x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
სხეულის დისმორფული აშლილობა
image

სხეულის დისმორფული აშლილობა გულისხმობს ობსესიური ფიქრებს სხეულის ან სახის კონკრეტული ნაწილის ნაკლოვანების შესახებ. ეს ნაკლოვანება ხშირ შემთხვევაში გამოგონილი ან გადაჭარბებულია და სხვა ადამიანებისათვის თითქმის შეუმჩნეველი. სხეულის დისმორფული აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომი არის გამოგონილი ნაკლის მუდმივი შემოწმება, დაკვირვება, ასევე ამ ნაკლოვანების დაფარვა მაკიაჟითა თუ ტანსაცმლით, ასევე სოციალური იზოლაცია, რათა სხვა ადამიანებისათვის ეს ნაკლოვანება შეუმჩნეველი დარჩეს. ითვლება, რომ აშშ-ის მოსახლეობის 2.4%-ს აღენიშნება სხეულის დისმორფული აშლილობა. აშლილობა თანაბრად გვხვდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და მისი გამოვლენის ყველაზე გავრცელებული პერიოდი მოზარდობაა.

სხეულის დისმორფული აშლილობის ნიშნები და სიმპტომი განსხვავებულად გვხვდება პიროვნებათა შორის. მსგავსი ინდივიდები ძირითადად ფოკუსირებულნი არიან სხეულის ერთ კონკრეტულ ნაწილზე ან რაიმე ნაკლოვანებაზე, როგორიცაა ხალი ან ჭორფლი, რომელიც აღიქმება დიდად ან შესამჩნევად. სხვა ობსესიები შესაძლოა მოიცავდეს მცირე ზომის შრამებს, აკნეს, სახეს, თავისა და სხეულის თმას, გენიტალიების ან მკერდის ზომასა და ფორმას, კუნთების ზომას, სხეულის ნაწილებისა ან/და სახის ზომას, ფორმასა და სიმეტრიას. მამაკაცებში დისმორფია ხშირად გვხვდება კუნთების დისმორფიის სახით. ის როგორც წესი გამოიხატება სხეულის გადაჭარბებული ვარჯიშით, პროტეინისა და სტეროიდებს გადაჭარბებული მოხმარებითა და პათოლოგიური ბოდიბილდინგით.

სხეულის დისმორფულ აშლილობას ბევრი საერთო აქვს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისას ინდივიდი ხასიათდება განმეორებადი აზრებით, შიშებითა და ხატებით, რომელთაც ვერ აკონტროლებს. შფოთვა, რომელიც ამ განმეორებადი აზრებითაა გამოწვეული, რიტუალებისა და განმეორებადი მოქმედებების (კომპულსიების) საშუალებით მცირდება. სხეულის დისმორფული აშლილობის დროს წარმოსახული ნაკლის შესახებ ობსესიები იწვევს ისეთ რიტუალურ ქცევებს როგორიცაა კანის გაღიზიანება, თმის გადაჭარბებული ვარცხნა და მსგავსი ქცევები. მსგავსი ობსესიაბი უარყოფით გავლენას ახდენს ინდივიდის სოციალურ, პროფესიულ და ოჯახურ ურთიერთობებზე.


ითვლება, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა ხშირად კომორბიდში გვხვდება სიცუალურ შფოთვით აშლილობასთან, დეპრესიასა ან/და კვებით აშლილობასთან.

მრავალი სხვა ფსიქიკურ დაავადებათა მსგავსად სხეულის დისმორფული აშლილობა გამოწვეული რიგი ნეიროლოგიური, ბიოლოგიური, გარემო და გენეტიკური ფაქტორებით. დისმორფოფობიის განვითარების შანსები საგრძნობლად იზრდება, თუ მსგავსი აშლილობით ხასიათდებოდა ინდივიდის ნათესავი, ინდივიდს გამოცდილებაში აქვს ნეგატიური სიტუაციები, როგორებიცაა ბულინგი, დაცინვა. ასევე, აშლილობის განვითარებაზე გავლენას ახდენს პიროვნული ნიშნები - მაგალითად, დაბალი თვით-შეფასება, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გარკვეული სოციალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან კომორბიდობა.

სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ინდივიდები ხასიათდებიან რიგი ნიშნებითა და სიმპტომებით, რომელიც ემოციურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს უქმნით მათ. ხშირად ინდივიდებით ხასიათდებიან:

  • სარკეებისაგან თავის არიდებით
  • სურათის გადაღებაზე უარის თქმით
  • თმის ვარცხნის, გაპარსვის განმეორებადი ქმედებებით
  • აღქმული ნაკლოვანების განმეორებითი შეხებით, შემოწმებით, გაზომვით
  • მაკიაჟის გადაჭარბებული მოხმარებით ან წვერის გაზრდით, რათა დაფარონ ნაკლოვანება
  • კონკრეტული ტიპის ტანისამოსის ტარებით, როგორებიცაა, მაგალითად, ქუდები, შარფები და ა.შ.
  • გადაჭარბებული ვარჯიშით
  • ტანსაცმლის ხშირი ცვლით
  • ექიმებთან, განსაკუთრებით დერმატოლოგებთან ხშირი ვიზიტით
  • მრავლობითი სამედიცინო პროცედურების (მაგალითად, პლასტიკური ქირურგიის) ჩატარებით, რომელიც ემსახურება უმნიშვნელო ან წარმოსახული ნაკლოვანების გამოსწორებას, აღმოფხვრას, თუმცა მსგავსი პროცედურები, როგორც წესი, დამაკმაყოფილებელ შედეგს არ იძლევა
  • სოციალური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი გაუარესებით, სახლის სულ უფრო ნაკლებად ან მხოლოდ ღამით დატოვებით
  • ობსესიებისა და კომპულსიების საიდუმლოდ დატოვებით, რათა თავიდან აიცილონ სოციალური სტიგმა
  • ემოციური პრობლემებით, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, დაბალი თვით-შეფასება, ზიზღის განცდა საკუთარი თავის მიმართ.
  • რწმენით, რომ სხვა ადამიანები უკიდურესად რეაგირებენ მის ნაკლზე.

სხეულის დისმორფული აშლილობის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მკურნალობა გულისხმობს ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების კომბინაციას. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ანტიდეპრესანტებთან ერთად, ყველაზე ეფექტურია მსგავსი აშლილობის მკუნრალობისას. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია მუშაობს ირაციონალურ და ნეგატიურ აზრებსა და მათი პოზიტიურით ჩანაცვლებაზე. კბთ-ის ერთ-ერთი სახე - ექპოზიცია და პასუხის შეკავება გამოიყენებამსგავსი შემთხვევების დროს. ექპოზიცია გულისხმობს ინდივიდისთვის ისეთი გამღიზიანებლის წარდგენას, რომელიც ირაციონალურ რეაქციას იწვევს. პასუხის შეკავება კი გულისხმობს ისეთი ქმედებებისაგან თავის შეკავების სწავლებას, როგორებიცაა მაკიაჟით და ტანსაცმლით ნაკლოვანების დაფარვა. ანტიდეპრესანტები, კონკრეტულად კი სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ხშირად გამოიყენება აშლილობასთან დაკავშირებული ობსესიური აზრებისა და კომპულსიური ქმედებების შესამცირებლად.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
33