x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მსახიობი, რომელსაც უარყოფითი როლების შესრულება არ შეეძლო - პატრიკ სვეიზი
მიღებული აზრია, რომ მსახიობი მხოლოდ მაშინ ითვლება ძლიერ პროფესიონალად, თუკი შეუძლია გარდასახვა და ერთნაირად კარგად გამოსდის დადებითი და უარყოფითი როლების შესრულება, მაგრამ
ბუნება ზოგს უბოძებს რაღაც იმდენად კეთილ, სუფთა და ბავშვივით მიამიტ შესახედაობას, რომ არ საერთოდ გამოსდით ეს გარდაქმნა ან გამოსდით და უნიჭოდ... რა მათი ბრალია?



image



მაგალითად, გავიხსენოთ "სიცილის მეფე" იპოლიტე ხვიჩია. ჯერ სიტყვა არ ჰქონდა მსახიობს წარმოთქმული და უკვე გეღიმებოდა, იმდენად სასაცილო და კომიკური გამომეტყველება ჰქონდა. როგორ შეეძლო მას ეთამაშა უარყოფითი პერსონაჟი, როდესაც რომ უყურებდი, უკვე გიხაროდა და გულში გეღიმებოდა...თუ ითამაშებდა კიდევაც, ეს ისეთივე პაროდია იქნებოდა, როგორც ფილმში "თხუნელა".



image



ან თუნდაც ბუმბერაზი მსახიობი, საოცარი ხმის და გარეგნობის პატრონი ეროსი მანჯგალაძე გავიხსენოთ. გინახავთ მის მიერ განსახიერებული უარყოფითი როლები? - მე ასეთი არ მახსენდება, თუმცა დამერწმუნეთ, ამ ორი დიდი მსახიობის ოსტატობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არასოდეს არავის შეჰპარვია.


image


ზუსტად ასეთივეა ჩემთვის პატრიკ სვეიზი - სუფთა, წესიერი, დადებითი, ულამაზესი მსახიობი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1952 წლის 20 აგვისტოს. დღეს მას 66 წელი შეუსრულდებოდა...
მე ის ჯერი ცუკერის ფილმით ''მოჩვენება“ შემიყვარდა.
ბევრ ფილმში მინახავს დემი მური, მაგრამ ასეთი კარგი და გულწრფელი არცერთში არყოფილა ...





საინტერესოა, რომ ფილმის წარმატებაზე მისი ავტორები განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებდნენ. მას აღიქვამდნენ, როგორც მორიგ მელოდრამას, მან კი „ოსკარის“ ხუთი ნომინაცია მიიღო და ორი „ოსკარი“. ერთი -ორიგინალური სიუჟეტისთვის, მეორე კი - მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ერგო ვუდი გოლდპერგს, თუმცა მან ისე ნიჭიერად ითამაშა, რომ ფილმში მეორე პლანიდან აშკარად პირველ პლანზე გადაინაცვლა.
ჩემი აზრით, ამ ფილის წარმატების მთავარი საწინადარი იყო ის იმედი, რომელსაც ყველა ადამიანი გრძნობდა, ვინც კი ახლობლები დაკარგა.

ამ ფილმს რომ ვუყურებდი, კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ადამიანის გარდაცვალება არის მისი მოგზაურობა სხვა სამყაროში, სავარაუდოდ, უფრო ლამაზსა და სამართლიანში... ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი და მეგონა.





პატრიკ სვეიზი დაიბადა ჰიუსტონში. მისი დედა იყო ცნობილი ქორეოგრაფი და ბიჭუნა ბავშვობიდან სწავლობდა ცეკვას. დაამთავრა ორი ცნობილი საბალეტო სკოლა.
სხვათაშორის, პატრიკ სვეიზი ცეკვავდა ერთ ნომერში თავად ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვთან ერთად და მათთის მზადდებოდა სპეციალური სპექტაკლი, მაგრამ პატრიკმა რეპეტიციის დროს მიიღო ტრავმა და ექიმებმა გამოუტანეს მკაცრი განაჩენი - "ბალეტი თქვენთვის დამთავრდა".

შემდგომში სწორედ თავისი შესანიშნავი ცეკვის წყალობით პატრიკმა მიაღწია მთავარ როლს მის პირველ ცნობილ ფილმში „ბინძური ცეკვები“, სადაც ასრულებდა პროფესიონალი მოცეკვავის როლს. მისი პარტნიორი ქალბატონი ჯენიფერ გრეი კი ემზადებოდა იმ დროისთვის უკვე ცნობილ მსახიობთან, ბილ ზეინთან დუეტისთვის, რომელიც დამტკიცებული იყო ჯონის როლზე, მაგრამ ეს ყველაფრით ნიჭიერი კაცი იმდენად უიმედოდ უნიჭო აღმოჩნდა ცეკვაში, რომ ის შეცლალა სვეიზიმ.





