x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დაჭრილი ფრთები ანუ ამბავი თვითმფრინავის ბიჭებზე

აკრძალული ოცნებები

საბჭოთა კავშირის ყოველმხრივ ჩაკეტილ გარემოში, 1980-იანი წლების ბევრი ახალგაზრდისთვის საზღვრების გარღვევა ოცნებად იყო ქცეული.
მიუხედავად ამისა, ჩაკეტილ სისტემასთან ბრძოლა მხოლოდ 7-მა ადამიანმა გაბედა:
გეგა კობახიძე, სოსო წერეთელი, დავით მიქაბერიძე, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, თინა ფეტვიაშვილი და გია ტაბიძე.
ეს სახელები იმ დროისთვის არავის არაფერს ეუბნებოდა. დღეს კი, შეუძლებელია ფიქრობდე თავისუფლებაზე და არ ფიქრობდე მათზე.
გეგა კობახიძე, მაშინ, სულ რაღაც 21 წლის იყო. უკვე ცნობილი მსახიობი და ყველასთვის საყვარელი "ლაზარე". თენგიზ აბულაძის "მონანიებაში" თორნიკეს გმირის როლზე უკვე დამტკიცებული იყო და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ თორნიკეს მსგავსად, ისიც საბჭოთა სისტემას შეეწირებოდა.
თორნიკე მერაბ ნინიძემ ითამაშა.
გეგა კობახიძე ფილმამდე დახვრიტეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ელიტარული ოჯახების შვილებს, რომლებსაც ერთი შეხედვით არაფერი აკლდათ, დაუძლეველი სურვილი ტანჯავდათ, საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი საზღვრებიდან თავი დაეღწიათ და გაეკეთებინათ ის, რაც მაშინ ყველასთვის აკრძალული იყო - გაქცეულიყვნენ.
მაშინ ვერც ერთი მათგანი წარმოიდგენდა, რომ გაქცევა შესაძლოა დიდ ტრაგედიად ქცეულიყო და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირათ.
აკრძალული მუსიკის, აკრძალული ამერიკული ჯინსებისა და აკრძალული ოცნებების დევნა განუზომელ ტრაგედიად იქცა და უკვე 35 წელია, თვითმფრინავის ამბავი არავის დავიწყებია.
თინა და გეგა

ტუ-134
image

ის საბედისწერო დღე 18 ნოემბერი იყო. 1983 წელი. გამტაცებლებს გეგმა უკვე შედგენილი ჰქონდათ. წინა დღით გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი დაქორწიდნენ. მათმა მეგობარმა, აეროპორტის თანამშრომელმა, ანა ვარსიმაშვილმა წყვილი სპეცშემოწმების გარეშე გაატარა და იარაღიც თვითმფრინავში ამ გზით შევიდა.
ბორტზე 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
15:43 საათზე ტუ-134 აფრინდა.
ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, მოულოდნელად, „ნაგანის", „რევსტერის“ TT ტიპის 2 რევოლვერითა და 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდები ხმის ამოღების შემთხვევაში მგზავრებს აფეთქებით დაემუქრნენ.
გია ტაბიძე, სოსო წერეთელი და კახა ივერიელი პილოტის კაბინაში შევარდნენ, პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს თავზე იარაღი მიაბჯინეს და თვითმფირნავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანეს.
ამ დროს, მოულოდნელად, შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ისროლა. გია ტაბიძე ადგილზე მოკლა, წერეთელი და ივერიელი კი დაჭრა.
საპასუხოდ გამტაცებლებმაც გახსნეს ცეცხლი.
სროლის დროს დაიღუპნენ: ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ინსპექტორი გუგა შარბათიანი, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა; მგზავრები: სოლომონია და აბოიანი. დაშავდა ჩვიდმეტი მგზავრი .
ერთ-ერთმა გამტაცებელმა, დავით მიქაბერიძემ როდესაც გაიგო, რომ თვითმფირნავი თბილისში ბრუნდებოდა, იარაღი საფეთქელზე დაიმიზნა და სასხლეტს ხელი გამოკრა.


