x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რელიგიური შეხედულებები ჯანმრთელობაზე
image

რელიგია, ტრადიციები და გეოგრაფია ხშირად განსაზღვრავენ, რამდენად განსხვავებული აზრები აქვთ ადამიანებს ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესახებ. სტატიაში განხილულია ამ თემასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებები სხვადასხვა რელიგიაში.


ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ადამიანი სხვა დანარჩენებზე უნდა ზრუნავდეს, სუსტებისა და ავადმყოფების დასახმარებლად არსებობს სპეციალური ლოცვები. ზოგიერთი ქრისტიანის აზრით, ავადმყოფობა, ტკივილი და გარდაცვალება ღმერთისგან გამოგზავნილი მინიშნებებია, მას უნდოდა, რაიმე მითითება მოეცა ჩვენთვის. ექიმი კი ზოგიერთისთვის ასევე ღმერთის გამოგზავნილად მიიჩნევა.


ქრისტიანებს ასევე სწამთ შინაგანი მკურნალობისა ეგზორციზმის სახით, რაც გულისხმობს ეშმაკეულის სხეულიდან განდევნას. რაც შეეხება ევთანაზიას, ითვლება, რომ უფლის ნებას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, შესაბამისად ევთანაზია აკრძალულია. სისხლის გადასხმა და ორგანოების გადანერგვა ქრისტიანულ მოძღვრებაში აკრძალული არ არის. ასევე არ არის დაწესებული ნათლობისთვის დრო, თუმცა როდესაც ბავშვები ძალიან ავად არიან, მათ მონათვლას ამჯობინებენ. არსებობს ასევე ზიარება ავადმყოფებისთვის, რომელსაც მოძღვარი ატარებს განსაკუთრებით პაციენტის ოპერაციის წინ.




ისლამი თავის მიმდევრებს ასწავლის, რომ მუსლიმი სუფთა უნდა იყოს, რამდენჯერმე უნდა დაიბანოს დღეში, რათა ამგვარად ბაქტერიების გამრავლება შემცირდეს. მამრობითი სქესის ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მკურნალობს ქალს, როცა ეს აუცილებლად ასეა საჭირო, სხვა შემთხვევაში ქალმა ექიმმა უნდა უმკურნალოს ქალს. ისლამი კრძალავს ევთანაზიას. მიიჩნევა, რომ ღმერთი განსაზღვრავს, როდის უნდა დაიბადოს და გარდაიცვალოს ადამიანი. რაც შეეხება სისხლის გადასხმას და ორგანოების ტრანსპლანტაციას, ისინი აკრძალული არ არის.


იუდაიზმში აუცილებელია პაციენტების მონახულება. ეს წესად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ებრაელები სინაგოგაში ლოცულობენ ავადმყოფებისთვის, რათა ისინი გამოჯანმრთელდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მკურნალობის პროცესი განაახლებს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. ექიმის მიერ მკურნალობა და მედიცინა ზოგადად ღმერთისგან გამოგზავნილ საჩუქრად მიიჩნევა. იუდაიზმის მიხედვით, სიცოცხლე გრძელდება იმდენხანს, რამდენი ხანიც შესაძლებელია, ამაში ევთანაზიის ჩარევა აკრძალულია.


ბუდისტებისთვის მედიტაცია დიდ როლს თამაშობს მკურნალობის პროცესში. ბუდიზმი ღიაა ექიმების მიმართ, თუმცა აქაც უპირატესობა ენიჭება მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს, რომლებიც საკმაოდ ბევრი აქვთ. ბუდისტებს სწამთ რეინკარნაციის. მათი მთავარი დოქტრინა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის კარგი თუ ცუდი საქციელი მას შესაბამის ჯილდოდ ან სასჯელად დაუბრუნდება ან ამ ცხოვრებაში, ან მემკვიდრეობით გადაეცემა სხვა მომავალ ცხოვრებებში. სხვანაირად რომ ვთქვათ, წინა ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს, არასწორ ქმედებებს შეუძლია ბუდისტის კარმაზე იქონიოს გავლენა. შესაბამისად, ამ ცხოვრებაში განხორციელებული ქმედებები გავლენას იქონიებენ შემდეგ ცხოვრებაზე.


აბორტი და აქტიური ევთანაზია მიჩნეულია, როგორც სიცოცხლის ხელყოფა, ამიტომ ბუდისტები მათ გმობენ. სისხლის გადასხმა და ორგანოთა გადანერგვა დაშვებულია. სიკვდილის წინა პერიოდი ახალი ცხოვრების წინა მოსამზადებელ პერიოდად ითვლება, პაციენტი სრულ გონებაზე უნდა იყოს, ამიტომ ამ დროს აკრძალულია დამამშვიდებლების ან ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება.


ინდუიზმი ყველაფრის მიზეზს ეძებს შინაგან კარმაში. ავადმყოფობა განიხილება, როგორც ადამიანის გარკვეული საქციელის, ქმედების შედეგი და ასევე როგორც განწმენდის ერთ-ერთი გზა. ინდუიზმი პატივს სცემს მედიცინას, მაგრამ არსებობს მკურნალობის ბევრი ტრადიციული მეთოდი, რომლების უფრო ხშირად გამოიყენება. ამის მაგალითია იოგას პრაქტიკა. ევთანაზიას რაც შეეხება, ის ექსპლიციტურად არ არის აკრძალული.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0