x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"ჩვენ ვეზიდებით სასწრაფოს მანქანებში სისხლიან გოგონებს, ბიჭებს..."- "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი აქციის ღამეს იხსენებს
image
ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი აქციის ღამეს იხსენებს და სოციალურ ქსელში ყველაფერს დეტალურად ყვება.


"მამ სად ხარ ეხლა?
(გრძელი, რუსული სისხლიანი ღამის ღმერთები)

დილით ნიკოლოზი მერგო მე. ლეჟავა, ტელე-ოპერატორი.
ვერის ბაღში ლუდი დავლიეთ, სოსისი ვჭამეთ. გვერდით მაგიდაზე 4 ჩვენზე უფრო მშიერი მამაკაცი გვეჯდა. ლუდი რომ დაიმატეს, მეც მომინდა, მაგრამ ჯერ შუადღე იყო. ღამე გრძელი უნდა ყოფილიყო. ვერის ბაღში რაინდ ლევანის აქციაზე ვიყავით. ინტერვიუზე არავინ გვთანხმდებოდა და უფრო დიდი დოზით გვეკიდა.
მერე ემზარი და ადა მოვარდნენ, ვის და რატომ ჩაუდეს გავრილოვი ამაზე ილაპარაკეს. ლევანმაც ილაპარაკა. თქვა ქოცებმა და ნაცებმა ჩამოიყვანეს, რომ "თბილისი პრაიდი" გადაფარონო, მე დაკითხვაზე მივდივარ შე უტვინოო, ჟურნალისტ გოგოს მიაძახა, სტუდენტია 21 წლის.

18:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტებს გავყევი. მელიქიშვილის გამზირზე ველოსიპედით მოსიარულე შუახნის კაცი აგვეკიდა. ახალგაზრდების ხმის გადასაფარად ღრიალებდა - თურქეთიც ოკუპანტიაო. ფილარმონიამდე მოგვყვებოდა.


ქაშუეთთან ვდგავარ, საღამოს ცხრა საათი იქნება. პოლიციელების ჯგუფს გავეკიდე. პარლამენტისკენ მირბოდნენ. ნიკას ქამარში ხელი მაქვს ჩავლებული, რომ არ დავკარგო. პარლამენტის კართან აღმოვჩნდით, პოლიციელების უკან. მომიტინგეები ბოთლებს ისვრიან, ხშირად არა. ერთი ნიკასაც მოხვდა. პოლიციელების წინა კორდონი ყველაზე მეტად იღლება რომ შეეწინააღმდეგოს ხალხს. ბევრნი არიან, უმრავლესობა მათი შვილების ასაკის. საშუალოდ ერთი საათი ასე გავატარეთ, უწყვეტ ეთერში გადავცემდით.

ერთი მომიტინგე ბიჭი შემოითრიეს და მოადეს, მერე გაახსენდათ რომ უკან ვედექი, ერთმა შიგნით შემათრია აბა როდის ვურტყამდითო. პარლამენტის ეზოში ამ დროს კრიმინალური პოლიცია და პატრული დგას მხოლოდ. გამომაგდეს უკან და მალევე კიბეზე აიარა გახარიამ. 20 წუთში თავზე ფარაფარებული ანზორ ჩუბინიძე აატარეს, დაავლეს ჩემს ნიკას ხელი და კამერიანად შეარბენინეს პარლამენტის ეზოში. მალევე მეც მტაცეს ხელი და შემაგდეს. ვეძებ ნიკას, მიკროფონში მის სახელს ვიძახი, ვიცი რომ კამერას ხელს არ გაუშვებდა და ჩემი ხმა ესმის. პოლიციელებსაც ვეკითხები, უკვე პლასტმასის ტანსაცმლიანებით გამრავლებულა ეზო. შენობის შესასვლელ კართან მეგობარსაც შევხვდი, მოგაძებნინებო. საპატრულო პოლიციელი ძალიან მშვიდი და ძალიან აღელვებული კაცი სამოქალაქო ფორმით გვერდში ამომიდგნენ. მივხვდი, რომ უკანა გასასვლელიდან უნდა გავეყვანე არ შევწინააღმდეგებივარ. მივხვდი, რომ ნიკა უკვე ჩიტაძის ქუჩაზე მელოდებოდა. ახალგაზრდა პოლიციელები ბოთლებით წყალს ეზიდებიან. ამ მაღალს ვუთხარი წყალი დამალევინეთ მეთქი, მიღრიალა არაა წყალიო.
დავინახე ბიჭებმა გაატარეს მეთქი, ეს მაინც მიმათრევს. დაგვეწია ის პოლიციელი და უკვე კარს იქეთ გაგდებულს მომაწოდა წყალი - მადლობა ძმობილო.

ცოტა ხნით დავისვენე. ეთერში ჩავერთე, როცა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პრემიერი მოვიდა. გამზირზე ჩავბორიალდით მე და ნიკა. ყავა დავლიეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ, როგორ ოსტატურად მოგვაძვრეს ადგილიდან. გავიდა ალბათ ერთი საათი. მომიტინგეები ისევ ითხოვენ გადადგეს ის ბიჭი.

