x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიცოცხლე და სიკვდილი ევერესტზე - მწვერვალზე დაღუპულთა ტრაგიკული ისტორიები
მაინც რა იზიდავს ალპინისტებს მთებისკენ? რა მიზანი აქვთ ასეთი, რის გამოც ხშირად სიცოცხლეს სწირავენ, რადგან ბევრი მთამსვლელი მიდის სასიკვდილო რისკზე ახალი რეკორდების დამყარებისა და საკუთარი ორგანიზმის გამძლეობის გამოცდის მიზნით.

მწვერვალების დაპყრობა - საკმაოდ სახიფათო და სიცოცხლისათვის საშიში ექსტრემალური სპორტია. მთა მკაცრია და დაუნდობელი - იქ ხშირად იღუპებიან არა მარტო ახალბედები, არამედ საკმაოდ გამოცდილი ალპინისტები, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მწვერვალებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე დაღუპული ალპინისტები უმეტეს შემთხევაში იქ სამუდამოდ რჩებიან. ჩვენთვის, კომპიუტერთან მიჯაჭვული, კომფორტს შეჩვეული ადამიანებისათვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ალპინისტისთვის საოცნებო მწვერვალი ევერესტი დიდი ხანია გადაქცეულია მკაცრ, ულმობელ, ცივ სასაფლაოდ. იქ ძალიან ბევრი ალპინისტის გვამია დარჩენილი, ხოლო სიმაღლისა და რთული გეოგრაფიული პირობების გამო გვამების ჩამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დიახ, ჩვენი დღევანდელი პოსტი ეძღვნება მთამსვლელებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მწვერვალების დაპყრობისას დაამთავრეს და მათი სახელები სამარადჟამოდ ჩაიწერა ალპინიზმის ისტორიაში.



image




მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ალპინიზმის აღმოცენებისთანავე გახდა ყველა მთამსვლელის ოცნების ობიექტი. თუმცა სულ პირველად მისი დაპყრობის ბედნიერება თენსინგ ნორგეის და ედმუნდ ჰილარის ხვდათ წილად 1953 წელს. მას შემდეგ კიდევ უამრავი ალპინისტი მოექცა ევერესტის მწვერვალეზე, თუმცა ისინი უკვე აღარ იყვნენ პირველები და რაზე აღარ მიდიოდნენ ადამიანები, რომ ''პირველის'' სტატუსი მოერგოთ: პირველი გადაფრენა ევერესტზე პარაპლანით, პირველი დაშვება ევერესტიდან თხილამურებით; პირველი ბრმა ადამიანის ასვლა ევერესტზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ხერხი ალპინიზმის ისტორიაში სამუდამოდ შესვლისა, არის ყველაზე ხანდაზმული ან ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ევერესეტზე ავიდა; თუმცა ეს რეკორდი, როგორც წესი, მხოლოდ მანამდეა ძალაში, სანამ ახალი რეკორდსმენი არ გამოჩნდება.

2011 წელს ნეპალის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი შაილენდა კუმარ აპადხაი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ვინც ევერესტი დაიპყრო. თუმცა გამარჯვების სიხარული მას დიდხანს არ უზეიმია. მწვერვალიდან ჩამოსვლის შემდეგ ის ცუდად გახდა, სამედიცინო ბაზაში მიმავალი კი უცებ წაიქცა და გარდაიცვალა. მისი სხეული ვერტმფრენით გადაიტანეს კატმანდუში და დიდი პატივით დაკრძალეს.



image



2013 წელს შაილენდას რეკორდი მოხსნა 83 წლის იაპონელმა ალპინისტმა იუიჩირო მიურამ, რომელიც 83 წლის ასაკში მოექცა წვეროზე მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს. თავისი ცხოვრების მანძილზე ის სამჯერ ავიდა ევერესტზე. საოცარი ისაა, რომ ბოლო ასვლა მან განახორციელა მას შემდეგ, რაც გულზე 4 ოპერაცია გადაიტანა, 2009 წელს კი მოიტეხა თეძოს ძვალი თხილამურებზე სრიალის დროს.

