში მიმდინარეობს. ამიტომ სქესობრივი მომწიფების პირველ ფაზას “ნეგატიურ ფაზასაც“ უწოდებენ. ხოლო მეორე ფაზას “პოზიტიურს“ უწოდებენ, რადგან ემოციები დადებით მიმართულებას იღებს.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ სქესობრივი მომწიფება ცალკე კი არ მიმდინარეობს როგორც დამოუკიდებელი პროცესი, არამედ ორგანიზმის ზრდასთან ერთად. მომწიფების პირველი ნიშნების გამოჩენასთან ერთად ირღვევა სხეულის პროპორციულობა, რომელიც ბავსშვობის ასაკისთვის იყო დამახასიათებელი. იზრდება კიდურები, ქსოვილები, ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ყველაფერი ეს გავლენას ახდეს მოზრდილის სხეულის ჩამოყალიბებაზე.

ინტელექტუალური ცვლილებები

მოზრდილობის ასაკში ინტელექტუალურ განვითარებაში დიდი ცვლილებები ხდება. ჩნდება აზროვნების ახალი და მაღალი ფორმები. კონკრეტულ-საგნობრივი აზროვნებიდან მოზარდი გადადის აბსტრაქტულ, განყენებულ აზროვნებაზე. თუმცა, ეს პროცესი ერთბაშად არ ხდება და თანდათანობითი ხასიათისაა, რასაც ვერ ვიტყვით ტვინის ზომაზე. ამ დროს მოზრდილის ტვინი ზრდადასრულებულისას გავს. მაგრამ მისი ფუნქციური შესაძლებლობები ჯერ არაა დასრულებული. მაგალითად, აგზნებისა და შეკავების პროცესებზე პასუხისმგებელი ქერქი ვერ არეგულირებს შეკავებას. შედეგად, მოზრდილს უჭირს საკუთარი ქცევებისა და ემოციების კონტროლი. ალბათ, ხშირად გინახავთ როგორი აგრესიულობითა და ემოციურობით გამორჩევა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი. აღმზრდელებს უჭირთ მასთან მუშაობა. აღზრდა რომ სწორი მიმართულებით წავიდეს, აღმზრდელებს მმართებთ დიდი მოთმინება. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი პედაგოგიური გამოცდილება.

სწავლებისა და განათლების პროცესში უმნიშვნელოვანესი მიზანია მოზრდილის კოგნიტური განვითარება. ეს გულისხმობს აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯის უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.

ფრანგი მეცნიერი პიაჟე ინტელექტუალური განვითარების ოთხ სტადიას გვთავაზობს, რომელთაგან ჩვენთვის მნიშვლენოვანია მეოთხე, ფორმალუროპერაციული სტადია. ესაა აზროვნების ისეთი სახე, როდესაც აღქმისა და წარმოდგენის გრძნობადი შინაარსის ტყვეობიდან გათავისუფლება ხდება და იწყება ლოგიკური აბსტრაქტული ოპერაციების წარმოება. ის იწყება 11-12 წლიდან და გრძელდება ზრდასრულ ასაკამდე. ამ სტადიას ზოგი მოზარდი მალე აღწევს, ზოგი გვიან. არ არსებობს კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდი შეიძლება იყოს 12 წლის, თუმცა არ ჰქონდეს ფორმალუროპერაციული აზროვნება და ისევ კონკრეტული საგნებით ოპერირებდეს.

ფორმალუროპერაციულ სტადიაზე მყოფი მოზარდი აზროვნებს არა მარტო კონკრეტულ და რეალურ, არამედ აბსტრაქტულ, განყენებულ, არარეალურ საგნებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. ამიტომ მას უკვე შეუძლია აბსტრაქტული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, ისეთი ცნებების გაგება როგორიცაა უარყობითი რიცხვი, პი და უსასრულობა. ესმის, რომ ტემპერატურამ შეიძლება ნულს ქვემოთ დაიწიოს და რომ ორი პარალელური ხაზი ერთმანეთს არასოდეს შეეხება, უსასრულობამდეც რომ გაგრძელდეს.

პიაჟეს აზრით, ფორმალუროპერაციული სტადიისთვის დამახასიათებელი აზროვნების ფორმები, დაახლოებით 11-15 წლის ასაკში იჩენს თავს, მაგრამ ბევრი ადამიანი ვერასოდეს აღწევს ამ სტადიას. ხშირად ადამიანები ფორმალუროპერაციულ აზროვნებას მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში იყენებენ, როგორც მოზარდ, ასევე ზრდასრულ ასაკში.

