x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
რატომ ხდებიან ბავშვები ბულერები?
image



იელის მედიცინის ცენტრის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, რა იწვევს ბულინგს და როგორ შეიძლება შევაჩეროთ ის, რათა დავეხმაროთ კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ბავშვებს.


რა აიძულებს ბულერებს მოიქცენენ ისე, როგორც იქცევიან? რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო ხშირად ხდება ბულინგის ობიექტი, ვიდრე სხვები? და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს?


ამ კითხვებზე იყო ფოკუსირებული იელის მედიცინის ბავშვთა კვლევის ცენტრი, როდესაც სწავლობდა ბულერებსა და მათ მსხვერპლებს შორის არსებულ ურთიერთობას.


ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დენის სუხოდოლსკი იყო, რომელიც იელის ბავშვთა კვლევის ცენტრის ასოცირებული პროფესორი და ბავშვებში ბრაზისა და აგრესიის კვლევის ექსპერტია. მან და მისმა კოლეგებმა იკვლიეს ბიოლოგიური და გარემოს ფაქტორები, რომლებიც საფუძვლად უდევს ძალადობას, სხვებისთვის ზიანის, შეურაცხყოფის მიყენებას თუ დაშინებას. მკვლევრების მიზანი იყო, აღმოეჩინათ გზები, რათა დახმარებოდნენ ბავშვებსა და მოზრდილებს უერთიერთობების წარმატებით წარმართვაში და მაქსიმალურად შეემცირებინათ ბულინგის შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება, ამ შემთხვევაში, კვლევა აშშ-ს მოიცავდა. აშშ-ში ოთხიდან ერთი ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, ან თავად ახორციელებს ბულინგს სხვების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, ბულინგი საზოგადოებას დიდ ზიანს აყენებს და ეს საკითხი საკმაოდ კრიტიკული და კომპლექსურია. შედეგები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოქვეყნდა, ამ საკითხთან მიმართებაში მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედებას უსვამს ხაზს. კვლევა ბავშვობაში ბულინგის გამოცდილებას უკავშირებს უამრავ ფიზიკურ, თუ მენტალურ გამოწვევას, დეპრესიას, ქრონიკული დაავადებების გაზრდილ რისკს, შფოთვას და ა.შ. ზოგიერთი მოსაზრებით კი, ის შედეგები, რომლებიც შეიძლება ბულინგმა გამოიწვიოს, უფრო მეტი ზიანის მომტანია ბავშვისთვის, ვიდრე მშობლისგან დეპრივაცია. გარკვეული მოსაზრებებით, ბულინგის ისტორია დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმცირესა და სიცოცხლის არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან. სუხოდოლსკი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბულინგი უარყოფითად მოქმედებს შფოთვაზე, დეპრესიასა და თვითშეფასებაზე. იგი ამბობს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს, არამედ ინიციატორსაც აწუხებს. „ ბულერები თავად განიცდიან საკუთარი საქციელის ნეგატიურ გავლენას“ - ამბობს ის. ისინი არიან შეწუხებულები, დაბნეულები და ხანდახან სოციალურად იზოლირებულნი. ბევრმა ბულერმა უბრალოდ არ იცის, როგორ მოიქცეს სხვაგვარად. სუხოდოლსკი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მათთვის არავის აუხსნია, რას ნიშნავს, გული ატკინო სხვა ადამიანს, ცუდად მოექცე მის გრძნობებს და ნაწილობრივ, სწორედ ეს არის მათი ქცევის მიზეზი.

მონეტის ორი მხარე

პიროვნების საკვლევი კითხვარების გამოყენებით, სუხოდოლსკიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბულერების უმეტესობას “უგრძნობი/არაემოციური“ თრეიტების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს არ უნდა იყოს არც განსჯის და არც დამცირების მიზეზი. პიქირით, ეს გვაჩვენებს მათთვის იმის გააზრების შეუძლებლობას, რომ სხვა პიროვნება მათზე ნაწყენი ან იმედგაცრუებულია. მათ არ შეუძლიათ აღიქვან, რომ სხვა ადამიანი განიცდის დისტრესს. ეს ბავშვები სირთულეებს აწყდებიან ბრაზისა და აგრესიის მენეჯმენტში. მათ უმეტესობას აქვს ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც განაპირობებს მათ ქცევას.

მკვლევრებმა ბულინგის ინიციატორებს MRI (მაგნიტო-რეზონანსული კვლევა) ჩაუატარეს და აღმოაჩნიეს მათ ტვინის სტრუქტურებში განსხვავებული ნიშნები, ასევე ხაზი გაუსვეს აღზრდის სტილის გავლენასა და ადრეული ტრავმების ნეგატიურ კავშირს სოციალურ და ემოციურ განვითარებასთან.

ბავშვთა კვლევის ცენტრი ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას სთავაზობს, როგორც ბულინგის მსხვერპლ, ასევე ინიციატორ ბავშვებს. მკვლევრები აცხადებენ, რომ არ არის საკმარისი დავეხმაროთ მხოლოდ მას, ვინც განიცდის შევიწროებას, დამცირებას თუ ძალადობას, რადგან არანაკლები ზიანი ადგებათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც თვითონ ახორციელებენ ამგვარ ქცევებს. ხშირ შემთხვევაში ისინი განიცდიან სოციალური ცნობიერების ნაკლებობას, არ ჰყავთ როლური მოდელები ოჯახში, ავტორიტეტი, ვერ გრძნობენ მხარდაჭერას მშობლებისგან და ა.შ. თერაპევტები მუშაობენ სოციალური უნარების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ბავშვები დგებიან ისეთი სერიოზული მენტალური გამოწვევების წინაშე, როგორიც არის აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და სხვა.