ალპინიზმში სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმაც კი იცის, თუ რა სირთულეები სდევს თან მწვერვალების დამპყრობებს. სიცივე, ჟანგბადის უკმარისობა, ყინული, ზვავები, ქარბუქი და ნისლი არასრული ჩამონათვლია იმ საშიშროებისა, რაც სიმაღლეზე ასვლასთან ერთად იმატებს. მყინვარები სწრაფად მოძრაობენ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნაპრალში ჩაითრიონ ალპინისტი. გარდა ამისა, დიდ საფრთხეს უქმნის მთამსვლელებს უზარმაზარი ყინულის ლოდები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოწყდეს. თუ მისი მოძრაობის გზაზე შემთხვევით აღმოჩნდა ადამიანი, მისი გადარჩენის შანსი ნულია, რადგან ის ფაქტიურად ვერ მოასწრებს გზიდან გადახვევას. ამ დროს დაღუპული ალპინისტის სხეულის მოძებნაც კი ძნელია. ის შეიძლება შემთხვევით იპოვონ თვეების ან წლების შემდეგ.

მოდით, გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევები, როცა ალპინისტებმა სიცოცხლე ევერესტის კალთებზე დაასრულეს.



ჯორჯ რობერტ ლი მელორი



image



ჯორჯ მელორი იყო ინგლისელი ალპინისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევერესტის დასაპყრობად მოწყობილ ექსპედიციებში 1921, 1922, 1924 წლებში. ის ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

1924 წლის 8 ივნისს მელორი თავის მეწყვილე ენდრიუ ირვინთან ერთად უგზო-უკვლოდ დაიკარგა. უკანასკნელად ისინი დაინახეს ღრუბლებს შორის ჭრილში ევერესტის მწვერვალისაკენ მიმავლები. სიმაღლე, რომელსაც მათ მიაღწიეს, იყო 8570 მეტრი.

„ევერესტი თავის საიდუმლოს არასდროს გაამხელს, მაგრამ მე მჯერა, რომ ორი მთამსვლელიდან ერთ-ერთი მწვერვალზე ავიდა“, - ეს სიტყვები 1924 წლის ექსპედიციის მონაწილემ, მელორის და ირვინის მხარდამხარ თითქმის 8300 მეტრზე ასულმა ნოელ ოდელმა 95 წლის ასაკში, 1986 წელს თქვა. ის ერთი წლის შემდეგ, 1987 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა, 12 წლის შემდეგ, 1999 წლის 1 მაისს კი მორიგი ბრიტანული ექსპედიციის წევრებმა ევერესტის კალთებზე ჯორჯ მელორის ცხედარი იპოვეს:

„ჯერ გვეგონა, რომ ირვინის ცხედარს მივადექით. ჩვენ ფრთხილად შევამოწმეთ უბრალო შალის და ბამბის ქსოვილისგან შეკერილი სამოსი, რომელიც ევერესტის მძვინვარე ქარბუქისგან სულ დაფლეთილიყო. უცბად პერანგზე ამოქარგული წარწერა შევამჩნიეთ - „ჯ.მელორი“. მოულოდნელობისგან შევცბით და ერთმანეთს გადავხედეთ. თითქოს ერთმანეთის აზრებს ვკითხულობდით, ვიფიქრეთ: რატომ უნდა სცმოდა ენდრიუ ირვინს ჯორჯ მელორის პერანგი? მისი სხეულის უმეტეს ნაწილს სამოსი შემოძარცოდა, კანი კი გადათეთრებულიყო. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ბერძნულ თუ რომაულ მარმარილოს ქანდაკებას შევცქეროდი. მე და ჩემი მეგობრები დავყურებდით კაცს, რომელიც 75 წლის მანძილზე ევერესტს ჩაჰბღაუჭებოდა“... - დეივ ჰენმა მელორის ცხედარს კონრად ანკერთან, ჯეკ ნორტონთან და ტეპ რიჩარდთან ერთად მიაკვლია, მერე კი საბაზო ბანაკს რადიოკავშირით აცნობა ეს ამბავი. იქ, რამდენიმე ასეული მეტრით დაბლა თანაგუნდელები გაგონილს ვერ იჯერებდნენ: „ჩვენ ვიპოვეთ ჯორჯ მელორის გვამი“.

