x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დოკუმენტური ფილმების გამოყენება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე


image


სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალება მოზარდისათვის სწავლაა, სწავლის ერთ-ერთი მიზანი კი არის მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულების გამომუშავება გარემოს დაცვისა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების, წინააღმდეგობების დაძლევის მიმართ. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი ძალზედ საყურადღებოდა მნიშვნელოვანია, თუნდაც საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, შესაბამისი ინტერვენციების შემუშავება და მათი განხორციელება ხელს შეუწყობს სოციალური, სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებას, ნებისყოფის გაძლიერებას, საკუთარი თავისა და სხვისი უფლებების პატივისცემას მოსწავლეებში. ამ უნარების გამომუშავებაში მასწავლებელს ხელს შეუწყობს დოკუმენტური ფილმების გამოყენება .


ერთ-ერთი ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული, საინტერესო და ახალი პროექტია სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.

ფილმი, როგორც აუდიო-ვიზუალური საშუალება, საინტერესოდ გადმოსცემს ინფორმაციას კონკრეტულ თემაზე, ასახავს რეალური ადამიანების ისტორიებს, ცხოვრებასა და შემოქმედებას. სხვადასხვა ფილმის იდეა-არსი, შესაძლოა, ცალკეული პრობლემების გადაჭრისათვის მოტივაციის წყაროდ იქცეს.



რატომ უნდა გამოვიყენოთ დოკუმენტური ფილმებით სწავლება?

  • დოკუმენტური ფილმები სწავლების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მოსწავლეებისათვის. გამოსახვისა და გადმოცემის თავისებურებებით გამოირჩევა ფილმი, ამიტომაც ის საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მოსწავლეებზე. ფილმის გმირების ისტორიები, მათი სირთულეები ცხოვრების გზაზე, ქცევები, მოქმედების, შრომის შედეგები ხშირად სტიმულის მიმცემია ახალგაზრდებისთის, ხშირად ისინი კარგ მაგალითს ღებულობენ რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად და კარგ გაკვეთილებად იქცევა მოზარდისათვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ ცხოვროს და როგორი ურთიერთობს ადამიანებთან. ფილმის დახმარებით ბავშვს უყალიბდება მნიშვნელოვანი წარმოდგენა რეალობაზე, იღებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
  • სწორად შერჩეული ფილმის საშუალებით მოზარდი შეიძლება გახდეს უფრო თამამი, გამბედავი, ყურადღებიანი, მებრძოლი, მზრუნველი და გულისხმიერი.

  • ეცნობიან რა ფილმის სიუჟეტს, პერსონაჟების ცხოვრებას, მოსწავლები ვითარდებიან ემოციურად, სწავლობენ თანაგანცდას – უხარიათ და წუხან, ეძებებენ გამოსავალს პრობლემური სიტუაციიდან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებიან მომავალი ცხოვრებისთვის:

  • ფილმები მოსწავლეებში გარკვეულ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს თამაშობს. მათი საშუალებით ბავშვი ადვილად სწავლობს ისეთ ცნებებში გარკვევას, როგორიცაა: სიკეთე და ბოროტება, თანაგრძნობა და გულგრილობა.



როგორ გამოვიყენოთ სასწავლო ფილმები გაკვეთილზე?

  • მნიშვნელოვანია წინასწარ გავეცნოთ ფილმს, რომ უკეთ დავგეგმოთ გაკვეთილი. შევარჩიოთ შესაბამისი აქტივობები, მოვიძიოთ საჭიროების შემთხვევაში დამატებით სასურველი ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით. გადავწყვიტოთ, ფილმის რა ნაწილს ვაჩვენებთ გაკვეთილზე. გასათვალისწინებელია, რომ ფილმი შეესაბამებოდეს მოსწავლეთა წინარე ცოდნას.
  • ფილმში წარმოდგენილი თემების შესახებ საბაზისო ინფორმაციის გაცნობა საშუალებას გვაძლევს მოსწავლეების შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხი გავცეთ. სადისკუსიო თემები უნდა დავუკავშიროთ მოსწავლეთა ინტერესსა და გამოცდილებას.
  • სასურველია წინასწარ მოვამზადოთ ჩვენების ტექნიკური მხარე, მაგალითად, შესაბამისი აპარატურა, საკლასო ოთახი და სხვ.
  • ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ დამსწრეთა შორის საკითხის გლობალურ გააზრებასა და მის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებებზე.
  • მნიშვნელოვანია, ფილმების ჩვენების დროს ვიზრუნოთ პოზიტიურ სასწავლო გარემოს შექმნაზე, წავახალისოთ მოსწავლეები რომ მეტი მონდომებით ჩაერთონ დისკუსიაში.
  • ისე დავგეგმოთ გაკვეთილი, რომ ფილმის, ან მისი ნაწილის დასრულების შემდეგ, დრო დავუთმოთ დისკუსიას და აქტივობას, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ იმსჯელონ წარმოდგენილ თემებზე და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.




