x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უღარიბეს საზოგადოებაში არ გვაქვს უფლება, ძვირადღირებული ავტომობილებით ვიაროთ
მამა პეტრე

არ ახსოვს დრო უფლის გარეშე, ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზი მისი თქმით უსიყვარულობაა. ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და მისი შთაგონების წყარო ტერენტი გრანელი იყო. ჩვენი რესპოდენტი ყველასათვის საყვარელი ადამიანი მამა პეტრე კოლხი კვარაცხელიაა

რამდენი წლის იყავი ეკლესიაში რომ წახვედი?

- ეკლესიაში წასვლა კონკრეტულ დროში არ ხდება... არც მახსოვს, საკუთარ თავში როდის აღმოვაჩინე ტაძარი.... ეკლესია ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა... ღმერთთან მისვლა კი პროცესია!..


რატომ გადაწყვიტე თავი სასულიერო ცხოვრებისათვის მიგეძღვნა?

- არ მახსოვს პერიოდი, ღმერთის გარეშე... ის იყო, არის და იქნება სულის დაუსრულებელი სიხარული... ერთადერთი, რაც დანგრეულ 90-იან წლებში ძალას მაძლევდა, მანუგეშებდა, სიცოცხლის საზრისს მინარჩუნებდა-ღმერთი იყო... მის გარეშე ნებისმიერი წამი ისედაც არარსებობაა... მასთან ერთად იღვიძებ, იძინებ, ტირი, გიხარია... სულიერი ცხოვრება გექცევა ცხოვრების წესად და რომც გინდოდეს, მის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამ... ეთვისები ამ განცდას და მერე უკვე ხვდები, რომ ნაწილი მთლიანობად გექცა... ამ დროს ხდება თანხვედრა ღმერთსა და ადამიანს შორის!

მამა პეტრე კოლხი

მრავალრიცხოვანი მრევლი გყავს?

- ჩვენ ყველა იესოს მრევლი ვართ... სულიერი ცხოვრების გზაზე, სასულიერო პირიც იზრდება მის აღმსარებელთან ერთად... კი, უამრავი ადამიანი მოდის აღსარებაზე... ჩვენ ყველას გვიდგას ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ ღმერთი გვშია... იესოს ვთხოვ, ვიყო უამრავი ადამიანისთვის გზა უფლისკენ... ისე არაფერი მახარებს, როგორც სხვაზე ზრუნვა და სხვისი მხარში დგომა...

გქონია შემთხვევა როდესაც მრევლთან საერთო ენა ვერ მოგინახავს?რატომ?

- საერთო ენის გამონახვა არ არის რთული, თუ მიზანი ქრისტეა... ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რა არის ჩვენი დანიშნულება და რისთვის ვართ მოწოდებულები... ამ შემთხვევაში ადამიანს მარტო სხვასთან კი არა, საკუთარ თავთანაც აქვს კონფლიქტი და აპროტესტებს იმას, რაც მის ხასიათს და სურვილებს ეწინააღმდეგება... როცა ვცდილობთ, ვიაროთ უფლის გზაზე, მაშინ ჩვენი თავი უნდა დავთმოთ და უფლის მცნებებით ვიცხოვროთ... ასე თუ არ მოხდა, აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვალთ და საბოლოოდ ურჩობით დავამთავრებთ...

მამა პეტრე კოლხი

ყველაზე ხშირად რა პრობლემა აქვს საზოგადოებას?

- პრობლემა უამრავია... უპირველესად ის, რომ გვინდა ღმერთსაც ვემსახუროთ და მამონასაც... მამონა დამსხვრეული კერპია... ორთა უფალთა მონება კი არ გამოგვივა... უფალი ბრძანებს, ვინ ჩემთან არ არის, ჩემს წინააღმდეგაა... თითქოს გვინდა ვიაროთ უფლის გზაზე, მაგრამ თან ვერ თმობთ ჩვენს დამახინჯებულ ბუნებას და ხასიათს. ასე კი ქრისტიანები არა, ფსევდოქრისტიანები ვხვდებით და შესაბამისად განსაცდელებიც არ გვშორდება...

გახშირდა ოჯახური ძალადობა, თავად რას ფიქრობ? როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

- . ოჯახური ძალადობის უმთავრესი მიზეზი-უსიყვარულობაა.... როცა გიყვარს, ყველა განსაცდელს ადვილად დაძლევ, მაგრამ თუ სიყვარულის სინაკლებეს განიცდი, უმნიშვნელო განსაცდელიც შეიძლება მიზეზი გახდეს დაპირისპირების, ძალადობის, ჩაგვრის... ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად აზარალებს მომავალ თაობას, რადგან ამ ტიპის იჯახებში აღზრდილი შვილები დაკომპლექსებულები, გაუბედურებულები არიან და საბოლოოდ საზოგადოებასაც საფრთხეს უქმნიან... სიყვარულია ის, რაც გადაგვარჩენს!..

როდის დაიწყე ლექსების წერა? ვინ იყო შენი შთაგონების წყარო?

- ადრეული ასაკიდან... ტერენტი გრანელი იყო ჩემი შთაგონების წყარო... ის მაძლევდა ნუგეშს, იმ პერიოდში, როცა ხანგრძლივი წყვდიადი იდგა... სულის სიხარული არასდროს მტოვებდა, რადგან ლექსების წერით ვგრძნობდი ღმერთთან სიახლოვეს... სტრიქონები იყო ჩემი ზეციური მანანა, რომლითაც ვიკვებებოდი!..