ამ ასაკშივე ხდება აზროვნების საკუთარ თავთან მიმართება. მოზარდი აკვირდება საკუთარ შინაგან სამყაროს, მსჯელობს და შეფასებებს აკეთებს მასზე. ასევე ახდენს შედარებას სხვა ადამიანების ფსიქიკურ განვითარებასა და შეხედულებებზე. ზოგჯერ მოზარდის თვითდაკვირვება ეგოცენტრიზმით ხასიათდება და საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით საზრდოობს. მაგალითად გოგონა, რომელიც შეყვარებულს დაშორდა, ვერც კი წარმოიდგენს თუ სხვებსაც შეუძლიათ ამ ტკივილის განცდა. ზოგიერთ მოზარდში ეგოცენტრიზმი ასევე ხასიათდება საკუთარი უვნებლობის შეგრძნებით. ასეთი მოზარდები ხშირად განუსჯელ და მოუფიქრებელ საქციელს ჩადიან, როგორიც არის ნარკოტიკების გამოყენება, მანქანის სწრაფად ტარება და თვითმკვლელობის მცდელობა. ეგოცენტრიზმი ნორმალური მოვლენაა მოზარდში და უფრო ხშირია საბაზო საფეხურის მოსწავლეებში.ეგოცენტრიზმის დადებითი გამოვლინებაა საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების აღმოჩენა და მათი გამოსწორებისთვის ზრუნვა. ეს მოზარდში პიროვნული თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. თვითდაკვირვება, თვითშეფასება და თვითკრიტიკა თვითაღზრდისათვის საჭირო ფსიქოლოგიურ პირობებს ქმნის.

მოზრდილობის ასაკშივე იღვიძებს აზროვნების ახლი მიმართულება, რასაც შეიძლება მსოფლმხედველობა ან იგივე ფილოსოფიური აზროვნება ვუწოდოთ. იგი ფიქრს იწყებს სამყაროს უსაზღროობაზე, სიცოცხლის არსზე, სიკვდილზე ქვეყნიერების დასაბამსა და დასასრულზე და ისეთ პრობლემებზე რომლებიც ფილოსოფიურ ან რელიგიურ ხასიათს ატარებს. მათ უვითარდება დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნებითი უნარები. თუმცა, მის პირველ ეტაპზე მეტად ზერელეა და ზოგჯერ ლოგიკურობას მოკლებული. აღმზრდელმა ხელი უნდა შეუწყოს ამ აზროვნების სწორად განვითარებას და მათი ზერელეობის გამო, მოზარდი დასაცინი რომ არ გახდეს.

მოზარდობის პერიოდის ერთგვარი შეჯამება

ზემოთ ბევრი ითქვა სქესობრივ მომწიფებასა და ინტელექტუალურ ცვლილებებზე, რომლებიც თან ახლავს გარდატეხის ასაკს. გაკვრით ვახსენეთ სოციალურ-ვოლიტური პროცესიც. მოზარდის განვითარების განხილვისას მისი გამოტოვება არ შეიძლება. მოზარდი სწავლობს იმ ცვლილებებთან შეგუებას, რომლებიც ერთბაშად ატყდება თავს. ამ ყველაფერს სტიქიური ხასიათი აქვს, ამიტომაა ეს ასაკი განსაკუთრებით განუმეორებელი ადმიანის ცხოვრებაში. მოზარდი სზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადება და პასუხისმგებლობებიც ემატება. სწავლობს საკუთარ თავს, აკვირდება მას და ეგუება ახალ პროცესებს, რომლებიც მასში ხდება; უყალიბდება ნებელობითი უნარები და უმუშავდება სოციალური უნარებიც. ამ ასაკშივე სწავლობს მოზარდი მშვენიერების აღქმის უნარს. იხვეწება და გარკვეულ მიმართულებას იღებს ესთეტიკური გრძნობები, რაც ასე აუცილებელია ჰარმონიული აღზრდისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი მომწიფების პროცესი მოზარდში ნეგატიურად მოქმედებს და სხვა ცვლილებებიც სტრესის ქვეშ ამყოფებენ მას, თუ აღზრდა თავიდანვე სწორი მიმართულებითაა წარმართული, ყველა პრობლემა ადრე თუ გვიან დასაძლევს ხდის.

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0