x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
«5 ელემენტი» – ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი (დაბადების წლის მიხედვით)

ძველი ჩინური კალენდრის თანახმად, აღმოსავლური ჰოროსკოპით, დროის ნებისმიერ მომენტში, დედამიწაზე 5 ძირითადი სტიქიიდან, ერთ-ერთი ბატონობს – მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი ან ლითონი. ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სტიქიები არა მარტო ბუნებაზე, არამედ, ადამიანების ხასიათზეც ახდენენ გავლენას. ისინი განსაზღვრავენ მის სულიერ ორგანიზებას, ჩვევებს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანებისა და ნივთების მიმართ.


image


როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჩინური ჰოროსკოპი ყველაზე ზუსტია ჰოროსკოპებს შორის. ხოლო, სტიქიების გავლენის მიხედვით, ადამიანები 5 ჯგუფად იყოფიან:



მიწა


image
მიწის ელემენტის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 9 და 8) საიმედოები და მომთმენები არიან. მიწის ძალა მათ ახლობლებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას ანიჭებს. ისინი ამბიციურები და ამავდროულად, იდეალისტებიც არიან. მიწიერ პრობლემებს ეტაპობრივად, ფხიზელ გონებაზე აგვარებენ. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათი ზნეობრივ-მორალური ფასეულობების გამო, ადამიანები, რომლებიც მათ იცნობენ, ცდილობენ «მიწიერებს» მიბაძონ. «მიწის ადამიანები» აფასებენ ეთიკას და დისციპლინას. მათ, კონსერვატიული ხასიათის წყალობით, საკუთარი რესურსები გონივრულად გამოყენება შეუძლიათ. «მიწის ადამიანებს» კარგი ურთიერთობა აქვთ ფულთან. მათ შეუძლიათ საგნების და მოვლენების პერსპექტიულ ჭრილში დანახვა. ისინი ემოციებს არ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება აქვთ, რომ სხვებს უყვარდეთ.

«მიწიერები» არიან სასტიკები და ჯიუტები. მათ ყველაფრის კონტროლი უნდათ და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესებით და გამორჩენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად, გაურკვევლობა აშინებთ, თან იმდენად, რომ შეიძლება ამის გამო, დეპრესიაშიც კი ჩაცვივდნენ.

მიწის სტიქიის ადამიანები კარგი სტრატეგები არიან. მათი მოღვაწეობის სფეროებია: ვაჭრობა, ლანდშაფტის დიზაინი, დაზღვევა, არქიტექტურა, მეცნიერება, სტატისტიკა.

სეზონი – ყველა, რადგან მიწა არის პასუხისმგებელი სეზონების ცვლილებებზე.

სტიქიის ფერი – ყვითელია.

მგრძნობიარე ორგანო – საჭმლის მომნელებელი სისტემა, კერძოდ, ელენთა და კუჭი.

რეკომენდაცია – თავი უნდა აარიდონ დაჭაობებულ რეგიონებს, ჰაერს მაღალი ტენიანობით.



ცეცხლი


image


«ცეცხლის ადამიანები» (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 7 და 6) თავგადასავლების მოყვარულები არიან და არასდროს ამბობენ უარს ახალი რაღაცის შესწავლაზე, გამოკვლევაზე. არიან ძალიან აქტიურები და ენერგიულები, აქვთ ხელმძღვანელობის და ორგანიზატორობის ნიჭი. მოსწონთ კონკურენცია და გამარჯვება. «ცეცხლის ადამიანები», როგორც წესი, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, ვერ იტანენ მარტოობას, მათ ხალხში ტრიალი და მუდმივად მოქმედება მოსწონთ. გარდა ამისა, ძლიერ არიან მიჯაჭვულები ოჯახის წევრებთან და მხარს ყველანაირ ოჯახურ კავშირებს უჭერენ. მათ ძალიან მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა გააჩნიათ, ჭკვიანები და მეგობრულები არიან, აქვთ ორატორობის ნიჭიც.