„ცხედარს არ შევხებივართ, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი კითხვები გონებას გვიმღვრევდა. ვფიქრობთ, ის ჩამოვარდა, თუმცა მისი ტრავმა სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო. მელორი, ჩანს, კლდიდან მოწყდა და რაღაც მანძილზე თოვლიან ფერდობზე ისრიალა. თოკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სახელოვან წყვილს შორის ის არ გაგლეჯილა... ფოტოაპარატი? ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში ზურგჩანთები და ჟანგბადის ბალონები გვერდზე გადავდეთ და ფოტოაპარატის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ამაოდ - გარშემო არავითარი კვალი არ იყო. ჩვენ დავცქეროდით მთის კაცის სხეულს და ვფიქრობდით, რომ თივის ზვინში ნემსი ვიპოვეთ“...



image



დიახ, ჯორჯ მელორის ნეშტი მხოლოდ 75 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი. . ალპინისტის წელზე შერჩენილი გაწყვეტილი თოკი მოწმობდა იმას, რომ მელორი და ირვინი კლდეს მოწყდნენ და უფსკრულში ჩაიჩეხნენ. გარდა ყინულის ლოდად ქცეული გვამისა, ნაპოვნი იქნა მელორის მზის სათვალე, ალტიმეტრი, ჟანგბადის ნიღაბი და ბრიტანეთის დროშა, რომელიც ალპინისტს მწვერვალზე უნდა დაეტოვებინა. რაც შეეხება ენდრიუ ირვინს, მისი გვამი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.



მორის უილსონი



image


მორის უილსონი ინგლისელი მფრინავი და ალპინისტი გახლდათ. იგი ცნობილი იყო იმით, რომ პირველმა შეძლო ინგლისიდან ინდოეთში უწყვეტად გადაფრენა. მორისს სწამდა, რომ მარხვა და გამუდმებული ლოცვები მას აუცილებლად დაეხმარებოდა ევერესტის დაპყრობაში. თავის ასვლას მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე უილსონი დაწვრილებით აღწერდა თავის დღიურებში, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მან ალპინიზმის უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ არაფერი იცოდა. მორისმა უარი თქვა, გაჰყოლოდა ბრიტანულ ექსპედიციას და გადაწყვიტა მარტო, საკუთარი გზით მოეხდინა აღმასვლა. ასვლის დაწყების წინ მან განაცხადა, რომ ურჩევნია დაიღუპოს, ვიდრე ხელმოცარული დაბრუნდეს ბრიტანეთში. 1924 წლის 29 მაისს უილსონი მარტოდმარტო გაემართა ევერესტის დასაპყრობად, ამის შემდეგ ის ცოცხალი აღარავის უნახავს, მხოლოდ 1935 წელს იპოვეს მისი სხეული 7500 მეტრ სიმაღლეზე. გვამთან ერთად ნაპოვნი იქნა კარვის ნაწილი და ზურგჩანთა, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად, ალპინისტის დღიური იყო. არსებობს ვერსია, რომ უილსონმა მწვერვალს მაიღწია და მხოლოდ დაშვებისას დაიღუპა, თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არაა.



