x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
და მაინც: ევროპა თუ აზია?
ერთადერთმა ფაქტორმა - საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ - გამოიწვია ისეთი მრავალფეროვნება ერის ცხოვრებაში, მსოფლაღქმასა თუ შემოქმედებაში, რომ გაუჩინა მარადიული შეკითხვა ამ ქვეყნის შვილებს: ევროპა თუ აზია? აქ, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი საკითხი იჩენს თავს: რომელი ვართ და რომელი გვინდა, რომ ვიყოთ.

აღმოსავლეთი თუ დასავლეთი? „ამის შესახებ გუშინ შეიძლებოდა კამათი“ - წერდა 1916 წელს გერონტი ქიქოძე, რომლისთვისაც ევროპის კულტურული მეთაურობა, „ძლიერი და სრულქმნილი პიროვნების ევროპული იდეალი“ ყოყმანის საფუძველს აღარ იწვევდა. დრომ გვიჩვენა, რომ არც ასე მარტივადაა საქმე: ეს „გუშინ“ დღესაც გრძელდება.

დღეს, ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელია: გვაცვია ევროპულად, ვმოგზაურობთ, ვსწავლობთ ევროპაში, ევროპულ ლიტერატურას, რიგ შემთხვევაში, მშობლიურზე ხშირად ვკითხულობთ, ვბაძავთ (ვცდილობთ მაინც) ევროპის ქვეყნების განათლების სისტემას, პოლიტიკურ წყობასა თუ ეკონომიკური განვითარების გზებს. ეს ყველაფერი ბადებს ილუზიას, რომ, საკამათო მდებარეობის მიუხედავად, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და ესაა ევროპის გზა. ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული ფრაზა „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ დღემდე დიდის ამბით გვაქვს ატაცებული და გვგონია, ყელმოღერებულნი, პათეტიკურად თუ წამოვისვრით მას, ყველა კითხვას ვუპასუხებთ, რაც საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ორიენტაციას შეეხება. სინამდვილეში, სწორედ ეს ტრაფარეტულობაა ჩვენი პრობლემა - ასე გაუაზრებლად და ბრმად მიღება იმისა, რასაც დასავლეთი გვთავაზობს (ან რადაც გვეჩვენება დასავლეთი) არათუ დაგვაახლოებს ევროპასთან, არამედ სამუდამოდ დააკარგინებს ამ ხალხს ყოველგვარ ინტერესს ჩვენი, როგორც არათვითმყოფადი ერისადმი.

ასევე არასწორია საზოგადოების მეორე ნაწილის დამოკიდებულებაც, რომელიც, პრესით თუ მედიით მიღებული ზერელე ინფორმაციის წყალობით, ყოველგვარ გარყვნილებასთან აიგივებს ევროპას


1879 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ნიკო ნიკოლაძე ოთხ ეტაპს გამოყოფდა ერის ცხოვრებაში: „პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი საკუთარი ტვინით არ ცხოვრობს, მის მაგივრად სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს... მეორე პერიოდს მიმბაძველობითს ეძახიან, იმ დროს წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს. მესამე პერიოდს, ძველებურობის აღმადგენელს, ის დრო წარმოადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არას მაძლევსო, და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათს ყურმოჭრილ მონად ხდება. მეოთხე ეტაპი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის უნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ ის გამორკვევას იწყებს, თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას აძლევს, სხვისი ძლიერება რამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, რისი შეთვისებაც მას შეუძლია, და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, რისი თავიდან მოშორებეაც შესაძლოა.“ აქვე ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ მეოთხე პერიოდი ჯერ ჩვენ არ გვღირსებია. ჩვენში ახლა მეორე და მესამე ეტაპი თანაარსბობს და, თუ ეს დროულად არ გადავლახეთ, უფრო და უფრო გაგვიჭირდება თვითმყოფადობის მოპოვება, რისთვისაც, პირველ რიგში, სწორი ორიენტაციის არჩევაა საჭირო. ამიტომაც გადავწყვიტე, მივბრუნებოდი იმ თემას, რომელიც აქტუალური იყო ჩვენი ისტორიის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე და რომელიც სწორედ ახლა დგას ყველაზე მწვავედ, როცა გზა დასავლეთისკენ აღარაა ჩაკეტილი, აღმოსავლეთი კი ასე საშიშად თვლემს ჩვენშივე. გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაც სწორედ ახლაა ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ნელ-ნელა თავს ვაღწევთ „ვიწრო და ნესტიან სენაკს“.

დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას: ევროპა ვართ თუ აზია? არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა, კულტურის ყოველი სფერო ისეთ ნაზავს აჩვენებს, რომ ნებისმიერ მხარეს გაუჭირდება საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაცვა.

სპარსელების, არაბების, თურქ-სელჩუკების, მონღოლების, ოსმალების - აზიის ამ უძლიერეს წარმომადგენელთა ლაშქრობებმა თუ დაპყრობებმა, რასაკვირველია, უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველთა ცნობიერებაზე, წეს-ჩვეულებებზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე. აზია თითქმის მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ცდილობდა, მოვექციეთ საკუთარ წიაღში და არც თუ მცირე წარმატებას მიაღწია ამ კუთხით. ძლიერი საქართველოს მეფეებსაც კი ბოლომდე არასოდეს გაუწყვეტიათ კავშირი აღმოსავლეთთან, პირიქით, სწორედ ამ დროს ერწყმოდა საქართველოში ერთმანეთს საუკეთესოდ დასავლეთი და აღმოსავლეთი. ავიღოთ თუნდაც ყველაზე დიდი მეფე ქართველთა შორის - დავით აღმაშენებელი - ერთი მხრივ ჯვაროსნებთან მისი კავშირი, მეორე მხრივ, არაბული წარწერები მის მონეტებზე, რაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე მეტყველებს მაჰმადიანურ ქვეყნებთან, ნათლად აჩვენებს, რას ნიშნავს ოქროს შუალედის პოვნა ორ სამყაროს შორის. გასაოცარი და სამაგალითოა გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა, რომელზედაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის არაბი ისტორიკოსის, ელ ომარის ცნობა, რომ ეგვიპტის სულთანთა წერილებში გიორგი დახასიათებულია, როგორც „ხელმწიფე სახელოვანი და სახელგანთქმული... მართლმადიდებელი... ქართველთა სულთანი, რუმისა და ერანის ქვეყნების დამცველი... წმიდათა ადგილთა (პალესტინა-იერუსალიმის) განმადიდებელი... რომის პაპის მშველელი, მუსლიმანთა მეგობარი, მეფეთა და სულთანთა უერთგულესი მეგობარი...“

მიუხედავად ამისა, სიმბოლური და მრავლისმეტყველი მგონია ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი და სამართლიანი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში - დიდგორის ბრძოლა - ფაქტობრივად, იყო ევროპის ხსნა მიწასთან გასწორებისგან . სწორედ ამ ეპიზოდმა ისტორიიდან, ვფიქრობ, საბოლოოდ აჩვენა მთელ მსოფლიოს, სად გადის ევროპისა და აზიის საზღვარი.

საქართველოს მეფეთა ამგვარი დამოკიდებულება საჭიროებით იყო ნაკარნახევი, მაგრამ აქ იწყება მეორე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: რომელ მხარეს გვინდა, რომ ვიყოთ.

ქართველებს თითქოს გვსიამოვნებს კიდეც მიჯნაზე დგომა. ყველაზე უკეთ ეს გაორება, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზების საქართველოში გადაკვეთის სურვილი, მათი „ქორწილის გადახდა ქართული ნადიმით“(გრ. რობაქიძე), მხატვრულ ლიტერატურაში აისახა: „საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის“ (გრ. რობაქიძე), „მე ხელებს გავშლი და შეერთდება დასავლეთი და აღმოსავლეთი“(ლ. ასათიანი), „ჰაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავრგე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს.“ (ტ. ტაბიძე), „მონოკლის და ჩოხის“ რომანტიკა კ. გამსახურდიასთან... თანამედროვე ევროპული გადასახედიდანაც საქართველო მოიაზრება, როგორც „ხიდი ევროპულ და აზიურ ცივილიზაციებს შორის“ (ლუიჯი მაგაროტო, 1982წ.)

