x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექსპერიმენტული და კორელაციური მიდგომა ფსიქოლოგიაში


image


ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ფსიქიკასა და ქცევას. იგი ცდილობს შეისწავლოს ინდივიდის ქცევის თავისებურებები და ფსიქიკური პროცესები. არსებობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგი, რომლებიც განსხვავებულად სწავლობენ ინდივიდის ქცევასა და მის ფსიქიკურ პროცესებს. თუმცა ერთი რამ გარდაუვალია, ფსიქოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება და ფსიქოლოგები დანამდვილებით და 100% ით ვერ დებენ რეზულტატს. ფსიქოლოგიაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ექსპერიმენტული მეთოდი, რომლის საფუძველზეც ფსიქოლოგებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან ჰიპოთეზები, შეამოწმონ ის ემპირიულად და შექმნან თეორიები, სწორედ ასე იქმნებოდა ყველა ფსიქოლოგიური თეორია, რომელმაც დღეს ჩვენამდე მოაღწია.

როგორც აღვნიშნე, ექსპერიმენტულ მეთოდს დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგიური თეორიების ფორმირებაში. ექსპერიმენტული მეთოდი არის კვლევის მეთოდი, რომელიც დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულაციას გულისხმობს, რათა დადგინდეს მისი ეფექტი დამოკიდებელ ცვლადზე. (Zimbardo, 2010). სანამ ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებლობა დადგება, მანამდე საჭიროა გავიაროთ ორი ეტაპი: ერთი, ეს არის აღმოჩენის ეტაპი და მეორე, დასაბუთების ანუ შემოწმების ეტაპი. აღმოჩენის ეტაპზე ჩვენ გამოვთქვათ მოსაზრებებს და ჩვენვე მოსაზრებებს, დაკვირვებასა და ცოდნას სიახლისკენ მივყავართ. მეორე ეტაპზე კი არსებულ მოსაზრებებს ვასაბუთებთ და ვამყარებთ. ჩვენს მიერ შექმნილმა თეორიამ უკვე ცნობილი ფაქტების ახსნა უნდა შეძლოს და ამასთანავე ახალი იდეები და ჰიპოთეზები შემოგვთავაზოს.


