x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შეუძლია გამოიწვიოს სამიზნის დაზიანება ან სიკვდილი - რა ტყვიები გამოიყენეს 20 ივნისის სისხლიან ღამეს
image


ხელისუფლების წარმომადგენლები და პრემიერი გახარია დღემდე ამტკიცებენ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას არც ერთი აკრძალული ან ლეტალური ტყვია გამოყენებული არ ყოფილა. მათივე თქმით, „გავრილოვის ღამეს“ ტყვიების გამოყენება უმეტესად კანონის დაცვით მოხდა და გადაცდომებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, რომლის გამოვლენაც გამოძიების პრეროგატივაა.


20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან უკვე 4 თვე გავიდა, თუმცა გამოძიებას კონკრეტული შედეგი არც ამ მხრივ დაუდია. ამ დრომდე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პასუხისგებაში სულ სამი სპეცრაზმელი მიეცა. ამჟამად სამივე მათგანი უკვე თავისუფალია.


რეზინის ტყვიებზე და მათ მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საუბარი აქციის დარბევის დღესვე დაიწყო. 20 ივნისს სპეცრაზმმა გარდა სტანდარტული შავი ტყვიებისა, ნარინჯისფერი, ე.წ. რაკეტისებრი ტყვიებიც გამოიყენა.


21 ივნისს „რადიო თავისუფლებამ“ აქციის დაშლისას გამოყენებულ თითოეულ ტყვიაზე ინფორმაცია გაავრცელა. მათ შორის, ნარინჯისფერ ტყვიებზე. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მას გარდა სამიზნის დაზიანებისა, მისი სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია. „შექმნილია პირდაპირ სასროლად. შეუძლია გამოიწვიოს სამიზნის დაზიანება ან სიკვდილი. ნარინჯისფერი ტყვია ანალოგებს შორის ყველაზე ძლიერია.“ - წერია „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ტყვიების ახლო მანძილიდან სროლა დაუშვებელია და სასროლი დისტანცია დაახლოებით 25-30 მეტრს უნდა აღემატებოდეს. მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება ტყვიების დამიზნებით თავის არეში სროლა. მათმა არასწორად გამოყენებამ კი შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. აღნიშნულ თემაზე მან „კომერსანტთან“ ჯერ კიდევ ივნისში ისაუბრა.


„პნევმატური იარაღი ლეტალური არ არის და მთელს მსოფლიოში გამოიყენება, გინდა თუ არა, ასეა, მაგრამ მასაც აქვს თავისი აკრძალვა. პირველ რიგში - არ უნდა ესროლო ახლოდან, გარკვეული დისტანცია არსებობს, ესაა 25-30 მეტრი მაინც და მეორე, არ უნდა ესროლო თავში დამიზნებით. ეს ორი მოთხოვნა არის აუცილებელი. არალეტალური იარაღი არ ნიშნავს იმას, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა . თუ მიბჯენით ესროლე, შეიძლება მოკლა კიდევაც ადამიანი, ამიტომაც ამ წესების დაცვა საჭიროა.“ - ამბობდა ალადაშვილი.


მაშინ „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმმა, რადიოლოგმა სოფო ჭედიამ 20 ივნისს ერთ-ერთი დაზარალებულის ტომოგრაფიის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იგი წერდა, რომ ნარინჯისფერი ტყვიები რეზინასთან ერთად მეტალსაც შეიცავდა.



image



სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ ყოფილი გენერალური დირექტორი, რეზო ჭარბაძე აცხადებს, რომ პოლიციამ ტყვიების გამოყენებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ტყვიის სხეულში შეღწევა. ასეთ შემთხვევაში კი ის უკვე აღარაა არალეტალური, არამედ ჩვეულებრივ ცეცხლსასროლი იარაღის იდენტური ხდება.


„ეს იყო 12 კალიბრიანი რეზინის ტყვიები, ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიის საშუალებით, ბევრ მოქალაქეს ძალიან მძიმე სახის დაზიანება მიაყენა. აქ ძალიან დიდი სიმკაცრე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პოლიციის თანამშრომელმა, რომ არ მიიღოს ლეტალური შედეგი. არ უნდა მოხდეს მისი შეღწევა სხეულში, თუ ხდება ტყვიის მიერ ორგანიზმში მისი შეღწევა, ის უკვე აღარ არის არალეტალური, ის არის ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღი.“ - განუცხადა ჭარბაძემ „რუსთავი 2“-ს.


რეზო ჭარბაძემ „რუსთავი 2“-ს ასევე განუცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ტყვიები თავის დროზე დიდი ცხოველების, მაგ. დათვების შესაჩერებლად და თავდასხმის შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად შეიქმნა. „ძირითადი დანიშნულება არის მეტყევეების და გარემოს დამცველების მიერ გამოიყენება მაშინ, როდესაც ხდება მათზე ცხოველის მიერ თავდასხმა, კონკრეტულად კი დათვის მიერ თავდასხმა“ - თქვა ჭარბაძემ.


ნარინჯისფერი ტყვია 20 ივნისის ღამეს არა ერთ მოქალაქეს მოხვდა. მათ შორის იყო გიორგი სულაშვილიც. მას ტყვია თვალში მოხვდა, რის შედეგადაც თვალი დაკარგა და სახის ძვლების მძიმე დაზიანება მიიღო. გიორგის არა ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. თავად დაზარალებული ამბობს, რომ მას ტყვია შემთხვევით არ მოხვედრია და თვალის არეში სპეცრაზმელმა დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროლა. მისივე განმარტებით, ტყვია საფეთქსელს სულ ერთი სანტიმეტრით იყო აცილებული: „რომ მოვიკიდე ხელი, ოთხივე თითი შიგნით შემივარდა. 9 აპრილს რუსმა დაგვხოცა და 20 ივნისს კი ქართველებმა ქართველები დავასახიჩრეთ. გერმანელმა ექიმებაც მითხრეს, ბედი გქონია რომ გადარჩიო. მსგავს სიტუაციაში შეიძლება ადგილზეც მოვმკვდარიყავი. საფეთქელს ერთი სანტიმეტრით იყო აცილებული.“ - განუცხადა გიორგი სულაშვილმა „ფორტუნას“.


რაკეტისებრი ტყვია მკლავში მოხვდა „მთავარი არხის“ მოქმედ და „რუსთავი 2“-ის ყოფილ ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს. მას ძვლის მოტეხილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს აღნიშნული ტყვიების გამოყენების და სროლის ბრძანება. ამ დრომდე კი გამოძიებამ დაზარალებულად მხოლოდ 4 აქციის მონაწილე ცნო. დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ არც გიორგი სულაშვილს და მაკო გომურს, რომელმაც გიორგის მსგავსად გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა. არსებული მონაცემებით სისხლიან ღამეს სულ 200-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0