«ცეცხლოვანების» ნაკლი ის არის, რომ აგრესიულები არიან და საკუთარი სურვილების შესრულებას, ნებისმიერ ფასად ცდილობენ. გარდა ამისა, მეტისმეტად ემოციურები, მოუთმენლები, ეგოისტურები და ამბიციურებიც არიან – სხვა ადამიანებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს.

ყველაზე ხშირად, ეს ადამიანები მასწავლებლის და ექიმის პროფესიას ირჩევენ. აქვთ წერის ნიჭიც. ხშირად ხდებიან ხელმძღვანელები, სამართლიანობისთვის მებრძოლები, ლიდერები და ორგანიზატორები. ისინი დიქტატურის და ავტორიტარიზმის დამყარების მომხრეები არიან, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების სათავეში თავად იქნებიან.

სეზონი – ზაფხული.

ფერი – წითელი.


მგრძნობიარე ორგანო – გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

რეკომენდაცია – უნდა ერიდნენ მცხუნვარე მზეს, სიცხეს და არ აჰყვნენ ემოციებს.



ხე


image
ადამიანები, რომლებსაც ხის სტიქია მფარველობს (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 5 და 4) ძალიან ხელგაშლილები და პრინციპულები არიან, უყვართ სამყაროს კვლევა და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. ისინი კიდევ იმით გამოირჩევიან, რომ სხვების დარწმუნების იშვიათი უნარი გააჩნიათ. «ხის ადამიანები» ელეგანტურები, არტისტულები და კრეატიულები არიან, რაც ყველაფერზე აისახება, რასაც კი ხელს შეავლებენ. ისინი ძალიან შრომისმოყვარულები არიან და ყოველთვის ეძებენ საქმეს, რითაც, იმ კონკრეტულ მომენტში, დაკავებას შეძლებენ. საკუთარი თავის რწმენა – მათი ხასიათის საუკეთესო თვისებაა. «ხის ადამიანები» ყოველთვის მადლიერები არიან იმის, რაც გააჩნიათ და არასოდროს ცდილობენ ზედმეტ ფუფუნებაზე გამოკიდებას, – «საკუთარ თავზე ზევით ახტომას». თუმცა, მათი მოღვაწეობის სფერო და ინტერესები დიდი და მრავალფეროვანია. ისინი ერთგული მეგობრები არიან და ეგოისტურად არასოდეს იქცევიან, კარგად მუშაობენ ჯგუფში და გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი.

ამ ადამიანების ნაკლი ის არის, რომ მეტისმეტად მფლანგველები არიან. გარდა ამისა, საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას იღებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. «ხის ადამიანებმა» უნდა ისწავლონ თავის შეზღუდვა და საკუთარი ძალების სწორედ გადანაწილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულ პირობებში, დიდი დატვირთვების გამო, ისინი შეიძლება სხვებზე გახდნენ დამოკიდებულები ან სულაც ბრბოში დაიკარგნენ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი რამ, მათი პასიურობის და ნელი მოქმედების ბრალია.

ხის სტიქიის ადამიანებს შორის წარმატებული ფერმერები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები და მწერლები არიან. მათ შეუძლიათ შთაგონების წყარო სულ უბრალო რაღაცეებში იპოვნონ. მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელია შემოქმედებითი ენერგიის გარეშე.

სეზონი – გაზაფხული.

ფერი – მწვანე.

მგრძნობიარე ორგანო – ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი.

რეკომენდაცია – უნდა მოერიდნენ რეგიონებს, სადაც ძლიერი ქარები იცის.



წყალი


image


«წყლის ადამიანები» (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 3 და 2) მომხიბვლელები და გულისხმიერები არიან, გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი. ისინი ძალიან მოქნილები არიან და თუ საჭიროება მოითხოვს, «დინების მიმართულებით შეუძლიათ ცურვა». გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანები და კრეატიულებიც არიან. აქვთ კარგი წარმოსახვის უნარი და საუკეთესო ფილოსოფოსებად და მოაზროვნეებად ყალიბდებიან, არიან დამოუკიდებლები და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესიას ითვისებენ. წყლის წარმომადგენლები კომუნიკაციისა და დარწმუნების იდეალური უნარით გამოირჩევიან. ასევე უნდა აღინიშნოს, მათი განსაკუთრებული ნიჭი დიპლომატიის სფეროში. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ისინი იმას ამჩნევენ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. კარგი ორგანიზატორები და კარგი შემსრულებლები არიან.

