x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა იწვევს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას?
დონაცია

მიზეზი, რის გამოც საქართველოში დედები მშობიარობისას კვდებიან, ჰემორაგიაა - სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის ჩაქცევა სხეულის რომელიმე ღრუსა და ორგანოში. სისხლის ბანკებში სისხლის მარაგის არსებობა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც უკვე ვიცით, სისხლის ხელოვნურად მიღება შეუძლებელია და სისხლის წყარო ისევ თავად ადამიანია. ამიტომ რეგულარული დონორების ანუ იმ ადამიანების არსებობა, ვინც ყოველ 2 თვეში ერთხელ უანგაროდ გაიღებს სისხლს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2016 წელს, ეროვნული მონაცემების მიხედვით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საქართველოში შეადგინა 23/100 000 ცოცხალშობილზე. 2016 წლის დედათა სიკვდილის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა რისკის დროული გამოვლენისა და შესაბამისი ჩარევის შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების გამო ყოველდღიურად 830 ქალი კვდება. მხოლოდ 2015 წელს ამ პრობლემას 303 000 ქალი ემსხვერპლა. ექსპერტთა შეფასებით, შემთხვევათა უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. შემთხვევებიდან ყველაზე გავრცელებული როგორც უკვე ხვდებით, მშობიარობის შემდგომი სისხლდენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს დედათა სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.

თანამედროვე კლასიფიკაციით, სისხლდენად ითვლება 500 მლ ან მეტი მოცულობის სისხლის დაკარგვა. სისხლდენის დროს უპირველესი ამოცანა სისხლის დანაკარგის დროული და სწორი შეფასებაა.



გამოყოფენ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ოთხ ძირითად მიზეზს: პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ტონუსის დაქვითება – ჰიპოტონია ან ატონია. ორსულობისას დედასა და ნაყოფს შორის კავშირი პლაცენტის საშუალებით ხორციელდება. მისი საშუალო სიგრძე 25 სმ-ია, სიგანე კი 20 სმ. პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული. მიმაგრების ადგილას საშვილოსნოს ღია სისხლძარღვები გადის. პლაცენტის გამოძევების შემდეგ ეს სისხლძარღვებით სავსე უბანი ღია რჩება. ნორმაში საშვილოსნო იკუმშება, სისხლძარღვები იჭყლიტება და ითრომბება, ამიტომ ფიზიოლოგიურ მშობირობას თან არ სდევს სისხლდენა. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ პლაცენტა საშვილოსნოს მოშორდა, მაგრამ საშვილოსნო ვერ შეიკუმშა – ღია უბნიდან სისხლი ჭავლივით დაიწყებს დენას.

მეორე ადგილზეა საშვილოსნოში პლაცენტის ქსოვილის ჩარჩენა. ჩარჩენილი ქსოვილი საშვილოსნოს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს და ღიად დარჩენილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა იწყება. სხვათა შორის, ამავე მიზეზით არცთუ იშვიათია მოგვიანებითი სისხლდენებიც: როცა ჩარჩენილი ნაწილი ძალიან პატარაა, თავდაპირველად საშვილოსნო შესაძლოა ნაწილობრივ შეიკუმშოს და სისხლდენამ რამდენიმე დღის მერეღა იჩინოს თავი.

მესამე ადგილს ტრავმა იკავებს. ის მოსალოდნელია, მაგალითად, დიდი ზომის ნაყოფის ან ვიწრო ანატომიური მენჯის დროს. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა მრავალნამშობიარებ ქალებთან – მათი საშვილოსნო ძალზე გათხელებულია და ადვილი შესაძლებელია, გაიხეს. სახიფათოა რბილი სამშობიარო გზების – საშვილოსნოს ყელის, საშოს კედლებისა და შორისის ტრავმული დაზიანებაც.

მეოთხე ადგილი უკავია სისხლის შემდედებელი სისტემის თანდაყოლილ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია. სხვათა შორის, ორსულობისას სისხლის შედედების უნარი ფიზიოლოგიურად იმატებს. ეს ბუნებრივი დამცველობითი რეაქციაა – ორგანიზმი ამით მშობიარობის დროს მოსალოდნელი სისხლდენის პრევენციას ახდენს.


0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ვაკა
ვაკა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0