x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
12 ფრაზა, რომლებიც მშობლებმა უმჯობესია სამუდამოდ დაივიწყონ!
სიტყვის ძალას ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს. დაუფიქრებლად ნათქვამმა ფრაზამ კი შესაძლოა ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხებათ, ისინი ხომ ყველაფერს ისე ისრუტავენ, როგორც ღრუბელი წყალს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბავშვთან ურთიერთობისას გამოვლენილი უხეშობა დამღუპველად აისახება მის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ზრდასრულ ასაკში.

ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიონ იმ ფრაზებმა, რომელთაც მშობლები ყველაზე ხშირად იყენებენ ბავშვებთან ურთიერთობისას.


1“ყველაფერს მამაშენს ვეტყვი"

imageრა ესმის ბავშვს : “მე და მამაშენი ერთი გუნდი ვართ და თუ მე შენზე გავბრაზდი, ისიც გაბრაზდება."


შედეგი: პატარა ფიქრობს, რომ თუ მამა დედის მხარეს დაიჭერს და მომხდარის მის ვერსიას არავინ მოუსმენს, ე.ი. მშობლები მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ასე ჩნდება მარტოობის და უნდობლობის გრძნობა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ძლიერდება.

როგორ მოვიქცეთ:როგორც წესი, ბავშვები მაშინ უფრო კარგად იქცევიან, როცა მამა სახლშია, რადგან მას ერთგვარ ავტორიტეტად მიიჩნევენ. თუმცა, დედებს უფრო ენდობიან, ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვებს აჩვენოთ, რომ სიტუაციის ფლობა და მასთან გამკლავება შეგიძლიათ. თუ გსურთ მომხდარის შესახებ მამამაც შეიტყოს, ჰკითხეთ ბავშვს მზადაა თუ არა, რომ ყველაფერი თვითონ უამბოს მამას. ასწავლეთ ბავშვს შეცდომების აღიარება.


2.“აქ შენი არაფერია, ჩვენ ვიყიდეთ ყველაფერი"

imageრა ესმის ბავშვს:“შენი საყვარელი დათუნიაც კი არაა შენი და ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მისი წართმევა."

შედეგი:ბავშვი ფიქრობს, რომ ის ყველაფერი, რასაც მიეჩვია (ოთახი, სათამაშოები, ტანსაცმელი...) მისი არაა. საყვარელი ნივთები შანტაჟის საგნებად იქცევიან და სწორედ ასეთი ფრაზების შემდეგ იწყებენ ბავშვები ფიქრს, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური მხარეა.

როგორ მოვიქცეთ:წვრილმანები, რომლებიც უფროსებს უმნიშვნელო ჰგონიათ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. აღზრდაში მნიშვნელოვანი მომენტია აჩვენოთ პატარას, რომ ის გიყვართ და არ ეცდებით მისი გრძნობების მანიპულირებას იმით, რაც მას აქვს, თუნდაც ეს უბრალო პლუშის დათუნია იყოს.


3.“ნამდვილად ბოლოს მომიღებ"

imageრა ესმის ბავშვს:“თუ მშობლებს რამე ცუდი დაემართებათ, ეს მხოლოდ შენი ბრალი იქნება"

შედეგი:ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მათი მადლობელი უნდა იყოს, რომ მას სიცოცხლე აჩუქეს, ამიტომ ნებისმიერ შეწინააღმდეგებას შეურაცხყოფად იღებენ. ამგვარი მოქცევით ბავშვს თანდათანობით უყალიბდებათ არასსრულფასოვნების კომპლექსი.

როგორ მოვიქცეთ:დასაწყისისთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ბავშვი აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და მშობლის მთავარი ამოცანაა ის კარგ ადამიანად გაზარდოს, რომელსაც საჭირო დროს თავისუფლებას მისცემს და გაუშვებს. დაივიწყეთ ფრაზები: “ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!", “შენს გამო თავი მტკივა!", “მე და მამაშენს ბოლოს მოგვიღებ!".... დრამატული სცენების ნაცვლად, მკაფიოდ განუმარტეთ ბავშვს თუ რა პრეტენზია გაქვთ ( თუ, რათქმაუნდა, ის ნამდვილად გაქვთ).


4.“რას გავხარ, შენ ვის მოეწონები?"

imageრა ესმის ბავშვს : “შენ არავის სჭირდები."

შედეგი:ასეთი წამოძახებები ბავშვში მომავლის შიშს იწვევს და ამასთან, ის საკუთარი თავის რწმმენას კარგავს:რადგან ახლობელი ადამიანები ასე ეუბნებიან ე.ი. ასეც მოხდება. მსგავსი მიდგომა ბავშვს მომავალში წარმატების მიღწევაში ხელს შეუშლის.