მამა პეტრე კოლხი

რატომ კოლხი?

- ინსპირაცია ყოველთვის სიკეთეა, სიყვარული და ღმერთი...

როგორ გაიცანი შენი მეუღლე?

- უნივერსიტეტი, საჯარო ბიბლიოთეკა იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი... მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ და მას მერე ერთად ვართ....

თვითმკვლელობაზე გავეცანი შენს პოსტს, რატომ მიდიან ადამიანები აქამდე?

- ბევრი მიზეზი არსებობს... ძირითადი მაინც ფსიქიკური აშლილობაა... გულგრილობაც და უყურადღებობაც იწვევს გაქცევის სურვილს, მაგრამ თავისმკვლელობა არასდროს არის გამოსავალი... ღმერთმა საუკეთესო გაიმეტა ჩვენთვის-სიცოცხლე და ჩვენ მოგვცა შანსი, საკუთარი სიცოცხლე თავად მოვაწყოთ და გავალამაზოთ... ადამიანი საკუთარი ცხოვრების შემოქმედია... ის ქმნის საკუთარ თავსაც და მომავალსაც, მაგრამ მას არ აქვს უფლება, თავი მოიკლას... ეს უმადურობაა... შეიძლება მძიმე დღეები დაგვიდგეს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ არის საბოლოო განაჩენი... ამ დღეებს უკეთესი მომავალი შეცვლის... ამის გამო და საერთოდ არაფრის გამო არ უნდა მოვიკლათ თავი... ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ, რომ ერთად გამოვიაროთ ურთულესი პერიოდი... უფალი გვეუბნება-“ ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი"!..

უფლამდე მისასვლელად რა არის საჭირო?

- გული წმინდა და სული წრფელი... ორგული და მოღალატე ადამიანი ღმერთთან ვერასდროს მივა. არ შეიძლება სიტყვებით ლიცულობდე და გული სიძულვილით გქონდეს სავსე... ფარისევლობა ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას... ღმერთი ჩვენს შინაგან ბუნებას ხედავს... შეიძლება ერთმანეთთან ვითამაშოთ, მაგრამ ღმერთთან ვერ ვითამაშებთ... მარტო გარეგნული ეკლესიურობა არა, შინაგანიც აიცილებელია... გიყვარდეს მოყვასი შენი-ამ მცნებაზრ დგას მთელი წმინდა წერილი... ამ ყველაფრის გარეშე, თავს ვიტყუებთ და ჩვენი ლოცვაც არ იქნება შესმენილი!..

ხშირად მამაო უარს ამბობს თვითმკვლელი ადამიანებისათვის წესის აგებაზე, თქვენ რას ფიქრობ?

- მამაო კი არა, რჯულის კანონი გვეუბნება ამაზე უარს, მაგრამ ხდება გამონაკლისებიც. თუ ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაშინ წესის აგება შეიძლება... ან რა მნიშვნელობა აქვს წესის აგებას, თუ მიცვალებულს ღვთის შიში და რწმენა არ ჰქონდა...

რა პრობლემებია დღეს მოძღვრებაში?

- უამრავი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის გულგრილობა, უსიყვარულობა, ზერელე დამოკიდებულება, რწმენის სინაკლებე, ერთმანეთის განკითხვა, აგრესია... საკმარისია იმისთვის, რომ სინანული გაგვაჩნდეს!..

მამა პეტრე კოლხი

სასულიერო პირები რატომ ხვდებიან კრიტიკის ობიექტში, მაშინ როდესაც ძვირადღირებული მანქანით ხედავს მათ საზოგადოება, თუნდაც ნათხოვი ჰქონდეთ მანქანა, არ აქვს ამის უფლება მამაოს რომ ძვირადღირებული მანქანით იაროს?

- უღარიბეს საზოგადოებაში ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ავტომობილებში კოლოსარული თანხები გადავიხადოთ... ეს არ არის სწორი... არც იმას ვამბობ, რომ სასულიერო პირი თავს ცუდად გრძნობდეს, მაგრამ ზედმეტი ფუფუნება ისედაც ცუდად გაგვხდის, რადგან წინააღმდეგობაში მოდის სულიერ ცხოვრებასთან... ოღონდ ყველაზე ამას ვერ ვიტყვით. მე ვიცი სასაულიერო პირების ოჯახები, სადაც ხშირად პურის ფულიც არ აქვთ და მთელი გულით ემსახურებიან უფალს და ადამიანებს... ასეთების წახალისება უნდა ხდებოდეს და მეტ გურადღებას აქცევდეს სახელწმიფო...

ადამიანებში არსებულ შურზე რას იტყვი?რისი ბრალია? სოციალურ ქსელშიც ხშირია ასეთი შემთხვევები როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ

- შური გაუნათლებლობის, სიხარბის, უმადურობის, უსიყვარულობის ბრალია... შურიანი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს და ამასაც ვერ ხვდება... რა ბოროტებაც არ უნდა შეგხვდეს, უწყოდე, რომ იგი შურისგანაა. იგი ეკლესიაშიცაა შემოჭრილი. შური ძველთაგანვე იყო მიზეზი მრავალი ბოროტებისა. სწორედ მან წარმოშვა ვერცხლისმოყვარეობა. ამ სენმა ყოველივე წაახდინა და ჭეშმარიტებაც დაამახინჯა...

ავტორი: გურამ არუთინაშვილი

1
283
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
283
  
2019, 21 მაისი, 14:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1