"მწვანე წაღები"



image



ევერესტის დასავლეთ ფერდობზე, 8500 მეტრ სიმაღლეზე დევს გვამი, რომელსაც ალპინისტები "მწვანე წაღებს" უწოდებენ. თუ ვისია ეს გვამი - ცნობილი არაა, არსებობს მხოლოდ ვერსია, რომ ის რომელიმე ინდოელ მთამსვლელს - ცევანგ პალჯორს ან ჯორჯ მორუპს ეკუთვნის. ორივე მათგანი ინდური ექსპედიციის წევრი იყო.. ისინი 1996 წელს ჯომოლუნგმაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ. მწვერვალზე ასვლის დროს ექვსი მთამსვლელისაგან შემდგარი ჯგუფი ქარბუქში მოყვა, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი მათგანი უკან დაბრუნებულიყო, ხოლო დანარჩენს სამს გაეგრძელებინა ასვლა. მოგვიანებით ისინი რაციით დაუკავშირდნენ ჯგუფს და განუცხადეს, რომ მოახერხეს მწვერვალზე ასვლა, მაგრამ ამის შემდეგ ალპინისტები უკვალოდ გაქრნენ.



სკოტ ფიშერი



image



სკოტ ფიშერი ამერიკელი ალპინისტი და გიდი გახლდათ. ის იყო პირველი ამერიკელი, ვინც დაიპყრო მსოფლიოში სიმაღლით მეოთხე მწვერვალი ლხოცზე. ფიშერი დაიღუპა ევერესტზე 1999 წელს დატრიალებული ტრაგედიის დროს, რამაც რვა ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა. მიაღწია რა მწვერვალს, დაშვებისას მთამსვლელს ერთდროულად რამოდენიმე პრობლემა დაატყდა თავს. მასთან ერთად მოდიოდა შერპი ლოპსანგი. დაახლოებით 8350 მეტრ სიმაღლეზე ფიშერი მიხვდა, რომ სიარული აღარ შეეძლო და მან ლოპსანგი აიძულა, მარტო დაშვებულიყო. შერპი ბანაკში დაბრუნდა იმ იმედით, რომ უკან დაბრუნდებოდა ჟანგბადის სათანადო მარაგით და ფიშერს ჩამოსვლაში დაეხმარებოდა, მაგრამ გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მან ეს ვერ შეძლო. 1996 წლის 11 მაისს ფიშერის გვამი ალპინისტებმა იპოვეს. 2010 წელს ევერესტზე ორგანიზებული იქნა სპეციალური ექსპედიცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, შეეგროვებინა მთის ფერდობებზე დაგროვებული ნაგავი და ჩამოეტანა დაღუპული ალპინისტების ცხედრები. სხვებთან ერთად ჩამოტანილი იქნა ფიშერის ცხედარიც. მისმა ქვრივმა მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოახერხა ქმრის გვამისათვის კრემაცია გაეკეთებინა და ევერესტის ძირას მიმოეფანტა ფერფლი.



შრია შახ-კლორფინი (Shriya Shah-Klorfine)



image


მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული ალპინისტების სხეულების პოვნა ევერესტის მკვდარ ზონაში ფაქტიურად შეუძლებელია, ხანდახან მაინც ხერხდება ამის გაკეთება ბედნიერი შემთხვევის წყალობით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი კანადელი მთამსვლელი ქალის - შრია შახ-კლორფინის გვამის პოვნა. შრია ნეპალში დაიბადა და მუდამ ოცნებობდა ევერესტის დაპყრობაზე. ამ ოცნების განხორციელებას შესწირა მან თავისი სიცოცხლე 2012 წლის მაისში, როცა მწვერვალიდან უკან ბრუნდებოდა. მასთან ერთად კიდევ ჯგუფის სამი წევრი დაიღუპა. ალპინისტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული მათი პროფესიის საშიშროება, ამიტომ ისინი მწვერვალზე ასვლის წინ ხელს აწერენ სპეციალურ საბუთს, რომლის მიხედვითაც ირჩევენ - დაღუპვის შემთხვევაში ამჯობინებენ სხეულის მთაზე დატოვებას და თუ მის ჩამოტანას (ეს მომსახურეობა დაახლოებით 30 000 დოლარი ღირს).

