x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შევხვდებით უზურპუსზე
ქეთი გაბინაშვილი


..........

ჩემი სული სევდისფერი იყო, მოხვედი და ყვავილები მოიტანე, ახლა უკვე ვგრძნობ, ჩიტების ჭიკჭიკს, ახლა გაზაფხულია.

დიდი დრო გავიდა ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენიდან. დროს რა გააჩერებს, ისევ გააგრძელებს სვლას, წავა და წაიყოლებს ადამიანებს, მხოლოდ მოგონებების წაშლას ვერ შესძლებს, ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას ჩემში და ყველა ტკივილის მიუხედავად მაგრძნობინებენ, ისევ ცოცხალი ვარ და სანამ არ მომკვდარხარ, ხომ ისევ შესაძლებელია, ყველა ოცნება ახდეს, ჯერ ხომ არაფერი დასრულებულა, ვერც დასრულდება, შენი დასრულება, შენი წაშლა ვინ თქვა, შენ ყველაზე დიდი ტყუილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და ამავდროულად არასდროს არაფერი ყოფილა ასეთი ნამდვილი.


ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საგიჟეთია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობ, თავად ვეღარ გამირჩევია სად მთავრდება და სად იწყება სამყარო. ამ მიწაზე ვეღარ ვთავსდები, ისე ვარ პირთამდე შენი სურვილით სავსე, დედამიწა მეპატარავება, ჩემი სიზმრები სხვა საზღვრებს ითხოვენ. ამიტომ მე ჩემი პლანეტა შევქმენი, ჩემი ფერები და ფორმები მაქვს, ჩემი სამოთხე ვიპოვნე. დედამიწა ყველაზე დიდი ტყუილია, დედამიწა ვარსკვლავების ჯოჯოხეთია. ეს მიწა ტანჯვისთვისაა შექმნილი და შენ ამ ტკივილში ერთადერთი საშველი იყავი, შენ მე გადამარჩინე.

ვიცი, სიგიჟედ მოგეჩვენება ჩემი სიტყვები, არც ვმალავ, მე გიჟი ვარ. მაგრამ ამ უკიდეგანოდ შეშლილ სამყაროში, ამ ქაოსსა და სიბინძურეში შენ ერთადერთი ხარ, ვისაც მინდა, ჩემი ესმოდეს. მინდა, ჩემს სისხლში დარჩე ყოველგვარი კითხვების, მოვალეობებისა და დაპირებების გარეშე. მინდა ყოველთვის ჩემში იყო ასეთი ნახევრად ნამდვილი და ნახევრად მოგონილი, იყო და გესმოდეს ჩემი.

მე შენი ნაწილი მიმაქვს, შენი ნახევარი, ის მე მეკუთვნის, ვიცი, გაგიჭირდება ნახევარ კაცად არსებობა, მაგრამ სხვა ვინაა დედამიწაზე სრული, სხვა ვინაა შენზე უფრო მრთელი და ნამდვილი. მადლობა იმისთვის, რომ არსებობ. არასოდეს შეწყვიტო შენად ყოფნა.

............

ქეთი გაბინაშვილი

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0