x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში 52 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 52 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილობრივები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.


20 მარტს შუადღისას სოფელ მირზაანში ხარაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, სახლის მეპატრონე მარტოხელა მამაკაცს მას შემდეგ ვერ პოულობდნენ. სოფელში იმთავითვე ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა, ცეცხლი პატრონს თავად გაეჩინა. მომხდარის მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება, რის გამოც მამაკაცი ბოლო ხანს ხშირად სვამდა.


თვითმხილველების ნაწილი ირწმუნება, რომ ნივთების გადასარჩენად ალმოდებულ სახლში შესულ თანასოფლელებს შეშის ღუმელი ანთებული დახვდათ, რაც ადასტურებს, რომ პატრონი სახლში იმყოფებოდა. ზოგიერთი კი ამბობდა, რომ მამაკაცი სოფელში არ იყო და ცეცხლი დაკეტილ შენობაში გაჩნდა.



როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი დროულად გამოცხადდა და ცეცხლის ლიკვიდაცია ოპერატიულად შეძლო. მათი განმარტებით, საცხოვრებელში არასწორად იყო დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა, ამიტომ, შესაძლოა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გამხდარიყო.


„მარტოხელა კაცია, რაც ოჯახი დაენგრა, მას შემდეგ სოფელში მარტო ცხოვრობს, ხშირად სვამს. შუადღისას ხმაური შემომესმა, გავიქეცით და სახლი იწვოდა. ერთსართულიანი ძველი სახლია ბელეტაჟზე, როგორც ჩანს, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. სახანძრო ჩვენ გამოვიძახეთ და მეზობლები შეცვივდნენ და ნივთების გადასარჩენად ოთახიდან ბარგის გამოზიდვა დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ სახლში შეშის ღუმელი ენთო და ნახევრად დაცლილი არყის ბოთლიც ნახეს. ამიტომ გავრცელდა სოფელში ხმები, რომ პატრონი ნასვამი იყო და ბოლო დღეს სახლში იმყოფებოდა. ზოგმა ისიც თქვა, შეიძლება ცეცხლი თვითონ გააჩინაო, “ - ამბობენ თვითმხილველები.


მომხდარზე მოკვლევას შს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

0
237
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0