უფრო საინტერესოა ამგვარი „სინთეზის თეორიების“ გვერდით არსებული რადიკალური შეხედულებები ქართულ-ევროპულ და ქართულ-აღმოსავლურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რადგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერიგება, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს, ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რის წინაშეც საქართველო დგას.

მკვეთრად ევროპული ორიენტაციის მქონე ქართველ მოაზროვნეთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გერონტი ქიქოძე, რომელიც, ვფიქრობ, ზუსტად გამოთქვამს როგორც საქართველოს ფესვების არსს, ასევე მის დღევანდელ („დღევანდელს“ იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისისგან ჩვენი დამოკიდებულება ევროპისადმი ბევრით არ განსხვავდება) საჭიროებას ევროპასთან კავშირისა : „კარგა ხანია, რაც მსოფლიო მნათობი დასავლეთისკენ გადაიხარა და მანათობელი თუ გამათბობელი კულტურული ენერგია დასავლეთ ევროპიდან ეძლევა კაცობრიობას. ამიტომ დასავლეთის კარების გაღება უდიდეს საკითხს წარმოადგენს ყოველი თვითშემცნობი და მოქმედი ერისთვის. უამისოდ მის კერას გაციება და სახლს გაყინვა მოელის... გადაჭრით შეიძლება ითქვა, რომ ევროპულმა კულტურამ უცილობლად დაამტკიცა თავისი უპირატესობა... ახალი ხანა იწყება კაცობრიობის ცხოვრებაში... ჩვენს სამშობლოს იმდენად ძირითადი კულტურული ფონდი არ ესაჭიროება, რამდენადაც მოძრავი კაპიტალი... ეროვნული ნიადაგი, ამ სიტყვის პირდაპირი და ნართაული მნიშვნელობით, ჩვენც იმგვარივე გვაქვს, როგორიც დასავლეთ ევროპას... ასე რომ, დღეს უფრო ახალი თესლი და ახალი შრომის მეთოდები გვესაჭიროება, ვიდრე ნიადაგის გამოცვლა ან გადაბრუნება. საჭიროა, რომ დასავლეთის კარები ფართოდ გავაღოთ, რათა უხვად შემოვიდეს ევროპული იდეები და შეხედულებები.... თუკი აქამდე კულტურული იდეები გვაკლდა, ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ქვეყანასა და დასავლეთ ევროპას შორის გარდაუვალი ბუნებრივი და სოციალური ზღუდეები იყო აღმართული.“ აღსანიშნავია ისიც, რომ გერონტი ქიქოძე აზიად მიიჩნევდა რუსეთსაც, რომელშიც ანტაგონისტურად თანაარსებობდა ევროპაც, ასე რომ, მასში „მესამე გზის“ დანახვა უბრალოდ აბსურდია და ყველაზე უარესი, რისკენაც შეიძლება ოდესმე პირი იბრუნოს საქართველომ.

ბუნებრივია, ყველას ერთხმად არ უღიარებია ევროპის ეს „აშკარა უპირატესობა“. უზარმაზარი კულტურის მქონე აღმოსავლეთზე უარის თქმა ყველასთვის როდია მარტივი, მათ შორის არც ისეთი ევროპულად აღზრდილი და ევროპული განათლების მქონე მოღვაწისთვის, როგორიც ვახტანგ კოტეტიშვილი იყო. აი, რას წერდა იგი 1920 წელს: „ევროპამ შეგვშალა და ალბად წაგვშლის კიდეც, თუ ასე გაგრძელდა... ახალი თაობა ისევ აზიის შარაგზას უნდა გაუდგეს... აქეთ არის შოთას სასახლე, რუმის ლურჯი ბაღი და ჰაფიზის მინარეთი. აქ ისმის ჩვენი ძველი მონასტრების ზარების რეკა, დერვიშების მონოტონური გალობა და მეუზინების ყივილი მეჩეთის სიმაღლიდან.“ მანვე შემოგვთავაზა დევიზი: უკან აზიისაკენ, წინ წასასვლელად.“ მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ, იგი ვერ გაექცა სიტყვას „უკან“. დიახ, აზია ახლა უკანაა და ამას მასზე შეყვარებული ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ.