დაჭრილი ფრთები

თბილისის აეროპორტში დაშვებულ თვითმფრინავს სპეცრაზმმა ცეცხლი გაუხსნა და ერთი მგზავრიც ამ დროს გარდაიცვალა.
აეროპორტში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გურამ გვეტაძე, სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური, რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და გამტაცებლების მშობლები ელოდებოდნენ.
არც თანამდებობის პირების კატეგორილი მოთხოვნის და არც მშობლების ხვეწნის გამო გატაცებლები პოზიციას არ თმობდნენ. ისინი კვლავ თურქეთში გაფრენას მოითხოვდნენ.
თვითმფრინავი შტურმით მაიორმა მიხეილ გოლოვატოვმა აიღო.
გაქცეულებს ხელყუმბარა არ გამოუყენებიათ.

განაჩენი

ყველანი დახვრიტეს, თინა ფეტვიაშვილის გარდა. მას მუცელი ხელოვნურად მოუშალეს, რათა სასჯელი არ შემსუბუქებოდა და 15 წელი მიუსაჯეს.
ყველას ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს. იმას, ვინც ეკიპაჟის წევრებს ესროლა და იმას, ვისაც არ უსვრია - ყველას დახვრეტის განაჩენი ხვდა წილად. თანაც, განაჩენში ეწერა, რომ ისინი არა მკვლელობისთვის, არამედ გატაცებისთვის დასაჯეს.
სასამართლო
დღესთინა

35 წლის შემდეგ ამბობენ, რომ მათი დახვრეტა საბჭოთა კავშირს საკუთარი ძალაუფლების დასამტკიცებლად დასჭირდა და არა სამართლიანობის აღდგენისათვის. მათ ეკიპაჟის წევრების დაჭრისა და მკვლელობისთვის არ დაუხვრიტავთ ბიჭები, მათ ისინი გაქცევისთვის დახვრიტეს.
დახვრეტას ემსხვერპლა უდანაშაულო მღვდელი, რომელიც თვითმფრინავზე არც ყოფილა და უბრალოდ, ბიჭების მეგობარი იყო.
დღემდე ვერავინ სცემს კითხვას პასუხს - რატომ არ შეიწყალეს ბიჭები. რატომ არ გაითვალისწინა მაშინდელმა მთავრობამ უამრავი ხელმოწერა, რომელსაც ქართული ინტელიგენცია ბიჭების შესაწყალებლად აგროვებდა. რატომ მოაწერა ხელი ედუარდ შევარდნაძემ დახვრეტის განაჩენს. რატომ გამოუტანეს ერთნაირი განაჩენი მათ, ვინც ისროლა და მათ, ვისაც იარაღიც არ ჰქონია. მოწმეები იმასაც ამბობენ, რომ გეგა კობახიძეს ხელში იარაღი არც კი სჭერია.
ამ კითხვებს დღესაც ვერავინ სცემს პასუხს.
მაშინ კი კითხვებს არავინ სვამდა. სისტემის წინაშე ყველანი უძლურები იყვნენ და სისტემამაც, საკუთარი ძალაუფლება 21 -22 წლის ბიჭებზე დაამტკიცა და არა მკვლელობისთვის, არამედ გაქცევისთვის სიკვდილით დასაჯა ისინი.
თითქოს სამაგალითოდ აჩვენა საბჭოთა ადამიანებს, თუ როგორ ისჯებოდა "უკანონო" ოცნებები.
image
"- შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ ვითხოვო -მაპატიე. აბა, როგორ ვითხოვო მაპატიე.." - ეს იყო გეგას ბოლო სიტყვები სასამართლოზე.



35 წლის შემდეგაც არ იციან მშობლებმა ბიჭების საფლავები.
თითქოს გაფრენილები სადღაც გაიჭედნენ, დროსა და სივრცეს შორის და არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი.
მხოლოდ ის ვიცით, რომ გაფრინდნენ.


0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
205