x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ღმერთო, ისიც ამიხსენი ამ ჯოჯოხეთს, რომელშიც მე ვცხოვრობ, რომელი ჯოჯოხეთი სჯობნის თავის დაუნდობლობით?“
image

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში „იპოთეკით დაპატიმრებულის აღსარებას“ აქვეყნებს:



„იპოთეკით დაპატიმრებულის აღსარება



ათი წლის წინ დამაპატიმრეს. ღმერთმანი, არ ვიცი, რატომ? დამაკავეს და მაწამეს. დამემუქრნენ, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი, მეც გამაუპატიურებდნენ და ჩემს ცოლსაც ჩემ თვალწინ. მეც აღიარებით ჩვენებას მოვაწერე ხელი. 'ვაღიარე' რომ ტერორისტი ვიყავი, რომელმაც ცარიელი ავტობუსი ააფეთქა. 'ვაღიარე' რომ ვმუშაობდი ბალუზისტანის აგენტად და 'დავასახელე' ის სამხედრო ოფიცრები მტრის რიგებიდან, რომლებზეც ჩემმა გამომძიებელმა მიმითითა. შემდეგ სასამართლოში აგრეთვე 'ვაღიარე' დანაშაული იმის შიშით, რომ მთელს ჩემს ოჯახს ნამუსს ახდიდნენ.
პროკურორი გახარებული სახით მოვიდა და მითხრა, რომ თუ საპროცესო გარიგებას ხელს მოვაწერდი, ერთი წლის შემდეგ გამათავისუფლებდნენ ციხიდან. ამ გარიგების თანახმად საკმაო თანხა უნდა გადამეხადა. ეს თანხა მე არსად მქონდა. ჩემს სახელმწიფოს კი სჭირდებოდა მტრის 'აგენტები' - იმისათვის, რომ ხალხს ბედნიერად ეცხოვრა და მთავრობას საერთაშორისო დახმარება მიეღო. რა მექნა, მეც დავთანხმდი და მოვაწერე ხელი საპროცესო გარიგებას. სახელმწიფომ ჩემთან მისი 'მოკავშირე' ბანკი მოიყვანა. ბანკმა იპოთეკური სესხი გამიფორმა ამ დიდ თანხაზე და ამ სესხის სანაცვლოდ გირაოში ჩემი ერთადერთი ქონება - ბინა ჩადო. ამ ბინაში ცხოვრობდა ჩემი ცოლი, დედა და სამი შვილი. მე ერთ წელიწადში მართლაც გამომიშვეს. სამუშაოს შოვნა 'ხალხის მტრისათვის' ძალიან რთული იყო და ამიტომაც დავიწყე სადგურზე ბარგის მთრეველად მუშაობა და ღამ-ღამობით ტაქსიზე დავჯექი. აქედან ვიხდიდი ყოველთვიურ პროცენტს. ვალის დაფარვაზე არც იყო ლაპარაკი.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მანქანა გაფუჭდა. ხელოსნებმა ვერაფრით გააკეთეს. თქვეს, რომ გამოუსადეგარი იყო. ახლის საყიდლად ფული არ მეყო. შემოსავალი გამინახევრდა. ბავშვების საჭმლის ფულს ბანკს ვერ მივცემდი. ბანკმა შემატყობინა, რომ ჩემს გამოსახლებას აპირებდა ორ თვეში. რა არ ვქენი - ვის არ ვთხოვე ფული - მაგრამ ბუნებრივია, არავის ჰქონდა ამდენი. მერე ისევ ციხეში ჯდომა ვინატრე. არადა, კაცმა ციხეში ყოფნა როგორ უნდა ინატროს.
მოვიდნენ ორ თვეში აღმასრულებლები და გამოგვასახლეს მთელი ოჯახი. სად წავსულიყავით? ბიძაშვილმა შეგვიფარა ერთი თვით, მერე მამიდამ კიდევ ერთით, მერე ჩემმა ძმამ - მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს.
ახლა, მთელი ოჯახი თავშესაფარში ვცხოვრობთ და თავში ბევრი აზრი მიტრიალებს.
თან მინდა სიკვდილი და თან არა. მინდა იმიტომ, რომ ვეღარ ვუძლებ ამ სირცხვილს. ჩემი შვილები ყოველდღე საჭმელს მათხოვრობენ. ჩემი ცოლი ვერ ახერხებს მუშაობას. ის ინვალიდია.
მე ვიცი, რომ თავის მოკვლა დიდი ცოდვაა და ამას გამოვრიცხავ. თან ვიცი, რომ ჩემს მდგომარეობაში ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობს. თან ისიც ვიცი, რომ შვილების გულისათვის უნდა ვიცოცხლო ათ წელიწადს მაინც. მაგრამ, ამის საშუალება ყოველდღე მესპობა.
ღმერთო, ძალიან გთხოვ, მირჩიე, რა ვქნა. სამუშაოს ყოველდღე მონდომებულად ვეძებ და მეუბნებიან 'ეკონომიკური კრიზისიაო'. მაგრამ, როცა ეს კრიზისი არ იყო, სამუშაო ჩემთვის მაშინაც არ იყო. 'ხალხის მტერი' ვიყავი და 'აღმშენებლობის პროცესში' არ ჩამრთეს. სხვანაირად ფული როგორ ვიშოვო ჩემი სამი მშიერი შვილისათვის? წამლები როგორ ვიშოვო ჩემი ინვალიდი ცოლისათვის?
ყველაფერს ვიზამ, რომ ეს გავაკეთო. მაგრამ ეს გზები გადაკეტილი მაქვს. რაღაც უხილავი ხელით. არა, არანაირი 'შეთქმულების თეორია' არ არის აქ - უბრალოდ ზედმეტი გავხდი ისეთ დედამიწაზე, სადაც ათიდან მარტო ერთი მუშაობს - და მე ის ერთი არ ვარ.
ღმერთო, ძალიან გთხოვ, მირჩიე, რა ვქნა ამ ზედმეტმა ადამიანმა? იპოთეკარები და ბანკები მდიდრდებიან ჩემზე და ჩემნაირებზე - მე კი სიცოცხლეც აღარ შემიძლია და სიკვდილიც. სიცოცხლისთვის ჰაერია საჭირო - მე კი ჰაერის ბალონები გადაჭრილი მაქვს. ძლივს ვსუნთქავ, ვიხუთები. ადამიანი სამუშაოს გარეშე ვერ ცხოვრობს.
სიკვდილი არ შემიძლია იმიტომ, რომ ჩემს შვილებს და მეუღლეს იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ მე დამასაფლაონ. ღმერთო, თუ მომკლავ, ისე მომკალი, რომ დასაფლავება არ იყოს საჭირო. ღმერთო ააცილე ეს ხარჯი ჩემს ოჯახს. ამ ბავშვებს ხომ ისეთი არაფერი დაუშავებიათ.
ღმერთო, ძალიან გთხოვ გამაგებინე, ასეთი ცხოვრება და სიკვდილი ღმერთის ნებაა, თუ მხოლოდ ტვინმოღრეცილი ადამიანების დადგენილი წესი?
ღმერთო, ისე არ მაცოცხლო, რომ ჩემი შვილები ვერ ვარჩინო.
ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ ჩემი დასაფლავება ხარჯი იყოს ჩემი შვილებისთვის.




ღმერთო, ისიც ამიხსენი, ამ ჯოჯოხეთს, რომელშიც მე ვცხოვრობ, რომელი ჯოჯოხეთი სჯობნის თავის დაუნდობლობით?“image

0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0