ექსპერიმენტის ჩატარებისას გასათვალისწინებელია ბევრი გარემოება.ექსპერიმენტის ჩატარებისას პირველ რიგში აუცილებელია გამოიყოს ორი პირობა: საკონტროლო და ექსპერიმენტული პირობა. ექსპერიმენტულ პირობებში განთავსდება კვლევის მონაწილეთა ჯგუფი, რომლებზეც ახდენენ სპეციალურ ზემოქმედებას (ექსპერიმენტატორის მიერ დამოუკიდებელი ცვლადით მანიპულირება), ხოლო საკონტროლო ჯგუფში ადგილი არ აქვს ამგვარ ზემოქმედებას. ექსპერიმენტული მეთოდისას გამოიყოფა ორი ძირითადი ცვლადი: დამოუკიდებელი და დამოკიდებული. დამოუკიდებელი ცვლადით ექსპერიმენტატორი მანიპულირებს კვლევის მონაწილეებზე, ხოლო დამოკიდებული ცვლადი არის ის, რაც მანიპულაციის შედეგად გამოვლინდება ცდის პირებთან. არსებობს დამატებითი ცვლადიც, რომელიც მონაწილის ქცევაზე ზემოქმედებს და აუცილებელია მისი გაკონტროლება ექსპერიმენტატორის მიერ. ჩნდება კითხვა, როგორ ირჩევა ექსპერიმენტისთვის ცდის პირები? ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი, რეპრეზენტატული შერჩევა_შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტატულია, თუ ის იმეორებს პოპულაციის ზოგად მახასიათებლებს, როგორებიცაა მაგ: სქესი, ასაკი და სხვ. (Zimbardo 2010) ექსპერიმენტის ფარგლებში ვხვდებით ასევე რამოდენიმე სქემის ტიპს:ცდის პირთა შორის სქემა და ცდის პირთა შიგნით სქემა. პირველ შემთხვევაში ცდის პირებს შემთხვევითად ანაწილებენ ექსპერიმენტულ და საკონტროლო პირობებში, მხოლოდ ცდის პირთა შიგნით სქემა, სადაც თითოეული ცდის პირი საკუთარი თავის კონტროლია. ასევე ვხვდებით A-B-A სქემას, სადაც ცდის პირები ჯერ ხვდებიან საფუძვლის პირობებში (A), შემდეგ ექსპერიმენტულ ჩარევაში (B), და ბოლოს უბრუნდებიან საფუძვლის პირობას (A) (Zimbardo 2010). ექსპერიმენტის ჩატარებისას მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმი, გვაქვს კონტროლი ორი ფორმა: ორმაგად ბრმა კონტროლი და პლაცებო კონტროლი. ორმაგად ბრმა კონტროლის შემთხვევაში თავიდან ვიცილებთ ექსპერიმენტატორის მოლოდინის ეფექტს, რაც ხელს უშლის ექსპერიმენტის წარმატებით დასრულებას, არც ექსპერიმენტატორმა და არც მონაწილემ არ იციან, რომელ პირობებში მოხვდებიან. რაც შეეხება პლაცებო კონტროლს, ამ დროს ჩარევა არ ხდება. არსებობს უამრავი ცნობილი ექსპერიმენტი, სადაც კარგად ჩანს ექსპერიმენტის ჩატარების სპეციფიკა და ექსპერიმენტის მიმდინარეობა. მაგ: ფილიპ ზიმბარდოს მიერ ჩატარებული სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი, მილგრემის ექსპერიმენტი, პატარა ალბერტზე ჩატარებული ექსპერიმენტი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერიმენტი მსოფლიოს მასშტაბით ათი ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტების რიგს იკავებს. აქვე მინდა აღვნიშნო ექსპერიმენტის ჩატარების მნიშვნელოვანი გარემობა, რასაც ეთიკური საკითხები ეწოდება. ექსპერიმენტი ეთიკურად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ ცდის პირი წინასწარ არის ინფორმირებული ექსპერიმენტის პირობების შესახებ და ნებაყოფლობით აწერს ხელს ხელშეკრულებას, ექსპერიმენტის მონაწილეს არ უნდა მიადგეს ფიზიკური, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზარალი ექსპერიმენტის პირობებში, ყველა მონაწილეს აქვს უფლება დატოვოს ექსპერიმენტი ნებისმიერ დროს და აუცილებელი პირობაა კონფიდენციალობის სრული დაცვა. დღესდღეობით ნაკლებად ტარდება არაეთიკური ექსპერიმენტები, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერიმენტის ჩატარებამდე მას განიხილავს სპეციალურად შექმნილი ეთიკური საბჭო და თუ კი დაადასტურებს მის ეთიკურობას, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისი ჩატარება.





ექსპერიმენტული მეთოდის გარდა, ფსიქოლოგიაში არანაკლებ მნიშვნელოვან მეთოდს, კორელაციურ მეთოდსაც, იყენებენ. კორელაციური მეთოდის საშუალებით შესაძლებელია განსაზღვრა, თუ რა ზომითაა ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ცვლადი (Zimbardo 2010).კორელაციის უფრო ზუსტად განსაზღვისთვის ფსიქოლოგებს შემოაქვთ სტატისტიკური საზომი, კორელაციის კოეფიციენტი, რომელიც ორ ცვლადს შორის კავშირის ხარისხს აჩვენებს, გამოისახება r-ით. ორ ცვლადს შორის დადებითი კორელაცია გვაქვს მაშინ, როცა ერთი ცვლადის ზრდით, მეორე ცვლადიც იზრდება ან პირიქით ერთი ცვლადის შემცირებით შესაბამისად მცირდება მეორეც (+1), უარყოფითი კორელაცია ნიშნავს, რომ ერთი ცვლადის მაჩვენებლის ზრდას, მეორის შემცირება მოჰყვება (-1) და გვაქვს ნულოვანი კორელაცია, როდესაც ორ ცვლადს შორის კორელაციას ადგილი საერთოდ არ აქვს (0).



საბოლოოდ, რომ შევადაროთ ექსპერიმენტული და კორელაციური მეთოდი, მათ შორის დიდ სხვაობას დავინახავთ. ექსპერიმენტული შედეგები მიზეზ-შედეგობრივი ანუ კაუზალური ბუნებით ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ცვლადი მიზეზია მეორის ცვლილებისა, რასაც კორელაციური მეთოდი არ გვაძლევს. კორელაციის შემთხვევაში ცვალდები ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე, თუმცა არ იწვევენ ერთმანეთს. საერთო ჯამში ორივე მეთოდი უდიდეს როლს თამაშობს ფსიქოლოგიაში და ახალი თეორიების შექმნას უწყობს ხელს.



0
387
შეფასება არ არის
ავტორი:დეა დიხამინჯია
დეა დიხამინჯია
387