x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როდის დასრულდება ზემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა და რას მოხმარდება 5 440 000 ლარი
image


უკვე სამი წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის გარეშე უწევს. სკოლის შენობა სამი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. დამწვარი შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ამიტომ სამინისტრომ ძველის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა. ეზოში წელიწადზე მეტია დაიდგა ბანერი, რომელზეც სკოლის ახალი შენობაა გამოსახული, პროექტის მიხედვით მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და 2019 წელს დასრულებულიყო, მაგრამ მაჩხაანელები სოფელში მუშების გამოჩენას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვადასხვა შენობებში გადანაწილებულ დროებითი კლასებში სიარული მოსწავლეებსაც უჭირთ და პედაგოგებსაც. „შირაქის“ ინფორმაციით, ზემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობისთვის განათლების სამინისტრომ ტენდერი ახლა გამოაცხადა.


როგორც გაირკვა, ჯამური თანხა 2 მილიონი ლარით გაზრდილია. სკოლის შენობის ასაგებად და თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად 5 440 000 ლარი გამოყო. არადა, ერთი წლის წინ, როცა შენობის მაკეტი გამოქვეყნდა, ითქვა, რომ სკოლის შენობას 3 500 000 ლარი მოხმარდებოდა. იმხანად ითქვა ისიც, რომ სამუშაოები 2018 წელს დაიწყებოდა და შენობა 2019 წლის ბოლოს ჩაბარდებოდა. თუმცა, ამჯერად თანხის ზრდასთან ერთად, ვადებმაც გადაიწია და შენობის დასრულება უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. ახლადგამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლა 300 მოსწავლეზე გათვლილი უნდა იყოს, წინა შემთხვევაში კი 250 მოსწავლეზე. ძველი პროექტი ორსართულიანი შენობის აგებას ითვალისწინებდა, ამჯერად კი სამი სართული და სარდაფია გათვალისწინებული.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ვადები არ გაჭიანურებულა და მანამდე სამშენებლო მოედნის მოსუფთავება მიმდინარეობდა.



„კარგი ინფორმაცია მაქვს მაჩხაანელებისთვის. სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი და ამჟამად სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის გამოვლენა მიმდინარეობს. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე რომ შევიდეთ, 5 440 000 ლარის ღირებულების პროექტია და 10 სექტემბერს იწურება განაცხადების მიღების ვადა. დიდი იმედი მაქვს, სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს. კომპანიას ორწლიანი ვადა აქვს, მშენებლობა ორ წელში, 2019-20 წლებში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ვადების გაჭიანურების თაობაზე, მინდა გითხრათ, რომ ეს მთლიანად განათლების სამინისტროს პრეროგატივა იყო, მაგრამ შენობის ასაშენებლად ტენდერი აქამდე არ გამოცხადებულა, რომ მაგალითად ის ჩაშლილიყო და ამიტომ გადაეწია წინასწარ დაანონსებულ თარიღს. ვიცით, რომ შენობის აშენებამდე საჭირო იყო ძველი შენობის დაშლა და ნარჩენების ტერიტორიიდან გაზიდვა. შარშან სამინისტრომ ახალი შენობის ასაშენებლად მოედნის დასუფთავებისა და დამწვარი შენობის დემონტაჟის სამუშაოების ჩასატარებლად გამოაცხადა ტენდერი. ეზოში რომ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ ძველი შენობა სრულად დანგრეულია, ტერიტორია გაწმენდილია და მზადაა სამუშაოების დასაწყებად“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

სასწავლო პროცესის სირთულეზე საუბრობს სკოლის მოქმედი დირექტორი მაია ხუნაშვილი. მისი თქმით, სივიწროვისა და ფართის სიმცირის გარდა მოსწავლეებს ტექნიკური ბაზის არარსებობაც პრობლემას უქმნის, რის გამოც ხანძრის შემდეგ სკოლა ორცვლიან სწავლებაზე გადავიდა.