შრია კლორფინი მწვერვალთან ახლოს, დაახლოებით 8000 მეტრ სიმაღლეზე დაიღუპა. ეს ძალიან ართულებდა მისი სხეულის პოვნას. 6-8 შერპისაგან შედგენილმა ჯგუფმა ჯერ უნდა იპოვოს დაღუპული ალპინისტის სხეული, მაგრამ კიდევ უფრო რთული საქმე მისი მთიდან ჩამოტანაა. ერთადერთი ხერხი მისი სპეციალურ მარხილზე მოთავსებაა და 60 გრადუსით დახრილ მთის კალთებზე ნელა ჩამოცოცება. შერპები საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში აგდებენ ამ დროს. ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და მთელი ჯგუფი შეიძლება უფსკრულში აღმოჩნდეს. მათი ძირითადი მიზანია გვამის ჩამოტანა მეორე დონის ბანაკამდე -ზღვის დონიდან 6500 მეტრ სიმაღლეზე. ესაა უმაღლესი წერტილი ევერესტზე, სადაც შეიძლება ვერტმფრენი აფრინდეს. ერთდღიანი დაშვების შემდეგ შრიას სხეული მშვიდობიანად იქნა ჩამოტანილი მთიდან.



ანატოლი ბუკრეევი



image



საბჭოთა ალპინისტი და სამთო გიდი, ფოტოგრაფი და მწერალი, ტიტულ "თოვლის ფოცხვერის'' მფლობელი ანატოლი ბუკრეევი პლანეტის 11 რვა ათასმეტრიანი მწვერვალის დამპყობი იყო და საერთო ჯამში მათზე განხორციელებული ჰქონდა 18 ასვლა. ბუკრეევი მწვერვალ ანაპურნაზე (8073 მეტრი) ასვლის დროს დაიღუპა. საბაზო ბანაკში დაბრუნებისას ალპინისტებს: ბუკრეევს, მოროს და სობოლევს ზვავი წამოეწია. მორომ მოახერხა ზვავიდან გამოძრომა და მაშველი ძალის გამოძახება, მაგრამ ბუკრეევის და სობოლევის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მათი გვამები დღესაც არაა ნაპოვნი.



ტომას ოლსონი (Tomas Olsson)



image


ევერესტზე ასვლა და დაშვება ბევრი ალპინისტისათვის იმდენად უბრალო საქმიანობაა, რომ ისინი ეძებენ კიდევ უფრო ექსტრემალურს. მაგალითად, ტომას ოლსონმა და მისმა მეგობარმა ტორმოდ გრენჰეიმმა გადაწყვიტეს ევერესტის მწვერვალიდან თხილამურებით დაშვება, თან ყველაზე რთული - North Col-ის მარშრუტით. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო..

2006 წლის 16 მაისს ერთდღიანი ასვლის შემდეგ ოლსონმა და გრენჰეიმმა მწვერვალს მიაღწიეს. დაქანცულებს ვერ გადაეწყვიტათ, ეყოფოდათ თუ არა იმის ძალა, რომ თხილამურებით დაშვებულიყვნენ მთიდან. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, მათ მაინც დაიწყეს დაშვება ციცაბო, 60 გრადუსით დახრილი კალთებიდან. სამწუხაროდ, 450 მეტრის გავლის შემდეგ ოლსონს ერთი თხილამური გაუტყდა. მან ის წებოვანი ლენტით დაამაგრა, მაგრამ 8500 მეტრ სიმაღლზე მეგობრები გადააწყდნენ უზარმაზარ, 45 მეტრი სიმაღლის კლდეს. მასზე გადასვლა გატეხილი კი არა, მთელი თხილამურებითაც შეუძლებელი იყო, ამიტომ ალპინისტებმა ფეხით გააგრძელეს დაშვება. სამწუხაროდ, ოლსონმა კლდის გადალახვა ვერ შეძლო და 2500 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. გრენჰეიმმა მარტო განაგრძო დაშვება და მშვიდობიანად ჩამოაღწია, ხოლო ოლსონის გაყინული სხეული შერპებმა რამდენიმე დღის შემდეგ 6700 მეტრ სიმაღლეზე იპოვეს.