ფილმების მეშვეობით სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ, ფილმის ასახვა-მსჯელობაა.

ხშირად ფილმი წარმოადგენს კონკრეტული ადამიანების ისტორიებსა და მძიმე რეალობას. მოსწავლეები ამ ყოველივეს მძაფრად აღიქვამენ. ფილმის ჩვენების შემდგომი ანალიზი-მსჯელობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილებები, ემოციები, დამოკიდებულებები, მოუსმინონ და გაიზიარონ სხვების მოსაზრებები.ფილმის ერთობლი განხილვა, გააზრება და სიღრმისეულად გაანალიზება მოზარდების წარმოსახვის, ფანტაზიის, მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების განვითარებისა და მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრების კარგ საშუალებას იძლევა, ასევე ისინი სწავლობენ საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, დაცვას შესაბამისი არგუმენტებით კონკრეტული ფილმის მიხედვით, და მათ უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა მოსწავლეებისთვის, რომლებიც პიროვნებებად ყალიბდებიან.




(I )მაგალითი: დოკუმენტური ფილმი: “ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“

ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს მოთხრობის ეკრანიზაცია.

ძირითადი თემა: გარემოს დაცვა-მდგრადი განვითარება

ფილმი მოგვითხრობს ელზეარდ ბუფიეს, მარტოხელა მწყემსის, თავდაუზოგავ და წარმატებული მცდელობის ისტორიას, გაეშენებინა ტყე უდაბურ ადგილას. მასთან შემთხვევით ახალგაზრდა მოგზაური ხვდება. მოგზაური თვალს ადევნებს ელზეარდ ბუფიეს, რომელიც ყოველდღე 100 მუხის თესლს რგავს უნაყოფო მიწაზე და ცდილობს სიცოცოხლე დაუბრუნოს ამ, ერთი შეხედვით, მიტოვებულ ადგილს. მწყემსისი საქციელით მოხიბლული მოგზაური წლების შემდეგ კვლავ ბრუნდება მის სანახავად და მას უკაცრიელი ადგილის ნაცვლად, ახალგაშენებული ტყე ხვდება, სადაც სიცოცხლეა აღორძინებული, სოფელია გაშენებული.



მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს გააანალიზონ ფილმი, გადმოსცენ თავიანთი შთაბეჭდილებები, შეხედულებები და წერს მათ ნააზრევს დაფაზე წინასწარ გაკრულ ფლიპჩართზე. ამის შემდეგ კი მოსწავლეები “ კითხვების ყუთიდან“ იღებენ სხვადასხვა კითხვებს და პასუხობენ მათ:

1.რატომ არის ტყე ადამიანის სიცოცხლისათვის ასეთი მნიშვნელოვანი?

  • ტყეებს რა მნიშვნელოვანი დაცვითი ფუნქცია გააჩნიათ?
  • ადამიანი, ახდენს თუ არა ზეგავლენას გარემოზე?
  • რას ნიშნავს გარემოს დაცვა? მდგრადი განვითარება?
  • თითოეული ჩვენგანი ვართ თუ არა პასუხისმგებელნი დავიცვათ არსებული გარემო პირობები და გავაუმჯობესოთ ის, ჩვენივე კეთილდღეობისთვის, სამყაროს გადარჩენისა და მომავალი თაობებისთვის?


  • მოსწავლეთა მსჯელობის დროს გამოიკვეთა, რომ ერთსა და იმავე ფაქტზე თითოეული მოსწავლე მისთვის უნიკალური სახით რეაგირებს. აღნიშნული ფილმის განხილვის დროს, მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ელზეარდ ბუფიე დიდი უბედურების (მას ცოლიც დაეღუპა და ერთადერთი შვილიც)შედეგად კი არ გაბოროტდა, არამედ ხალხისთვის, ბუნებისთვის სასარგებლო, კეთილი საქმე განახორციელა. ნაწილმა კი ყურადღება მიაქცია იმას, თუ რამდენად საჭიროები ვართ ადამიანები ერთმანეთისთვის.

    მარტო ცხოვრებამ უდაბურ ადგილზე ელზეარდ ბუფიეს ლაპარაკი დაავიწყა, ის ხმას არ იღებს, არ ლაპარაკობს, თუმცა მოგზაურს მასპინძლობს. ზოგისთვის კი ეს ფილმი ბედისწერასთან ბრძოლის მაგალითი აღმოჩნდა.



