x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ მოაგებინა ფისუნია კუკიმ ინგლისელ ცოლ-ქმარს მილიონი სტერლინგი
ინგლისში მდებარე ნოტინგჰემშირის საგრაფოს ამ დღეებში ერთი მილიონერი შეემატა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იღბლიან ჯენტლმენს უზარმაზარი თანხის მოგებაში ოჯახის საყვარელი ფისო-კუკი დაეხმარა.

ჰენკონების ოჯახში ცოლ-ქმრის - პაოლასა და ენდრიუს და მათი ორი შვილის გარდა, ცხოვრობს საყვარელი წითური ფისუნია, სახელად კუკი. კუკი საკმაოდ ჩასუქებული არსებაა და ძალიან უყვარს ჭამა. პრინციპში ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს.




image




იმ წვიმიან საღამოს 10-საათიანი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულ ცოლ-ქმარს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - დაესვენა, თუმცა კუკის კრუტუნმა ენდრიუს გაახსენა, რომ კატისთვის საკვების ყიდვა დაავიწყდა. ფისო კი მრავლისმეტყველი თვალებით შეჰყურებდა პატრონს და კნავილით ითხოვდა საჭმელს. მამაკაცმა ცოტა ხანს ითმინა, მერე კი გადაწყვიტა საქმე კატასტროფამდე არ მიეყვანა (მშიერი კატა მას მთელი ღამე არ დააძინებდა) და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეზარებოდა, უახლოეს სუპერმარკეტში წავიდა კატის საკვების საყიდლად.


რადგან უკვე გვიანი იყო, ენდრიუმ სწრაფად იყიდა კატის საკვები, აიღო ხურდა და მყისიერი ლატარიის ბილეთი, რომელიც წვრილი ხურდის მაგივრად შესთავაზა მოლარემ. მანვე ურჩია ენდრიუს, რომ ბილეთი ადგილზევე გადაეფხიკა. მამაკაცს სურდა სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო, ამიტომ ნაჩქარევად, უგულოდ გადაფხიკა ბილეთი, რადგან ფიქრობდა, რომ ის ამჯერადაც ცარიელი იქნებოდა.

წარმოიდგინეთ ენდრიუს სიხარული და სრული შოკი, როცა გადაფხეკის შემდეგ ბილეთზე 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი აღმოაჩინა. კაცი თვალებს არ უჯერებდა და უკვე მესამედ ეკითხებოდა მოლარეს, ხომ მართლა ექვსნიშნა ციფრი ეწერა ბილეთზე. სიხარულისა და მოულოდნელობისაგან გაბრუებული მაშინვე სახლში გამოიქცა, რათა სასიამოვნო ახალი ამბავი ოჯახის წევრებისთვის გაეზიარებინა.



image



ენდრიუს მიერ მოტანილ ახალ ამბავს სახლში დიდი აღფრთოვანებითა და სიხარულით შეხვდნენ. ბოლოს, როცა პირველმა ეიფორიამ გაიარა, ოჯახის წევრები დამშვიდდნენ და გეგმების დაწყობა დაიწყეს, თუ როგორ და რაში დაეხარჯათ ეს მნიშვნელოვანი თანხა, ისინი ოცნებებიდან კატის კნავილმა გამოიყვანა: აღმოჩნდა, რომ სიხარულისაგან თავბრუდახვეულ ენდრიუს კატის საჭმელი სუპერმარკეტში დარჩენოდა. რადგან უკვე შუაღამე იყო მოახლოებული და სადღეღამისო მაღაზიაც საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობდა, კუკის ბოდიში მოუხადეს და ლორითა და ძეხვით დააპურეს, მეორე დღეს კი ენდრიუმ ფისუნიას მთელი ტომარა მისი საყვარელი საკვები უყიდა, თან დაპირდა, რომ ყოველთვის გაანებივრებდა გემრიელი დელიკატესებით. დამეთანხმებით, რომ კუკი ამას ნამდვილად იმსახურებს-ჰენკონებმა ხომ მილიონი სტერლინგი სწორედ მისი წყალობით მოიგეს.



image


0
202
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0