მართლაც ძალიან ლამაზი ფილმია ლამაზი ცეკვებით.
განსაკუთრებით მიყვარს პატრიკ სუიზის ) და ჯენიფერ გრეის ფინალური ცეკვა ძალიან ლამაზი სიმღერის « The Time of My Life»-ის ფონზე.
მთავარი როლების შემსრულებლებმა მიიღეს „ოქროს გლობუსები“, ფილმი კი გახდა კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი, რომელიც გავრცელდა ვიდეოკასეტებზე მილიონიანი ტირაჟით (მოგეხსენებათ, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც იუთუბი).
ჯენიფერ გრეი იხსენებდა: „პატრიკში ერთად იყო თავმოყრილი უხეში მამაკაცობა და საოცარი სიფაქიზე... ის იყო მშვენიერი და ძლიერი კოვბოი, უზარმაზარი და ნაზი გულით“.

აღსანიშნავია, რომ პატრიკი ბავშვობიდან, ბალეტის პარალელურად, ეუფლებოდა საბრძოლო ხელოვნებებს და მიღებული ჰქონდა კუნგ-ფუში პირველი ხარისხის შავი ქამარი. ამავე დროს, შესანიშნავად თამაშობდა ფეხბურთს და პროფესიონალურად იყო დაკავებული სერფინგით.
პატრიკს არასდროს არ გამოუყენებია კასკადიორები და დუბლიორები - ის ყველაზე სარისკო ილეთებსაც კი პირადად ასრულებდა.

ერთხელ, ფილმი „მკვლელის წერილების“ გადაღებებზე, პატრიკს სცენარით გაუხედნავი ცხენით უნდა ეჯირითა ტყეში. რაღაცა მომენტში ცხენი არ დაემორჩილა და მსახიობი მუხას შეეჯახა, რის შედეგადაც პატრიკმა მიიღო ორივე ფეხის მოტეხილობა და მხრის მყესები გაუწყდა.

საოცარია, მაგრამ ამ ისტორიის შემდეგა პატრიკს განსაკუთრებით შეუყვარდა ცხენები და დაიწყო მათი მოშენება თავის რანჩოზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში.
მოგვიანებით კი პატრიკმა მონაწილეობა მიიღო ცხენით რბოლაში არაბეთის ემირატებში, საოცარ სიცხესა და უდაბნოში. 4 საათის შემდეგ მან მიაღწია ფინიშს. ის იყო ერთადერთი ევროპელთა და ამერიკელთა შორის, ვინც ეს შეძლო. ტყუილად კი არ ყავდა წინაპრებში აპაჩები.

საოცრად მიყვარს პატრიკ სვეიზის და კიანუ რივზის დუეტი ფილმში „ტალღაზე“.ორივე არაჩვეულებრივია და ბოლო სცენა კი საერთოდ დაუვიწყარია, როდესაც კიანუ რივზის გმირი ჯონი იპატრიკის გმირს, ბოდის, რომელიც უნდა დააკავოს, უშვებს ღია ზღვაში, რათა სერფინგით უკანასკნელად იცურაოს... ის მას ჩუქნის ცხოვრებაში ბოლო ტალღას.



image



1970 წელს, საცეკვაო სტუდიაში, 17 წლის პატრიკ სუეიზიმ გაიცნო 15 წლის მოცეკვავე ლიზა ნიემი.1975 წელს მათ იქორწინეს და პატრიკის გარდაცვალებამდე ისინი ერთმანეთს არ დაშორებიან. იშვიათია მსახიობებში ასეთი ერთგულება, მით უმეტეს, რომ პატრიკისთანა მომხიბვლელ მამაკაცს მუდამ თან სდევდა თაყვანისმცემელი ქალების ზღვა.
მინდა გითხრათ, რომ სულ არ გამკვირვებია. პატრიკი ის კაცია და ეს მის ყველა ფილმში ჩანს, რომელსაც შეუძლია ერთგულების ბოლომდე შენარჩუნება.

2008 წელს პატრიკს აღმოაჩნდა სიმსივნე. ის გამოტყდა იმაში, რომ შეეშინდა, მაგრამ მაინც იბრძოდა ...
მისი ბოლო როლი იყო სპეცრაზმის წარმომადგენელი ჩარლზ ბარკერი სატელევიზიო ფილმში „მხეცი“. ყვებიან, რომ პატრიკს საშინელი ტკივილები აწუხებდა, მაგრამ დღე-ღამეში 12- საათიანი გადაღების დროს უარს ამბობდა ტკივილგამაყუჩებლების მიღებაზე, რადგანაც პრეპარატები ძლიერი იყო და საუბარი უჭირდა. მან მოასწრო 13 სერიაში გადაღება და გვერდში ყოველთვის ედგა ლიზა. მსახიობი 2009 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

პატრიკ სვეიზი ამბობდა : „მე ქორწინებაში ვგავარ ზედმეტად ერთგულ ძაღლს. ხანგრძლივი ქორწინება გეხმარება სიყვარულის შენარჩუნებაში. ის გასწავლის, როგორ უნდა შეიყვარო შენი მეორე ნახევარი თავიდან და ყოველდღე. აღიქვა ის, როგორც დღესასწაული და არა როგორც რაღაცა ბუნებრივი შენს ცხოვრებაში. უნდა ისწავლო პატიება და ნდობა. ლიზას გარეშე ჩემი ცხოვრება ასეთი ელეგანტური არ იქნებოდა“.

არც ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ელეგანტური და შინაარსიანი ასეთი კარგი და სუფთა ადამიანების გარეშე.



0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0