x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უფალს მადლობა უნდა შევწიროთ რომ ჩვენი სულის დამცველებად მეგობრები მოგვივლინა

image

ეს საეკლესიო გვერდზე ვიპოვე. არ ვიცი ვინაა ავტორი..... ძალიან კი მომეწონა....

საკმაოდ რთულია ისაუბრო მეგობრობაზე და ზუსტად თქვა, რას ნიშნავს ის. მე ვფიქრობ, მეგობრობა უფლისგან გამოგზავნილი უდიდესი საჩუქარია და თუ მისი მიღების ბედნიერება გხვდა წილად, შეგიძლია ჩათვალო, რომ ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლა.
ძალიან ცუდია, რომ დღეს ადამიანები სულ უფრო მეტად ცივები ხდებიან. რატომ უფრთხიან იმის გამჟღავნებას, რომ უყვართ სხვა ადამიანები, ეფიქრებათ მათზე. ვითომ ეს სიცილს გამოიწვევს ამ ულმობელ დროში?! _ შეიძლება სწორედ ასე ფიქრობენ და ამიტომაც გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ `ერთადერთი ნამდვილი ფუფუნება ადამიანთა ურთიერთობაა!~ გული მწყდება, როცა ადამიანებში სულიერ სიცივეს ვაწყდები, ვხედავ გულებს, რომელთაც შეყვარება არ ძალუძთ, ნდობა არ შეუძლიათ. ალბათ, ამაში დღევანდელმა გარემომაც ითამაშა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი. და თუ ყველას ასე ჩაგვეყინა გულები, აუცილებლად ბოლოს მოგვიღებს უსიყვარულო, უმეგობრო და ცივი სამყარო.
ზოგჯერ ცხოვრება სირთულეების მორევში გვიკრავს თავს, მაგრამ აქედანაცაა გამოსავალი. აქაც შეიძლება იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც თავს ისევ ცოცხალ არსებად გვაგრძნობინებენ. დიდი ბედნიერებაა ამ გამყინვარებულ დედამიწაზე გულთბილი ადამიანების პოვნა. სწორედ ისინი იცავენ გულს, სულსა და მთელს ჩვენს არსებას გაციების, გაყინვისა და სამყაროსთან გაუცხოებისაგან. ამ ადამიანებს მეგობრებს ეძახიან, თორემ, ალბათ, არც არავინ იცის, ვინ არიან ისინი სინამდვილეში _ ჩვენი სულის ნაწილები, გრძნობათა მესაიდუმლეები თუ უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზები, რომლებიც სწორედ მაშინ გვევლინებიან, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება მათი დახმარება. ადამიანები, რომლებმაც იციან ჩვენი გულის სიმღერა და შეუძლიათ გვიმღერონ, როცა სიტყვები გვავიწყდება!
ყველა ადამიანს არა აქვს ფუფუნება გაიგოს, რა არის ნამდვილი მეგობრობა. მეგობრობის სურნელი ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში შეიგრძნოს. ამ უდიდესი გრძნობის გარეშე სხვა ყველაფერი აზრს კარგავს და უფერულდება.
მეგობარი მაინც ჩვენივე სულის სარკე მგონია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი დადებითი თვისებები წარმოაჩინოს და უარყოფითები უკეთესობისკენ შეცვალოს. მეგობარი ადამიანია, რომელსაც დუმილიც კი ესმის შენი, იცის, როდის რა გჭირდება, რა გტკივა, რა გიხარია. ადამიანი, რომელიც გვერდით გყავს მაშინ, როცა მთელი დანარჩენი სამყარო შენს წინააღმდეგაა, რომელიც უფსკრულის პირას მდგარს ხელს მაგრად ჩაგკიდებს და მინდორზე გაგიყვანს, მაშინაც კი, თუ თავად გინდა უფსკრულში გადაჩეხვა. ადამიანი, რომელიც ცხოვრებისგან კუთხეში მოქცეულს ახალ კარს გიჩვენებს, კარს, ბედნიერებისკენ მიმავალს. მეგობრობა ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია. ამბობენ, `თუ ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს; თუ ჯანმრთელობა დაკარგე, შეიძლება კიდევ იცოცხლო; მაგრამ თუ ღვთის მადლი დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს~.
ზოგჯერ ამბობენ, რომ ადამიანი მეგობრების მიხედვით ფასდება, ალბათ, უმეტეს შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ ერნსტ ჰემინგუეი ამბობდა: `არასოდეს შეაფასოთ ადამიანი მეგობრების მიხედვით. გახსოვდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო ჰყავდა~. ხანდახან ისეც ხდება, რომ მეგობარი გვღალატობს და გულს გვტკენს, მაგრამ სწორედ მაშინ უნდა ვიყოთ ყველაზე ძლიერნი.
დღეს მე ბედნიერი ვარ, რადგან გვერდით მყვანან ადამიანები, რომლებიც ვიცი, სულ ჩემთან იქნებიან, ჩემს ტკივილსა და სიხარულს გაიზიარებენ, ჩემს სულს თავშესაფარს მისცემენ და უბრალოდ, ჩემი არსების ნაწილები გახდებიან. თუკი უფალი ნამდვილი მეგობრებით დაგვაჯილდოვებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ შესანარჩუნებლად, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, რომ ვიმსახურებდეთ ამ დიდ საჩუქარს. მეგობრობა და ადამიანთა გულწრფელი ურთიერთობები ისაა, რასაც ჩვენი სამყაროს გადარჩენა შეუძლია, ის, რითაც დღემდე მოაღწია ქვეყნიერებამ.
უფალს მადლობა უნდა შევწიროთ რომ ჩვენი სულის დამცველებად მეგობრები მოგვივლინა. აუცილებელია ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ხელი მაგრად ჩავჭიდოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან `სიკვდილის წინ ჩვენი მტრების სიტყვები კი არ გაგვახსენდება, არამედ ჩვენი მეგობრების სიჩუმე~.
მინდა ჩემი საუბარი ნოდარ დუმბაძის სიტყვებით დავასრულო: `ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია მისი ტარება, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ _ ჩემი, მე _ სხვისი, სხვამ კიდევ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთimage

0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0