როგორ მოვიქცეთ:ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ხასიათს და შინაგან ბუნებას და არა გარეგნულ ატრიბუტებს. ხელს ნუ შეუშლით მისი თვითგამოხატვის მცდელობებს. და გჯეროდეთ საკუთარი შვილის, მაშინაც კი, თუ მისი ახლანდელი ჩაცმულობა ძალიან შორსაა იმისგან, რაც თქვენ წარმოგედგინათ.


5.“მე გავაკეთებ, შენ ჯერ პატარა ხარ"

imageრა ესმის ბავშვს:“აზრი არ აქვს მცდელობას, მაინც არაფერი გამოგივა" ან “შენი ნდობა არ შეიძლება"

შედეგი:ასეთი “ზრუნვით: ბავშვს შემართებას უკარგავთ და შანსს ართმევთ რაღაც ახალი ისწავლოს. შედეგად, როცა პატარა გაიზრდება, ის დამოუკიდებელი ადამიანი ვერ იქნება. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული შეუძლია იყოს ისაა, რომ არაფერი გამოსდის.

როგორ მოვიქცეთ:მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რა როლი აქვს ოჯახში, ხოლო ჯანსაღი თვითშეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ აკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის, ამისთვის კი პრაქტიკაა საჭირო, ამიტომ, აღიჭურვეთ მოთმინებით და მოიფიქრეთ დავალება, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად გააკეთებს. თუ ხედავთ, რომ რაღაც ისე არ გამოსდის, ნუ დაეხმარებით, დაუსვით ისეთი შეკითხვები, რომ ბავშვი თვითონ მიხვდეს როგორ გაუმკლავდეს დავალებას.


6.“რატომ უფრო მაღალი შეფასება არ გაქვს?"

imageრა ესმის ბავშვს:“ჩემი იმედები ვერ გაამართლე. კარგი რომ ყოფილიყავი აუცილებლად მიიღებდი მაღალ შეფასებას."

შედეგი:უფროსებს ხშირად ავიწყდებათ როგორები იყვნენ ბავშვობაში და გულწრფელად სჯერათ, რომ მათ შვილებს პრობლემები არ აქვთ. სინამდვილეში, ბავშვები უამრავ სტრესს განიცდიან ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ, ნუ გააღრმავებთ სიტუაციას, ნუ აჰკიდებთ თქვენს შვილს “ფრიადოსნის სინდრომს", რამაც შესაძლოა მომავალში ტრაგედიამდე მიიყვანოს.

როგორ მოვიქცეთ:დაინტერესდით როგორ გაატარა თქვენმა შვილმა დღე. თუ რამე პრობლემა აქვს- მისი გადაჭრის გზებზე მიუთითეთ. თუ ხდავთ, რომ ბავშვი დანებდა, ასწავლეთ ნებისმიერი პრობლემა პერსპექტივაში განიხილოს. ასე მას ძალების მოკრებაში დაეხმარებით და მასაც სურვილი გაუჩნდება დავალებას კარგად გაართვას თავი.


7.“კარგი ლაპარაკი არ ჭრის შენთან"

imageრა ესმის ბავშვს:“მე ღონიერი ვარ, ამიტომ მე ყოველთვის მართალი ვარ."

შედეგი:დაშინება მალე კარგავს ეფექტს, თუკი მას რეალურად არ განახორციელებთ. მაგრამ თუ საქმე ცემამდე მივიდა, მაშინ მომავალში ნუღარ შეიცხადებთ თუ დაბადებიდან ჯანმრთელ ბავშვს შაკიკი, ართრიტი, ზურგის ტკივილი, ასთმა, ჰიპერტონია, ქრონიკული დაღლილობა ან დეპრესია შეაწუხებს.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვობაში მიღებულ ნეგატიურ გამოცდილებასთანაა დაკავშირებული.

როგორ მოვიქცეთ:ნდობაზე დამყარებული საუბრებითა და ურთიერთობით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ცემით და მუქარით.


8.“არ მაინტერესებს რა გინდა და რა არა!"

imageრა ესმის ბავშვს:“არავის აინტერესებს შენი სურვილები, ისევე როგორც შენ!"

შედეგი:რაც უფრო ძლიერად ცდილობთ ბავშვზე ზეწოლას, მით უფრო ძლიერად გიწევთ ის წინააღმდეგობას. ამან შესაძლოა ორ უკიდურესობამდე მიგიყვანოთ: მომავალში ის ან უნებისყოფო ადამიანად ჩამოყალიბდება, აბ ნამდვილ მეამბოხედ, რომელიც ყველაფერს ჯინაზე გააკეთებს, თუნდაც საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ.