საქართველოში ხშირად მსჯელობენ ქართველი თუ ევროპელი სწავლულების შეხედულებებზე ქართველი ხალხის ბუნებასთან დაკავშირებით, მათ დამოკიდებულებაზე დასავლეთთან და აღმოსავლეთთან, იმაზე, თუ რომლის საწყისი მეტია ამ ერში, მაგრამ თითქმის არასდროს ვკითხულობთ, თუ თავად აზიას რა დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი. ის ცდილობს, მოგვაქციოს თავის საზღვრებში, მაგრამ ეს მის შემადგენელ ნაწილზე მზრუნველობით, მეეჭვება, რომ მოსდიოდეს. მეტიც, სავარაუდოდ, არც კი მიგვიჩნევს საკუთარ ნაწილად. აზიელთა დამოკიდებულება ქართველებისადმი შესანიშნავად ჩანს ყურბან საიდის რომანში „ალი და ნინო“, სადაც მთხრობელი, აზერბაიჯანელი დიდებულის ვაჟი ალი ხან შირვანშირი, თავის შეყვარებულსა და მომავალ მეუღლეს, ნინო ყიფიანს, ცალსახად ევროპული ქვეყნის შვილად მიიჩნევს, ხოლო ქორწინება მასთან აღმოსავლეთის დასავლეთთან შეერთებად წარმოუდგენია. საქართველო მისთვის სულ სხვა, აღმოსავლეთისთვის სრულიად უჩვეულო ქვეყანაა, თბილისი - ევროპული დედაქალაქი. რომანში ის ნახსენებიც კი არაა, თუნდაც როგორც მხოლოდ ძველი ნატეხი აღმოსავლეთისა. ალისათსვის საზღვარი ბაქოზე გადის: „თითქოს ბაქოში მართლაც ორი ქალაქი იყო და ერთი მეორეში ისე იყო შერწყმული, როგორც კაკლის გული ნაჭუჭში. ნაჭუჭს ქალაქისა ძველი კედლის გარე ნაწილი იყო: ფართო ქუჩებით, მაღალი სახლებით, ხმაურიანი, ფულს დახარბებული მდიდარი ადამიანებით. ეს ნაწილი ჩვენი მიწის წიაღის ნავთობმა წარმოშვა. აქ იყო უამრავი თეატრი, სკოლა, საავამდყოფო, ბიბლიოთეკა, პოლიცია, ლამაზი ქალები შიშველი მხრებით... სწორედ აქ იწყებოდა ევროპის გეოგრაფიული საზღვარი. ნინოც ამ ნაწილში ცხოვრობდა. ძველი კედლის შიგნით კი დაბალი, ვიწრო აღმოსავლური სახლები იდგა.“

სხვა ეპიზოდებში ალი, როგორც ევროპელ მეუღლეს, სიამაყითც წარუდგენს ნინოს ევროპელ სტუმრებს, როგორც დასავლური აღზრდის მქონე, შესანიშნავი ინგლისურით მოსაუბრე ქალს. აღწერილი აქვს ასევე ნინოს შეურიგებელი ბრძოლა მისთვის მიუღებელ ტრადიციებთან ირანში ყოფნისას.