ის, რაც დადებითად მოქმედებს ბულინგის მსხვერპლებზე, დადებითად მოქმედებს ბულერზეც

ხშირად იმ ადამიანებს, რომლებიც ბულინგის ობიექტები არიან, ურჩევენ, რომ უბრალოდ იგნორირება გაუკეთონ მათკენ მიმართულ დამცინავ, დამამცირებელ რეპლიკებსა თუ ქმედებებს, მაგრამ ეს ხშირად არ არის ყველაზე ეფექტური საშუალება პრობლემისგან გასათავისუფლებად. მნიშვნელოვანია იმ მიზეზების აღმოჩენა, რომლებიც იწვევენ ბულინგს და ხშირ შემთხვევაში იმის გააზრება, რომ თავად ადრესატის "ბრალი" არაფერია. ზოგიერთი ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს, მიიჩნევს, რომ მართლაც იმსახურებს დამცირებასა და დაცინვას. ასევე აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს მხარდაჭერა მშობლების, მასწავლებლებისა და სასკოლო პროცესში ჩართული ყველა ადამიანისგან. ეს ეხება არა მხოლოდ ბულინგის ადრესატს, არამედ ინიციატორსაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხშირად ბულერები თავად არიან გარკვეულ სიტუაციაში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბულინგის მსხვერპლნი.

პრობლემასთან გასამკლავებლად ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც კონცენტრირებულია „პრობლემური ფიქრის სტილის“ შეცვლაზე. ფსიქოლოგები ეხმარებიან არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მშობელსაც, შეიმუშაონ სპეციალური სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ აგრესიისა და ბრაზიდ გაკონტროლებას.

საინტერესოა ჩვიდმეტი წლის მოზარდის, კერის ისტორია, რომელიც იტანჯებოდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით და ამის ფონზე ხშირად ვერ ახერხებდა ემოციების, განსაკუთრების კი ბრაზის გაკონტროლებას. ის ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი და შემდგომში, თავადაც იყო ბულინგის ინიციატორი. მას ჩაუტარდა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ფოკუსირებული იყო ქცევითი პრობლემებისა და ემოციური არამდგრადობის მოგვარებაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ კერიმ უკვე შენიშნა პროგრესი, ის გახდა მეტად კეთილგანწყობილი სოციუმის მიმართ, თავს მეტად უსაფრთხოდ გრძნობდა და უკეთესად აკონტროლებდა საკუთარ ქცევასა და ემოციებს.

ბულინგის ობიექტებმა უნდა გააცნობიერონ, როგორ შეიძლება მათმა რეაქციამ იმოქმედოს ბულერის ქმედებაზე. თერაპევტები უნდა დაეხმარონ მათ სოციალური უნარების გაუმჯობესებაში, მათი ქცევის წინასწრმეტყველების და სპეციალურ შემთხვევებთან დამკლავებაში და იმსჯელონ მათთან ერთად, როგორ შეიძლება სიტუციის შეცვლა. ბულინგის ინიციატორები კი თავის მხრივ, საჭიროებენ დახმარებას. აუცილებელია მათი ოჯახური ისტორიის, სოციო-ეკონომიკური სირთულეების გამოკვლევა. მთავარ მიზანს წარმოადგენს, ბავშვებისა და თინეიჯერების ცნობიერების ამაღლება, რათა მათ შეძლონ არა მხოლოდ თავიანთი ქცევის, არამედ ქცევის შემდგომი შედეგების გაანალიზება, სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა.

ეს დაეხმარება მათ უკეთესი არჩევანი გააკეთონ და მეტად ხელსაყრელი ქცევითი სტრატეგიები შეიმუშავონ, გაუჩნდეს კარგად ყოფნის განცდა, აიმაღლონ თვითშეფასება და ჰარმონიულად შეძლონ ფიქრებისა და ქმედებების ერთმანეთთან შეთავსება. ამისთვის კი, მკვლევრების აზრით, აუცილებელია კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მხრიდან.

მეგობრობა და არა ბრძოლა

მკვლევართა თქმით, არ არსებობს ერთადერთი ან მარტივი გზა ბულინგის პრობლემის გადასაჭრელად. 1990-იანი წლების შემდეგ ამ კუთხით გარკვეული პროგრესი აღინიშნება - ახლა სკოლები მეტ ყურადღებას იჩენენ ბულინგის შემთხვევებისადმი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი მოჰყვა ბულინგის საფუძველზე განხორციელებული სუიციდის ათეულ შემთხვევას, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

ავტორის აზრით, საუკეთესო გამოსავალი ბავშვებში განვითარებისა და სწავლის სირთულეების საფუძვლიანად კვლევას უკავშირდება . ბავშვები საჭიროებენ მხარდაჭერას სკოლასა და ოჯახებში. საუკეთესო საშუალება, რომ შევაჩეროთ ბულინგი, არა იზოლაცია ან იგნორი, არამედ მეგობრული დამოკიდებულება, წახალისება, კეთილგანწყობა და მხარდაჭერაა. ეს ყოველივე კი უნდა მიემართებოდეს არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს, არამედ ინიციატორსაც. ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს მსხვერპლთან, რომელიც მომავალში ფიზიკური, ემოციური თუ სოციალური სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს და საჭიროებს დახმარებას.


0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ქარელი
თინათინ ქარელი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0