x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მეგრული მითოლოგია: ღვთაება ანთარი და მისი მონათესავე აფხაზური აჲთარ, ხევსურული ანატორი

მეგრულ მითოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს "ჟინი ანთარის" (ქართულად "ზენა ანთარი"), საქონლისა და მოსავლის მფარველ ღვთაებას, რომელსაც ადგილობრივები იხსენებდნენ დიდმარხვის წინა დღეს. კერძოდ, რიტუალის მიხედვით, დილაადრიანად მეგრულ ოჯახებში სიმინდის ფქვილის ცომისაგან ოთხკუთხა ფორმის კვერს ამზადებდნენ და აფუებულ კვერს ვახშმის დროისათვის კერაზე აცხობდნენ; ოჯახის უფროსი მას ოთხკუთხა ნაჭრებად ტეხავდა და წარმოსთქვამდა ლოცვას: "ჟინი ანთარი პატენი გომორძგვილი! ჩქიმი ორინჯი სი ამიშინი".. ("ზენა (ზეციერო) ანთარო, ბატონო გამარჯვებულო! ჩემი საქონელი შენ მომიშენე"-ო). მეგრელ კაცს მტკიცედ სწამდა, რომ თუ ამ რიტუალს წესისამებრ აღასრულებდა, მისი ყანები და საქონელი დაცული იქნებოდა მთელი წლის განმავლობაში ყოველგვარი უბედურებისა და ზარალისაგან.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, მეგრული "ჟინი ანთარი", რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თავისი მნიშვნელობით უნდა შეესატყვისებოდეს აფხაზურ "აჲთარ" -ის და ხევსურულ ანატორის.

აფხაზურ მითოლოგიაში საქონლის ზედამხედველი აჲთარი ღვთაებათა შორის პირველია, "აითარ" აფხაზთა ფიცის ფორმულაც კი არის, იყენებენ "ღმერთმანი"-ს მნიშვნელობით. აითარი უნდა წარმომსდგარიყო მეგრული ანთარისაგან, რადგან თვით მეგრულ ენაშიც კი ხშირია "ნ"-ს "ლ"-დ, "ლ"-ასის ჲ-დ შეცვლის შემთხვევები (მაგ:მალაღური - მაჲაღური; ძლიერი, ძალიანი - ძალამი, ძაჲამი და ა.შ.).აფხაზები აჲთარის ახსენებდნენ მეხნაკრავი პირუტყვისადმი საგალობელშიც, როცა მისი გამოჯანმრთელება, ადგილიდან დაძვრა სურდათ: "ვაჲ ეტლარ! აითარ ეტლარ!ეტლარ ჩოფჰარ". ეტლი მნათობს აღნიშნავს და "აითარ ეტლარ" შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ აჲთარი მნათობი ღვთაებაა.

აჲთარი შინაური ცხოველისა და მოსახლეობის მფარველი ღვთაებაა და სწორედ მას ევედრებოდა ყოველი აფხაზი საქონლის გამრავლებას, მის ნადირთაგან დაცვას.მეგრელი კაციც ასეთი თხოვნით მიმართავდა თავის ანთარს. ეს ნიშნავს, რომ ანთარი და აჲთარი არა მხოლოდ სიტყვის ფორმით, არამედ მნიშვნელობითაც ემთხვევა ერთმანეთს.

ცნობილია, რომ ხევსურები თაყვანს სცემდნენ ანატორის, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რისი ღვთაება იყო იგი.ივანე ჯავახიშვილის აზრით, ანატორი ანთარისა და აჲთარის უძველესი, სრული სახე უნდა იყოს. ანატორი შედგენილია 2 სიტყვისაგან:1."ანა" - ღმერთი (აფხაზური "ან", შუმერული "ან", "ანნა", ბაბილონური "ანუ", "ანოს" - ზეციური ღვთაება) და 2. "ტორ" (არამეული საკუთარი სახელი "ტური"-"turi")-საგან, რომელიც ორნაწილიან სიტყვებშიც გამოიყენება ხშირად (მაგ:სიგ-ტური, ადონი- ტური, ასევე, აფხაზური "აჲ ტური").

ხევსურეთში არსებობს ანატორის ნასახლარი -"აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი".გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთ ხევსურს ანატორის სასწაულთმოქმედი ხატისათვის უარყოფის ნიშნად შუბი უსვრია, ხატი დაზიანდა, ხოლო ანატორელებს საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს ამ ცოდვის გამო, მათ შავი ჭირი დაერია და მთელი ანატორი ამოწყდა. სენი რომ მთელ ხევსურეთს არ მოსდებოდა, მდინარის გაღმა აკლდამები აუგიათ, სადაც შავი ჭირით შეპყრობილნი ელოდებოდნენ სიკვდილს.

image

ანატორის ნასახლარი

ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, მეგრული ანთარი, აფხაზური აჲთარი და ხევსურული ანატორი უნდა წარმოშობილიყო ბერძნული ღვთაების "აპატური", "აპატურია", "თეოს აპატუროს" -ის მსგავსად.

ამდენად, ანთარი, აჲთარი და ანატორი უძველესი ღვთაების სახელი უნდა იყოს, მას ქართველები წარმართულ ყოფაში თაყვანს სცემდნენ, როგორც საქონლისა და მოსავლის მფარველს.

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0