შორს რომ არ წავიდეთ, ამავე ნაწარმოების ერთი ეპიზოდი შესანიშნავ მაგალითად გამოდგება იმისა, თუ რა ძირეული განსხვავება არსებობს საქართველოსა და აღმოსავლურ ქვეყნებს შორის და რატომ არ გავხდით აზიის ნაწილი, მასთან ასე ახლოს მდგომნი: „თუ ვინმე სამართალს ეძიებდა, კედლის იქითა მხარეს (იგულისხმება „ევროპული“ ნაწილი) უნდა წასულიყო... მაგრამ ასე ცოტანი იქცეოდნენ... ჩვენი ხალხი სამართალს თვითონ ეძიებდა. ნაშუადღევს მეჩეთში მიდიოდნენ, ბრძენი მოხუცები წრეში ისხდნენ და შარიათით, ალაჰის კანონით ასამართლებდნენ: „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, “ - ყველაფერი ნათელია. ერისთვის, რომელიც ჩვიდმეტ საუკუნეზე მეტია, მეწინავე გოდლად უდგას სიყვარულის რელიგიას, სიყვარულის - მოყვასისა და მტრის - ეს სიტყვები, მის მთქმელთა ცნობიერება სხვა, გაუგებარი, შეუთავსებელი სამყაროდან მოისმის. როგორც ვიცით, სისხლის აღების ტრადიცია საქართველოშიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული, მაგრამ მხოლოდ მთიან ადგილებში, სადაც ქრისტიანობა დიდხანს ვერ იკიდებდა ფეხს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასევე, დამოკიდებულებას ქალთან. საქართველოში ქალს იღებენ განმანათლებლად და ამით გადადიან წარმართობიდან სულ სხვა სტადიაზე, ქალს ამეფებენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ევროპასაც კი არ დაუღწევია თავი შუასაკუნეებისაგან, მესიაზე არანაკლებ ეთაყვნაბიან ღვთისმშობელს, მაშინ როცა აღმოსავლეთში ქალი მიაჩნიათ ყანად, რომლის წიაღიც მხოლოდ შთამომავლობის გასამრავლებლად სჭირდებათ. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ ამ ორ სამყაროზე, ეს დეტალიც კი საკმარისი იქნებოდა იმის მისახვედრად, თუ რამხელა უფსკრულია საქართელოსა და აზიას შორის, მიუხედავად ასეთი ტერიტორიული სიახლოვისა.

ბუნებრივია, ვერც ევროპა იქნება ბედნიერების გარანტია. როგორც ლევან ბრეგაძე სამართლიანად აღნიშნავდა, „არც ევროპაა მხოლოდ პრესის თავისუფლება, პიროვნების უფლებების დაცვა და მატერიალური კეთილდღეობის მაღალი დონე; ევროპა არის „ჰომო ფაბერიც“, სულიერებისაგან დაცლილი ადამიანი-მანქანა, რომელსაც სერიულად აწარმოებს დასავლური რაციონალიზმი და ტექნიციზმი.“

და მაინც: საქართველოს არჩევანი დღეს ცალსახად ევროპული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერია ჩვენში სწრაფვა აღმოსავლეთსკენაც, რადგან რაციონალიზმი და ტექნიციზმი პროგრესული მოვლენებია და რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეძლებენ, შეავსონ საკუთრი ნაკლოვანება და ადამიანიც დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას „ჰომო ფაბერიდან“ . ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით თვლემამორეულ აღმოსავლეთზე (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), რომელიც მორევივით ითრევს ყველას უძრაობაში.

თხუთმეტი საუკუნის წინ აიეტისა და ფარტაძის რიტორიკულ პაექრობაში, როდესაც ქართველებს ირანსა და ბიზანტიას შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი, გაიმარჯვა ფარტაძის მოსაზრებამ, აერჩიათ ბიზანტია. ეს იყო ქართველების მიერ პირველი ლოგიკურად გააზრებული და დასაბუთებულიი არჩევანი ევროპისა და ამის შემდეგ ამ გზიდან არც არასდროს გადაგვიხვევია საკუთარი სურვილით. საქართველო, ერთი ნაბიჯით მაინც, უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე აზიასთან: „ადამინათა აზროვნების მანერა აქ უფრო დასავლურია. აღმოსავლურია ყოველდღიური ცხოვრება ... მაგრამ სულირების მხრივ საქართველო, მე ვფიქრობ, უფრო ევროპული ქვეყანაა.“( ჰანს ენცენსბერგერი, 1997 წ.) სვლა კი სწორედ იქითკენ უნდა განვაგრძოთ, საითაც სულიერება გვეწევა.

0
796
შეფასება არ არის
ავტორი:ნატა სიამაიშვილი
ნატა სიამაიშვილი
796
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0