x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვარდისფერი არმადილი – უსაყვარლესი ცხოველი, რომელიც საკუთარ მიწისქვეშა სასახლეში ცხოვრობს
არმადილი

წარმოიდგინეთ, კუს რომ თეთრ თაგვთან შეჯვარების შემდეგ ვარდისფერი საღებავი წაუსვათ და თხუნელას თათები "დაუყენოთ" – დაახლოებით ასეთია ვარდისფერი არმადილი – გადაშენების პირას მისული ჯავშნოსანი ცხოველი არგენტინიდან.


ეს უჩვეულო ძუძუმწოვარი სხეულის სიგრძით დაახლოებით 16 სანტიმეტრია და 120 გრამს იწონის. ყურები არ აქვს. ზურგზე მოსავს ძვლის მოვარდისფრო-მოყვითალო ჯავშანი. ჯავშანი შედგება 15-დან 22-მდე კვადრატული და რომბის ფორმის ძვლის ფირფიტისგან. თითებზე აქვს გრძელი ბრჭყალები, რომელთაგან ყველაზე გრძელი 2 სანტიმეტრამდე სიდიდისაა.


თვალები თითქმის გადაგვარებული აქვს. ძალიან მცირე ზომის მხედველობის ორგანოებით შეუძლია მხოლოდ სინათლის ყველაზე მკვეთრი კონტრასტები გაარჩიოს, რითაც ძალიან წააგავს მიწისქვეშეთში ბინადარ სხვა არსებებს, კერძოდ კი ბოსტანა ჭიას და თხუნელას.



სამაგიეროდ ყნოსვა აქვს განვითარებული ძალიან კარგად.


შეშინებული ვარდისფერი არმადილი ჭყივის და ხმამაღალ ბგერებს გამოსცემს.


მისი ცხოვრების წესი ბოლომდე შესწავლილი არ არის. რაც ვიცით, ისაა, რომ ეს გასაოცარი ცხოველი დღისითაც აქტიურობს და ღამითაც. 3 საათს აქტიურობს, რა დროსაც მიწაში ეძებს საკვებს. შემდეგ იძინებს 6 საათის მანძილზე. ის ცხოვრობს მის მიერვე გათხრილ ლაბირინთში, რომელიც იმხელაა, რომ ხანდახან მიწისქვეშა სასახლეს ჰგავს. ძალიან კარგი მთხრელია და შეუძლია, დღეში ასეულობით სანტიმეტრი უპრობლემოდ გათხაროს. მისი "სასახლე" 15 სანტიმეტრამდე სიგანის და რამდენიმე მეტრის სიგრძისაა, მიწის ზედაპირიდან 20 სანტიმეტრის სიღრმეზე.


ვარდისფერი არმადილი ძალიან სასარგებლო ცხოველია. იკვებება პარაზიტი მწერებით – ხოჭოებით და მათი ჭუპრებით, ასევე ჭიანჭველებით და მატლებით. მხოლოდ ძალიან იშვიათად ღრღნის მცენარეთა ფესვებს.


მის შობადობაზე ბევრი არაფერია ცნობილი. საფიქრებელია, რომ შობს ერთ ნაშიერს, რომელიც სიდიდით 3-4 სანტიმეტრია. მაკეობს ზაფხულობით. თუ თავდამსხმელი ცხოველი მის ნაშიერს ემუქრება, ვარდისფერი არმადილი გორგლად იქცევა, თავისი სასახლე-ლაბირინთის შესასვლელს ზურგით აწვება და ზურგზე განლაგებული ძვლის ფირფიტებით საიმედოდ იცავს თავსაც და საკუთარ პირმშოსაც.


არგენტინაში ევროპიდან შეყვანილი შინაური კატები აქტიურად ნადირობენ ვარდისფერ არმადილებზე და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს კიდეც ისინი. გარდა ამისა, გადაშენების პირას მისული ამ უსაყვარლესი ჯავშნოსანი ძუძუმწოვრებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე სულ უფრო მეტი ველის და მინდვრის დამუშავება სასოფლო-სამეურნეო მიზნებით და გარემოს დაბინძურება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ ცხოველის შინაურ პირობებში მოშენება, რამეთუ ტყვეობაში ის ვერ ძლებს, რადგან იღებს რა ძალიან ძლიერ სტრესს, მალევე იღუპება.

არმადილი

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0