x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გულის უეცარი გაჩერება და მისი თავიდან აცილების გზები
გულის უეცარი გაჩერება არის ადამიანთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი მსოფლიოში. გერმანიაში ყოველწლიურად დამდგარი სიკვდილიანობის 800 000-დან 900 000-მდე შემთხვევიდან 100 000-დან 200 000-მდე გულის უეცარ გაჩერებაზე მოდის, ხოლო საქართველოში სავარაუდოდ ეს რიცხვები (მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე) 25-ჯერ უფრო ნაკლებია.


შემთხვევათა უმრავლესობაში გულის უეცარი გაჩერება მის დადგომამდე დიდი ხნით ადრე იძლევა გამაფრთხილებელ სიგნალებს. ამიტომ ექიმთან დროულ ვიზიტს და სწორ დიაგნოზს ამ სავალალო შედეგისგან ჩვენი დაცვა შეუძლია. ძალიან იშვიათად, რომ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემებს არ უჩიოდა, გული გაუჩერდეს. თუმცა, სამწუხაროდ ასეთი ამბავიც ხანდახან ხდება. ამიტომ დროული პროფილაქტიკა ყოველთვის აუცილებელია.


"Oregon Sudden Unexpected Death Study"-ს თანახმად, შემთხვევათა 50 %-ზე მეტში გულის უეცარ გაჩერებას წინასწარი სიმპტომები ახასიათებს. ეს სიმპტომებია:


დაწოლის და სივიწროვის შეგრძნება მკერდის მარცხენა მხარეს, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს.



თავბრუსხვევა და გულის წასვლა.


გულისცემის რიტმის დარღვევა (როგორც ტაქიკარდია (სწრაფი პულსი) ასევე შენელებული პულსი, ანუ ბრადიკარდია).


არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუ მსგავსი სიმპტომები აღმოვაჩინეთ, აუცილებლად გული გაგვიჩერდება და დავიღუპებით. მსგავსი სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს ახასიათებს და საფრთხის შემცველი სულაც არ არის. მაგრამ თუ ზემოთჩამოთვლილი ნიშნები საკუთარ თავს შევამჩნიეთ, სჯობს, ექიმს დროულად მივაკითხოთ, რათა დაცულები ვიყოთ სიცოცხლისთვის საშიში გართულებებისგან.


შემთხვევათა 80 %-ში გულის უეცარ გაჩერებას გულის კორონარული დაავადება (გკდ) იწვევს.


შემთხვევათა 10-15 %-ში ამ ფატალური შედეგის გამომწვევი არის კარდიომიოპათია და გულის კუნთის ანთება ან სტრუქტურული დეფექტები.


ხოლო შემთხვევათა 5 %-ზე ნაკლებში გულის უეცარ გაჩერებას სხვადასხვა პათოლოგიები იწვევს (ბრუგადას სინდრომი, არითმია და ა. შ.).


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პრედისპონირებად დაავადებებს თან უნდა ერთვოდეს კონკრეტული გამომწვევები, როგორებიცაა, მაგალითად, ინტენსიური სპორტი, ემოციური აღგზნებადობა, მედიკამენტები, ასევე ალკოჰოლი, კოკაინი და ამფეტამინები, სისხლის მარილების გადანაცვლებები და სხვ.


როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა გულის უეცარი გაჩერებისგან თავი დავიზღვიოთ?


უპირველეს ყოვლისა, თამბაქოს მოწევას უნდა დავანებოთ თავი. თამბაქო არის არამარტო კუჭის, ფილტვის, ლიმფური კვანძების, ნაწლავის, შარდის ბუშტის, პირის ღრუს, ყელის და სისხლის კიბოების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი, არამედ გულის ინფარქტისაც; გვახსოვდეს, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებიდან 24 საათში უკვე მნიშვნელოვნად იკლებს გულის უეცარი გაჩერების რისკი, ხოლო თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმიდან უკვე 1 წლის შემდეგ 50 %-ით მცირდება გულის კორონარული დაავადების რისკი და კლებას განაგრძობს დროის გასვლის პარალელურად.


ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ (საერთოდ თუ ვიტყვით უარს დალევაზე, მთლად უკეთესი).


ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი უნდა ვთქვათ.


უნდა დავკავდეთ ვარჯიშით (მინიმუმ 150 წუთი კვირაში), თუმცა, უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობაზე. შეჯიბრი და მისგან გამოწვეული სტრესი და ასევე განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა სერიოზულად ვნებს ჯანმრთელობას.


უნდა მივიღოთ ბევრი ბოსტნეული და ხილი, უპირატესობა მივანიჭოთ თაფლს და საქონლის ხორცს.


D ვიტამინი და ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის ცხიმმჟავები ინტენსიურად უნდა მივიღოთ.


გულის დაავადებების ქონის შემთხვევაში ყავის და შოკოლადის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.


ძალიან მნიშვნელოვანია დროული გადაუდებელი დახმარება. თუმცა ამ მხრივ საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ცრუმორწმუნეობა, უაღრესად დაბალი კვალიფიკაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე. არადა, არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის დროულ გაცოცხლებას.


მედიცინის თანამედროვე დონე სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გვაძლევს შესაძლებლობას, გავაცოცხლოთ დიდი და განსაკუთრებით დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ადამიანები. თუმცა, საქართველოში მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის მიერ მოტანილი სიკეთეებიც არ გამოიყენება ეფექტურად; საჭიროა, თითოეულ დასახლებულ პუნქტში გამუდმებით იყოს დეფიბრილატორი და მისი გამოყენების მცოდნე მინიმუმ 2 ადამიანი მაინც, რადგან რაც უფრო სწრაფად ჩატარდება გაცოცხლების პროცედურა, მით უფრო დიდი შანსია, პაციენტი გადარჩეს.


მედიცინის თანამედროვე დონის პირობებში, გულის გაჩერების და სიკვდილის დადგომის შემდეგ გასული ყოველი 1 წუთი 10 %-ით ამცირებს პაციენტის გაცოცხლების შანსს.


დეფიბრილატორის მეშვეობით დროული ჩარევა შემთხვევათა 70 %-ში დადებითი შედეგით და პიროვნების გაცოცხლებით სრულდება ხოლმე.

გულის უეცარი გაჩერება

1
639
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
639
  
2019, 21 იანვარი, 3:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1