როგორ მოვიქცეთ:ყოველთვის აუხსენით ბავშვს თქვენი პოზიცია და ის, თუ რატომ გინდათ, რომ ასე გააკეთოს. ბავშვთან კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია, ამიტომ, უნდა იყოთ ერთმანეთთან გულახდილი და ერთმანეთს მოუსმინოთ. მაგალითად, თუ ბავშვს რაღაც უნდა, თქვენ კი ფული არ გყოფნით, უთხარით:“ვიცი, რომ ძალიან გინდა ეს, მაგრამ ჯერ ვერ ვიყიდით, ამიტომ სხვა რამე ვიყიდოთ, კარგი?"


9.“ნუ იგონებ!"

imageრა ესმის ბავშვს: “არ მცალია შენი პრობლემებისთვის" ან “არ მჯერა შენი"

შედეგი:ბავშვის შიშის უარყოფით პრობლემას ვერ გადაჭრით. ნებისმიერი ემოცია (ფანტაზიით გამოწვეულიც კი) რეალურია. ასეთი მოქცევით კი ბავშვს ასწავლით საკუთარი განცდები დამალოს. შედეგად, ბავშვი ჩაკეტილ და უგულო პიროვნებად ყალიბდება. ბავშვის შიშს ნუ დააიგნორებთ!

როგორ მოვიქცეთ: დაელაპარაკეთ ბავშვს, მოუსმინეთ, აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. ნუ ეტყვით, რომ იტყუება და რაღაცეებს იგონებს. მაგალითად, არ უთხრათ: “ნუ იგონებ რაღაცას, საწოლის ქვეშ არავინაა." ამის მაგივრად შესთავაზეთ ერთად შეიხედოთ საწოლის ქვეშ.


10. “მრცხვენია შენს გამო!"

imageრა ესმის ბავშვს: “ცუდი ხარ!"

შედეგი:როცა ბავშვს ნაკლზე მიუთითებთ, გაიხსენეთ, რომ ის მშობლების ქცევების კოპირებას ახდენს. როგორც ამბობენ: შეძახილმა ხე გაახმოო. ამიტომ, ადვილია იმის გამოცნობა, თუ როგორი გაიზრდება ბავშვი, რომელსაც მისი მისამართით გამუდმებით ესმის: “ზარმაცი", “უზრდელი", “ბინძური", “ღორმუცელა" და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ:საკუთარ მაგალითზე უჩვენეთ ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. როცა მეზობლებს ესალმებით, ნაგავს ურნაში ყრით და თავაზიანად მიმართავთ გარშემომყოფებს, ბავშვი ამ ყველაფერს აუცილებლად შეითვისებს.


11.“არავითარი თამაში სანამ არ შეჭამ!"

imageრა ესმის ბავშვს: “მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ"

შედეგი:ეს ტაქტიკა გარკვეული დროით მოქმედებს, მაგრამ ბავშვი მალე ვაჭრობას დაგიწყებთ:შევჭამ თუ მერე გავისეირნებ, შევჭამ თუ მერე კომპიუტერთან 2 საათით დამსვამ და ა.შ. ასეთი ქცევა კი იმ მოტივაციის დამახინჯებას ახდენს, რომლითაც ადამიანი ამა თუ იმ საქმეს აკეთებს.

როგორ მოვიქცეთ:აუხსენით თქვენი პოზიცია და ის, თუ რატომაა მნიშვნელოვანი მისი შესრულება. ნუ შეეცდებით ბავშვი რამით მოისყიდოთ, ადრე თუ გვიან ეს პროცესი უკონტროლო გახდება.


12.“გაჩუმდი!"

imageრა ესმის ბავშვს: “არ მიყვარხარ!"

შედეგი:უხეში სიტყვა ბუმერანგივითაა, ის მომავალში თქვენვე დაგიბრუნდებათ. მშობლებს ხშირად უკვირთ და სწყინთ თუ რატომ ეუხეშებიან მოზრდილი შვილები და ავიწყდებათ, რომ თავად არ იჩენდნენ მათდამი პატივისცემას, როცა ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ.

როგორ მოვიქცეთ:სანამ ბავშვს დაელაპარაკებოდეთ, გაერკვიეთ საკუთარ თავში თუ რატომ გაღიზიანებთ მისი ბავშვური საქციელი? შესაძლოა, პრობლემა თქვენში დაგროვილი ნეგატიური ემოციებია? უდანაშაულო ბავშვზე ჯავრის ამოყრა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

0
171
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0