x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის
image

საქართველოს კვლავ სტუმრობს დიდი იტალიური ხელოვნება. კაპიტოლიუმის მუზეუმების არაჩვეულებრივი ანტიკური მოზაიკის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ექსპოზიციას "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან". 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.


ეს ღონისძიება ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან ესენია: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და "დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი", ქართული მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

image


გამოფენა ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა გახსნა, რომელმაც განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენია იტალიის ელჩი ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, რომლის მისიაც ამოიწურა. მისივე თხოვნით, დამსწრე საზოგადოება მხურვალე ემოციით მიესალმა და ასევე გააცილა დიპლომატი: „ორმაგი გრძნობა მაქვს: ძალიან გული მწყდება, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანი ტოვებს საქართველოს, “ აღნიშნა ბატონმა დავითმა „მაგრამ, გვაქვს სასიხარულო გრძნობაც _ ამ შესანიშნავ გამოფენას ვხსნით, რომელიც აჩვენებს, რომ ბატონმა ანტონიომ [საქართველოში] დატოვა კვალი. ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის, ამდენი არაჩვეულებრივი გამოფენისთვის ამ ბოლო წლების განმავლობაში.“ მისი თქმით. ეს გამოფენა საქართველოში აბსოლუტურად პირველად, არქეოლოგიურ ქანდაკებებს წარმოგვიდგენს. „ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ თბილისში გვეხილა სხვადასხვა ეპოქები, დაწყებული ადრეული რომაული პერიოდიდან თითქმის თანამედროვე ხელოვნებამდე. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეს იყო საგანმანათლებლო და არა კომერციული პროექტი. ასე რომ, ბევრი ახალგაზრდა არამარტო თბილისიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან, ეზიარა დიდ ხელოვნებას. ასევე, ბევრი მეცნიერი მიიღებს ამ გამოფენიდან ინსპირაციას.“ დავით ლორთქიფანიძემ ბატონ ანტონიო ენრიკო ბარტოლის „ნამდვილი პატრიოტი“ უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, წარმოაჩინა თავისი ქვეყნის დიდი ხელოვნება და აჩვენა, რომ რომი არამარტო ძლევამოსილი სახელმწიფო, არამედ ხელოვნების უდიდესი ცენტრი იყო.

image

შემდეგ, ლევან ხარატიშვილმა, კულტურის მინისტრის მოადგილემ მიმართა დამსწრე საზოგადოებას: „ორი წლის წინ დავიწყეთ ეს მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანი იყო, რომ უდიდესი კულტურის ნიმუშები მიგვეწვდინა იმ ქართველი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ იტალიაში გამგზავრებას. ეროვნულმა მუზეუმმა დაამტკიცა, რომ ის არის ხარისხის ინდიკატორი და მას შეუძლია, არამარტო უმასპინძლოს ასეთი ტიპის მეგა პროექტებს, არამედ თავადაც იყოს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზატორი და ინიციატორი. ჩვენი სამინისტრო ამ პროგრამის ერთგული რჩება და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან. განსაკუთრებული მადლობა იტალიის ელჩს, რომელიც ნამდვილად იყო თავისი ქვეყნის არამარტო ზოგადად ელჩი, არამედ კულტურის ელჩი. „

პუბლიკას ასევე სიტყვით მიმართა ერნესტა სანტარელიმ, ფონდის პრეზიდენტმა: „ჩვენი ფონდი არის არაკომერციული. ის მომდინარეობს ბებიასგან, რომელმაც გადასცა დედას, დედამ მე და მე კი ჩემ გოგონას გადავაბარებ. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმპერიული რომის კულტურაზე. აქ წარმოდგენილია იმ დროის კოლექციის პრაქტიკულად ყველა მხარე, რადგანაც იმ დროის რომი ჩასმული იქნა მარმარილოში, და სავსე იყო სვეტებით, ქანდაკებებითა და ბიუსტებით [როგორც ამ გამოფენაზე]. კაპიტოლეუმის მუზეუმი მსოფლიოში უძველეს მუზეუმად შეიძლება ჩაითვალოს და იგი დაახლოებით ხუთ ათასწლეულს მოიცავს თავისი კოლექციების თვალსაზრისით. ისიამოვნეთ ამ გამოფენით, რომელიც თქვენ ძველი რომის შეგრძნებას შეგძენთ.„

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ძვ.წ.აღ. I საუკუნიდან XVIII საუკუნემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გაეცნოს იმდროინდელი მასალების მრავალფეროვნებას და აღმოაჩინოს "მსოფლიო დედაქალაქის" (Caput Mundi) მარადიული ხიბლი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკების თითქმის ორი ათასი წელი და მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილი რომაელთა სახეები და ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თუ ქრისტიანობის მთავარი ფიგურები.

image

დაკვნითი სიტყვა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ წარმოთქვა: „რომაელები ყოველთვის ცდილობდნენ, მოეგოთ დიდი რაოდენობის ადამიანთა გულები და კეთილი ნებით ემოქმედათ. ჩვენ ამ არაჩვეულებრივი გამოფენით ვასრულებთ, არაჩვეულებრივით იმიტომ რომ ეს არის მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, რომელიც ქრონოლოგიურად 2000 წელს მოიცავს. აქ ნახავთ უამრავ პორტრეტს, ასევე, მითოლოგიას, წმინდანთა გამოსახულებებს, ბუნებრივებსა თუ იდეალიზებულებს. თქვენ ნახავთ, როგორ განსხვავებულად მუშაობდნენ სხვადასხვა დროის ხელოვანები ერთსა და იმავე პერსონაჟებზე. აქ არის ბახუსი _ ესოდენ ცნობილი ღმერთი საქართველოსთვის. უღრმესი მადლობა სანტარელების ფონდს _ ეს არის რომაელი კოლექციონერების უძველესი ტრადიციის გაგრძელება. ორი წლის განმავლობაში, 12 გამოფენის მოწყობა შევძელით. ეს დიდი ორმხრივი წარმატებაა. დიდი მადლობა ყველას! საქართველო ყოველთვის ჩვენ გულებში იქნება და ჩვენ დავბრუნდებით. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან საქართველო კულტურული ზესახელმწიფოა და ჩვენ ჩვენი საგანძურები უნდა გავცვალოთ. „

ექსპოზიცია "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან" პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოფენების (მათ შორის, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და რენესანსის ეპოქის სხვა გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, ჩრდ. იტალიის მხატვრობის ძირითადი სკოლების წარმომადგენლების, თანამედროვე მხატვრების და მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდოსადმი მიძღვნილი გამოფენების) გაგრძელებაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გამართული ექსპოზიციები 240.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა, რაც უპრეცედენტო წარმატებაა.











0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0