მაია ხუნაშვილი: „არცერთი დღე, სკოლის და შენობის არარსებობის გამო არ შევფერხეულვართ და სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. კვირას დილით დამწვარი დაგვხვდა შენობა, ორშაბათს დავლაგდით, მოვწესრიგდით და სამშაბათს უკვე ზარი დაირეკა და სწავლა დავიწყეთ. ძალიან დიდი ზარალი გვქონდა. კოლექტივიც გვერდში დაგვიდგა და ბავშვებიც გაგებით ეკიდებიან. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განადგურდა, განადგურებულია კომპიუტერული ტექნიკა დოკუმენტაცია, ამდენი წლის არქივი. სოფელი დიდ დანაკლისად მიიჩნევს იმას, რომ საბუთები არქივში არ იყო წაღებული და სკოლაში დაიწვა. გვიჭირს ამ ყველაფრის აღდგენა. სამი წლის განმავლობაში სკოლას ყველანაირად უჭირდა. არ ვიცი როგორ ვთქვა და როგორ გადმოვცე. ბავშვებს არ ჰქონდათ კაბინეტებით ისარგებლონ, არ აქვთ კომპიუტერებზე წვდომის საშუალება. სკოლას რაც შეეძლო ბიბლიოთეკის ფონდის აღდგენა მოვახერხეთ, ქველმოქმედების დახმარებაც მივიღეთ. ფართიც ძალიან მცირეა. წარმოუდგენელ სივიწროვეში ვმუშაობთ. ერთ პატარა ოთახშია დირექტორის კაბინეტი, სასწავლო ნაწილი, ბუღალტერი, მენეჯერი და საქმის მწარმოებელი. ამას კაბინეტიც არ ჰქვია, სამუშაო მაგიდა და კუთხეები გვაქვს დათმობილი, სულ ესაა... დამწვარი შენობის გვერდით გვქონდა დაწყებითების კორპუსი და ძირითადად ეს შენობა დაგვეხმარა, კლასებიის უმრავლესობა იქ განთავსდა. 9 ოთახი გადარჩა და მეშვიდე კლასის ზემოთ ეს შენობა დავტვირთეთ, ხოლო მეექვსე კლასის ქვემოთ კულტურის სახლის შენობაში სწავლობენ. ეს ფართი დედოფლისწყაროს მერიამ გადმოგვცა და თავადვე გაგვირემონტა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნიკოლოზ ჯანიაშვილს. იქ ძალიან პატარა საკლასო ოთახებია, ბავშვთა რაოდენობა კი ძალიან დიდია. ამიტომ, გაჭირვებით ვახერხებთ კლასებში დატევას. ამის გამო ორცვლიანი სწავლა გვაქვს, სასწავლო პროცესი 5 საათამდე გრძელდება. გვემსახურება ტრანსპორტიც, გადასაყვანად, მირზაანის სოფელში, რადგან 4 კილომეტრითაა დაშორებული. სასკოლო ცხრილიც ძალიან რთული აგებულებისაა, რადგან ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. ზემო მაჩხაანი მზარდი სოფელია, ყოველწლიურად იზრდება მოსწავლეთა რიცხვი და ამჟამადაც ფართის პრობლემა გვიდგა. მაგალითად შარშანწინ პირველ კლასში 15 ბავშვი მივიღეთ, გასულ წელს 18 მოსწავლე შემოვიდა, წელს კი 22 მოსწავლე გვყავს დარეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი კი არათუ სოფლის, რაიონულ სკოლებისთვისაც საოცნებოა“.


პროექტის ცვლილებას ადასტურებს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ეთერ ზურიკაშვილი ამბობს, რომ თუ ძველ პროექტზე 3, 5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად თანხა ორი მილიონით გაიზარდა. ზურიკაშვილის განმარტებით, პროექტი შეიცვალა, რადგან სოფელი მზარდია, ამიტომ, სოფელ ზემო მაჩხაანში ორსართულიანის ნაცვლად, სამსართულიანი შენობა აშენდება. ძველი პროექტი 250 მოსწავლეზე იყო გათვლილი, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ახალი სკოლა ასეთი იქნება და 300 მოსწავლეს დაიტევს.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0