დევიდ შარპი



image



ინგლისელი მათემატიკის მასწავლებელი და ალპინისტი დევიდ შარპი მარტოდმარტო ცდილობდა ევერესტზე ასვლას. ის ჰიპოთერმიის და ჟანგბადის უკმარისობის გამო დაიღუპა.

შარპი იჯდა გამოქვაბულში "მწვანე წაღებთან" ახლოს და კვდებოდა, როცა მას ალპინისტების ჯგუფმა ჩაუარა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს მომაკვდავს და გააგრძელეს გზა. მხოლოდ Discovery-ის გადამღები ჯგუფის წევრები შეჩერდნენ რამდენიმე წუთით მომაკვდავთან, ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ის ვიდეოზე ჩაეწერათ და შეეცადნენ მისგან ინტერვიუს აღებას, თუმცა დევიდს ლაპარაკი უკვე აღარ შეეძლო.






და კიდევ ერთი სევდიანი ისტორია ალპინისტი ცოლ-ქმრისა, რომელთაც საუკუნო განსასვენებელი ევერესტზე პოვეს - სერგეი არსენიევი და ფრენსის დი სტეფანო.



image


1998 წლის 22 მაისს მეუღლეები, გაატარეს რა 8200 მეტრ სიმაღლეზე სამი ცივი ღამე, წარმატებით ავიდნენ მწვერვალზე, ამასთან, ასვლა განახორციელეს ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ამგვარად, ფრენსისი გახდა პირველი ალპინისტი ქალი, რომელიც ჟანგბადის გამოუყენებლად ავიდა ევერესტზე.

დაშვების დროს ქარბუქი ამოვარდა და მეუღლეებმა ერთმანეთი დაკარგეს. კაცი მშვიდობიანად დაბრუნდა ბანაკში, ქალი კი - არა.
მეორე დღეს ნახევრად გაყინული ფრენსისი ხუთმა უზბეკმა მთამსვლელმა ნახა. ისინი მწვერვალზე ასვლას ახორციელებდნენ. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უზბეკებს შეეძლოთ დახმარებოდნენ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ და მწვერვალზე ასვლაზე უარი ეთქვათ. უზბეკმა მთამსვლელებმა გააგრძელეს გზა და სასოწარკვეთილი ქალი ყინულების გარემოცვაში დატოვეს.
როცა უზბეკები ბანაკში დაბრუნდნენ, სერგეის, რომელიც ცოლის დაკარგვამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, უთხრეს, თუ სად ნახეს ფრენსისი. მამაკაცმა აიღო ჟანგბადის ბალონი და ცოლის მოსაძებნად წავიდა...სერგეი უკან აღარ დაბრუნებულა. ძლიერმა ქარბუქმა ის ორი კილომეტრი სიღრმის უფსკრულში გადაისროლა.

მესამე დღეს მთამსვლელების ახალმა ჯგუფმა კვლავ ნახა ფრენსისი - ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საოცარი იყო ამ კაფანდარა ქალის სიცოცხლის წყურვილი - მან ორი ღამე გაატარა ყინვაში, თოვლსა და ქარბუქში, 8500 მეტრ სიმაღლეზე, ჟანგბადისა და თავშესაფრის გარეშე და მასში ჯერ კიდევ ფეთქავდა მამაცი ალპინისტის გული.

მამაცი ცოლ-ქმრის ცხედრებს დღესაც ევერესტის ცივ ფერდობები ინახავს.



image



ევერესტი ხშირად უმტკიცებს ადამიანებს, რომ ისინი უკვდავები არ არიან. ყოველ შემთხვევაში, ეს ეხება მათ, ვინც ამ მწვერვალზე პოვეს სამუდამო განსასვენებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ევერესტზე 1700 ალპინისტი ავიდა...სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მათგან 200-ზე მეტი უკან აღარ დაბრუნებულა.


0
301
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0