მე და ნიკა კინო "რუსთაველთან" ვსხედვართ. პირველი ცრემლსადენი ყუმბარა ისროლეს. დავრეკე პროდიუსერთან, კადრი პირდაპირი ეთერის რეჟიმზე იყო და დავიწყე აღწერა თუ რა ხდებოდა გამზირზე რუსულ გრძელ ღამეს.


ერთს ათასი გაზი მოჰყვა, ხალხი ორად გაიყო ზოგი ოპერისკენ გაიქცა, ზოგიც თავისუფლების მოედანზე. მალევე მობრუნდნენ, უფრო მეტად გაბრაზებულები. რატომ გაყარეს? რატომ ისროლეს გაზი?


კიდევ ათასჯერ ისროლეს ყველაზე მახრჩობელა, რაც აქამდე შემისუნთქავს. (7 ნოემბერი, 26 მაისი, ათენის არეულობა). სასწრაფოები ეზიდებიან გონწასულ გოგონებსა და ბიჭებს, ქალებს, მამაკაცებსა და მოხუცებს. ვიცი, რომ თვალებზე ხელი არ უნდა მოვისვა, ცხვირით უნდა ვისუნთქო და გადაივლის, მაგრამ არ გადის. ყველგან, სადაც ოფლი გდის ცეცხლი გიკიდია, იწვი და ღრიალი გინდა.


გავიდა ალბათ ნახევარი საათი. პარლამენტის კიბეებთან ვდგავართ. მხარზე ძმობილმა დამარტყა ხელი. აქ რა გინდა მეთქი, სახლში რა გამაჩერებდაო, თვალები რას გიგავსო.

და ისროლეს გაზი და ისროლეს პატარა რეზინის ტყვიები. გაზი და რეზინის დიდი ბურთულები და გაზი და ნარინჯისფერი რაკეტები. გამოვარდნენ გამზირზე და ამოვარდა თავისუფლების მოედნიდან რაზმი. ჩვენ ვეზიდებით სასწრაფოს მანქანებში სისხლიან გოგონებს, ბიჭებსა და მათ მშობლებს.

ჩემს ძმაკაცს ვეძებ კოლეგებს, ნიკას, რომელიც კვამლში დამეკარგა. ვიღაცეებს ვუყვირი "წყალი არ დაისხაააა" ისინი აბრახუნებენ ფარებზე პლასტმასის ჯოხებს და ისვრიან.

ცოტა ხანს გაჩერდნენ და ისევ ისროლეს. ისევ ჩამოარბენინეს პარლამენტის კიბეებიდან სისხლიანები. ნაცნობი ხმა ღრიალებს, სასწრაფოს ეძებს. მეორე ბიჭი თვალში დაჭრილ გოგოს მოარბენინებს. სასწრაფოს მანქანაში საკაცეზე რომ დააწვინეს, ფეხზე მოვუჭირე ხელი გული მისკდებოდა, ვკვდებოდი მისი გულისთვის.


მერე ორივე ხელი ზემოთ ასწია და შუა თითები უჩვენა მათ, ვინც პარლამენტის ფანჯრებიდან უცქერდა ამ ომს. იმავე სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს ჩემი დაჭრილი კოლეგა. შუშის თვალებით, ტკივილისგან გაოგნებული. მერე გათენებამდე ისროდნენ გაზს და ჰოი გონიერებავ, მერე მოიყვანეს წყლის ჭავლმტყორცნი მანქანა გამზირიდან სისხლის გასაწმენდად. მერე გააფრთხილა ქალის ხმამ მომიტინგეები დაგშლით თუ არ დაიშლებითო, მერე, მერე, მერე, მერე...

არავინ გაქცეულა. რამდენიმე ნაგვის ურნა გადააჩოჩეს გამზირზე, ტერმინატორების შესაჩერებლად. გათენებისას გადარჩენილ ჟურნალისტებს შევხვდი, გადარჩენილს რა მსუბუქად დაჭრილებს. რესპუბლიკის მოედანზე ვართ, ისინი ისევ ისვრიან ცრემლსადენ გაზს და პოლიციელები აქციის მონაწილეებს მისდევენ პლასტმასის ხამუთებით. უფრო ადრე სახლში დავრეკე. მანამდე თვითონ დამირეკეს და ვუთხარი, ვუღრიალე, აღარ დაერეკათ!!
ნიკო მეკითხება, "მამ, სადა ხარ?" კი იცის სადაც ვარ, მაგრამ აინტერესებს ამ წამს სადა ვარ, იქ სადაც ისვრიან თუ შორს. უფრო მეტად მებერება ყელში ბურთები. მე რომ მაკოს დათოს... მამა ვიყო, მე რომ სახლში ვიყო და ვხედავდე როგორ შეუჭამეს ჩემს შვილებს თვალებში სინათლე.

7 დღე გავიდა. გოგონა მწვანე ყურსასმენებით გრძელი, რუსული სისხლიანი ღამის ღმერთო მერამდენე ხატია. ბრმა და სისხლიანია გამზირი ჩემი მეგაპოლისის, პარლამენტის შენობიდან კი იცქირებიან ადამიანები, იცქირებიან და იციან, რომ თვალიდან ჩინი დაკარგეს."- წერს ქაშიაშვილი.


20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავებული იყო ათეულობით სამოქალაქო პირი. დაშავებულთა შორის იყვნენ პოლიციელებიც.


აღნიშნული აქციები კი იმ ფაქტს მოყვა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0