ეს ადამიანები შეიძლება გულჩათხრობილები და არაგულწრფელებიც იყვნენ და საკუთარი საიდუმლო არავის გაანდონ. ისინი შემჩნეულები არიან მანიპულირების მიდრეკილებაშიც – ყოველთვის და ყველაფერში იოლი და მსუბუქი გამოსავლის პოვნას ცდილობენ და ხშირად, სხვების გავლენის ქვეშაც ექცევიან. ამ პრობლემას თავი რომ დააღწიონ, ფეხზე მტკიცედ დგომა უნდა ისწავლონ და საკუთარი გზით იარონ.

«წყლის ადამიანების» მოღვაწეობის იდეალური სფერო – ბიზნესი და ხელოვნება არის.

სეზონი – ზამთარი.

ფერი – შავი.

მგრძნობიარე ორგანო – ძვლები და გამოყოფის სისტემები.

რეკომენდაცია – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები წყლიან ადგილებს უნდა მოერიდნენ.



ლითონი


image


«ლითონის ადამიანები» (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 1 და 0) ძალიან სიცოცხლისუნარიანები და დამოუკიდებლები არიან, რაც ძლიერი ხასიათით არის განპირობებული. მათ საკუთარი თავი უყვართ, მაგრამ ამასთან ერთად, სხვებზეც ზრუნავენ. ისინი, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულები არიან, მაგრამ გარეგანი ზეწოლის შემთხვევაში, სიმტკიცეს იჩენენ და თავს ბოლომდე იცავენ. ამ ელემენტის წარმომადგენლები მიზანდასახულები და მოწესრიგებულები არიან. ყოველთვის და ყველაფერში იცავენ ბალანსს. გამოირჩევიან საიმედოობით და სიმტკიცით. თუმცა, ბრბოში ტრიალი არ უყვართ და ცდილობენ, რომ თავი ყველასგან შორს დაიჭირონ. როდესაც «ლითონის ადამიანებმა» იციან რაც უნდათ, მათი შეჩერება შეუძლებელია – თავიანთი მიზნისკენ მიისწრაფვიან და მათ ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს. ისინი ყველა პრობლემას მარტივად აგვარებენ. მათ მარტოობის არ ეშინიათ და ერთადერთი, რასაც სოციუმისგან ითხოვენ – მათი წარმატების და დამსახურების აღიარებაა.

ამ ხალხის ნაკლი ის არის, რომ დროდადრო იმპულსურები არიან. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყოველთვის ისწრაფვიან ფულის, ფუფუნების და ხელისუფლებისკენ. ხშირად ჯიუტები არიან და უსაფუძვლო კამათიც უყვართ. თუ ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმყოფებიან, მოითხოვენ რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ დაკავებულ თანამდებობებს და სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

«ლითონის ადამიანები» - დაბადებით სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან, ამიტომ მათი მოღვაწეობისთვის საუკეთესო სფერო – იურისპრუდენცია არის. ისინი კარგი ადვოკატები და პოლიტიკოსები არიან. კარგად ართმევენ თავს დიდი საწარმოს და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. წარმატებული კარიერის გამო, მზად არიან უარი თქვან პირად ბედნიერებაზე და ოჯახურ კეთილდღეობაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მარტოობა უყვართ.

სეზონი – შემოდგომა.

ფერი – თეთრი.

მგრძნობიარე ორგანო – ფილტვები და სასუნთქი სისტემა.

რეკომენდაცია – უნდა მოერიდნენ ნესტიან და ბნელ ადგილებს.

imageimageimageimageimageimageimage










0
868
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0