    მცირე დისკუსიის შემდეგ იკვეთება:

  • მოქალაქის პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე, იწყება ფიქრი იმაზე, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ იმაზე უფრო ლამაზი და პერსპექტიული გარემო, ვიდრე ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით.
  • ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის დროს დიდი ნებისყოფისა და გონიერების შენარჩუნების აუცილებლობა.
  • (II)მაგალითი: როდესაც მეცხრე კლასში ვმუშაობ თემაზე “ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ყოველთვის ვაჩვენებ ფილმს: “მარტინი მოჩვენება.“

    ასლაკ დანბოლტის 28 წუთიანი ფილმი აღმოჩნდა საყურადღებო და დამაფიქრებელი მოსწავლეებისათვის. ძირითადი თემა: არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

    დამატებითი თემები: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, და თანადგომის სურვილი.

    მარტინ ჰასლი (29 წლის) 9 წლის წინ მომხდარი ავტოავარიის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანად გადაიქცა.თავის ტვინის დაზიანების შედეგად მან დაკარგა მოძრაობისა და მეტყველების უნარი. ის სამედიცინო პანსიონში ცხოვრობს და მისი სიცოცხლე მთლიანად სხვებზეა დამოკიდებული.

    ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეები თანაგრძნობით განიმსჭვალენ მარტინის მიმართ, აანალიზებდნენ ერთმა დაუკვირვებელმა ნაბიჯმა, როგორ შეცვალა უბედნიერესი და უზრუნველად მცხოვრები მარტინის ცხოვრება. განიცდიდნენ მისი მშობლების მძიმე მდგომარეობას.მსჯელობდნენ ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ.

    მიუხედავად იმისა, რომ ფილმი იყო რთული, ვფიქრობ, რომ მან დიდი როლი შეასრულა მოსწავლეთა ფსიქოლოგიაში, ისინი დაფიქრდნენ და რეალურად დაინახეს ის საფრთხე, რაც მოაქვს ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ნასვამ მგომარეობაში მანქანის მართვას და სხვა.



    უკუკავშირი იყო ეფექტური: კითხვაზე რა მასწავლა ამ ფილმმა და გამოვიყენებ თუ არა ამ ცოდნას ცხოვრებაში პასუხები იყო ადეკვატური და გულწრფელი:

    “მე არასოდეს ჩავუჯდები ნასვამ მძღოლს მანქანაში..არასოდეს “.

    “მარტინი არის მაგალითი იმისა, რომ არ არის მიზანშეწონილი ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვმართოთ მანქანა.“

    “ამ ფილმმა მასწავლა რომ თითოეული მოქმედებისას უნდა ვიყო შორსმჭვრეტელი და განვსაზღვრო რა მოჰყვება ამ მოქმედებას. ასევე მასწავლა, რომ თუ ვიქნები ისეთი ადამიანის მშობელი, როგორიცაა მარტინი როგორ მოვიქცე“.

    “ამ ფილმმა მშობლების ერთგულება მაჩვენა. მის მშობლებს ხელი არ ჩაუქნევიათ, მას ექცეოდნენ, როგორც ჯანმრთელს, მაინც იმედი ჰქონდათ.“

    “წუთიერი სიამოვნების გამო, არ ღირს მთელი ცხოვრების დაკარგვა.“

    “გული დამწყდა მეგობრები თანდათან რომ აღარ აკითხავდნენ მარტინს, რადგან ის ვეღარ კონტაქტობდა მათთან“.



    აღნიშნული ფილმი მოსწავლეებში ავითარებს ემპათიის გრძნობას, რაც უმნიშვნელოვანესია მათი მომავალი ცხოვრებისთვის.გამოცდილება აჩვენებს, რომ დოკუმეტური ფილმების ჩვენება ეფექტური საშუალებაა საიმისოდ, რათა მოსწავლეებში მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ და გავაანალიზოთ, განუვითაროთ მათ კრიტიკული აზროვნება რაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან მოქალაქეებად.








    გამოყენებული ლიტერატურა:

    ნათია ნაცვლიშვილი, სოფიო გორგოძე. “განვითარებისა და სწავლების თეორიები“ გამომცემლობა “საქართველოს მაცნე“-2008წელი

    შორენა კუჭუხიძე მასწავლებლის წიგნი:“სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით“. თბილისი-2013 წელი.

    თამარ მეიფარიანი, ლელა მიქიაშვილი, ირინა ჯალაღონია

    სამოქალაქო განათლება, თბილისი-2012 წელი.





    0
    172
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთევან ჭიღლაძე
    ქეთევან ჭიღლაძე
    172
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0