x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ქართული ენის განვითარება და ზოგადი ენათმეცნიერული დახასიათება
image

ქართველურ ენათა წრეში ქართული ერთადერთი სამწერლობო ენაა, რომლის ისტორია მრავალი საუკუნის მანძილზეა დოკუმენტირებული ხელნაწერებითა და წარწერებით. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებისა და კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.


ქრონოლოგიურად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული დამწეროლობის უძველესი ძეგლია ბოლნისის სიონის წარწერა, რომელიც მეხუთე საუკუნის დამლევით (492-493წწ) თარიღდება. იგი შესრულებულია ასომთავრული მრგლოვანით, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქართული დამწერლობა უფრო დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო შექმნილი, რადგან წარწერაში ასოთა მოხაზულობას უკვე დასრულებული სახე აქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე მოგვეპოვება ქართული წარწერა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც შესრულებულია მოზაიკით იატაკზე ასომთავრული დამწერლობით და იგი დაახლოებით თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით.


ქართული ენის განვითარებაში უნდა განვასხვავოთ ძველი და ახალი ქართული. ძველი სალიტერატურო ენა მოიცავს პერიოდს მეხუთე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნის დამლევამდე, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ენა ერთფეროვანი არ ყოფილა, ლექსიკაში, მორფოლოგიასა და ფონეტიკაში რიგი თავისებურებები ახასიათებდათ, ხოლო ახალი სალიტერატურო ქართული ენა ისახება მეთორმეტე საუკუნიდან, ნიკო მარისა და სერგი გორგაძის აზრით. შავთელის, ჩახრუხაძისა და შოთა რუსთაველის ენა უკვე აღარაა ძველი ქართული. სახელთა ბრუნებაში და ზმნის უღლებაში ახალი ქართულის დამახასიათებელი ნიშნები გვევლინება. სიტყვათა წყობაც ახალი ქართულისაა. უფრო ზუსტად ახალ სალიტერატურო ქართულს საძირკველი ეყრება თბილისში, როდესაც დავით აღმაშნებელი 1122წ. თბილისს ათავისუფლებს თურქებისგან და პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი ქუთაისიდან თბილისში გადმოაქვს. სახელმწიფო კანცელარია, სასამართლო, ისტორიული თხზულებები და მხატვრული ლიტერატურა ხელს უწყობდა ახალი ქართულის ჩამოყალიბებას. ამრიგად, მეთვრამეტე საუკუნისთვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დასრულებულია. ამ ენის ნიმუშს წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის შემოქმედება, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნეს მიეკუთვნება, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის სამწერლობო ენა ვერ წარმოადგენს საბას ქართულის გაგრძელებას. ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი მეთრამეტე საუკუნის მესამოცე წლებში უკვე წყდება, რაც დაკავშირებულია ანტონ კათალიკოსისა და მისი სკოლის მოღვაწეობასთან. ამ სკოლის ხელში იყო ქართული სალიტერატურო ენის განვითარება მთელი საუკუნის განმავლობაში-XVIIIს-ის მესამოცე წლებიდან XIX საუკუნის მესამოცე წლებამდე.



ანტონ პირველმა დანერგა და გააბატონა სამი სტილის თეორია. ეს თეორია ქმნიდა რიტორიკის ქვაკუთხედს. ამ თეორიის თანახმად ყველა საგანზე მსჯელობა ერთი და იმავე ენით დაუშვებელი იყო. “მაღალ მატერიას“(მაგალითად, ღვთისმეტყველებას) აღზევებული ენა “მაღალი სტილი“-შეეფერებოდა, ისტორიული თხრობა საშუალო სტილს ითხოვდა, ხოლო ყოველდღიური ამბები და საყოფაცხოვრებო მოვლენები “უბრალო სტილად“ ითქმოდა. მას ჩვეულებრივი სასაუბრო ენა ეწოდებოდა და იყო “დაბალი სტილი“. მაღალი სტილი დაშორებული იყო თანამედროვე სასაუბრო ენისგან და უახლოვდებოდა ძველ ენას, კერძოდ, იოანე პეტრიწის ენას (XIს.) მაღალი სტილი იყო რთულ წინადადებათა მოტრფიალე, მიმდევრობით მდიდარი, ზმნებით ღარიბი და გასაგებად ძნელი. ამ სტილით აქვს ანტონ კათალიკოსს დაწერილი გრამატიკა, რადგან იგი მას “სიბრძნის კარად“ მიიჩნევდა და მაშასადამე, მაღალ სტილს მოითხოვდა. მწიგნობარს მწიგნობრად არ მიიჩნევდნენ თუ ამ მაღალ სტილს არ დაეუფლებოდა, მაგრამ ისმის კითხვა, თუ რა მოუვიდა სულხან-საბა ორბელიანისა და გურამიშვილის ენას სამი სტილის გაბატონების შემდეგ? მართალია, რომ ახალ ქართულ სალიტერატურო ბუნებრივ ენას წაართვეს ლიტერატურა და მეცნიერება, მაგრამ მას დარჩა “დაბალ მატერიათა“ სამყარო. ახალ ქართულს იყენებდნენ საქმიან მიმოწერაში, განკარგულების გაცემისას, სასამართლოში განკარგულების განჩინებისას და ლიტერატურის ზოგიერთი ჟანრისთვის (კომედიები, ეპიგრამები) მაგალითად, გიორგი ერისთავის კომედიები სადა ენით იწერებოდა, ჟურნალ “ცისკარაშიც“ მარტივი სალიტერატურო ენით იწერება. მაშასადამე, სადა ხალხური ენა არ იყო უკუგდებული, ის იყო უფლებააყრილი და მესამე, ყველაზე დაბალი რანგი ეკავა, მაგრამ XIX საუკუნის 60-იან წლებში სამგვარი ენის საჭიროება ეჭვქვეშ აღმოჩნდა, ამ მხრივ ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი თავის წერილიში აცხადებდა, რომ სალიტერატურო ენად უკეთესი საზოგადოების ენა უნდა იყოსო, რა ენაზეც იყო დაწერილი რუსუდანიანი, დავითიანი, ვეფხისტყაოსანი. ილია ჭავჭავაძე საერთოდ უარყოფდა ანტონ პირველის ნორმებს და ლიტერატურულ ენად ხალხურ ენას აცხადებდა. არ იცავდა სავალდებულოდ მიჩნეულ ხელოვნულ ნორმებს და არ იყენებდა ზედმეტ ასოებს: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ. ამ თემას ეხება ილიას “კრიტიკული წერილი“ (კოზლოვის “შეშლილის“ თარგმნის გარჩევა) ამის გამო ილია ქართული ენის დამახინჯებაში დაადანაშაულეს. ილია აცხადებდა : “ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკაო“. ბრძოლა სალიტერატურო ერთი ენისთვის ილია ჭავჭავაძის გამარჯვებით დამთავრდა. მეცნიერულად სწორი, საზოგადოებრივად პროგრესული, ისტორიული თვალსაზრისით საბუთიანი იყო ილიას პოზიცია ამ ბრძოლაში. მესამე სტილმა აღიდგინა დაკარგული უფლებები: სალიტერატურო ენად იქცა ბუნებრივ სასაუბრო ხალხურ მეტყველებაზე ორიენტირებული ქართული სალიტერეტურო ენა. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების გაწყვეტილი ხაზი გამრთელდა. დაიწყო ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ახალი ეტაპი, რომელსაც ქმნის დიდი ქართველი მწერლების- ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ახალი ქართული სალიტერატურო ენა მდიდარია, სადა, ხალხური და დახვეწილი. მას შეუძლია საჭირო სიზუსტითა და სიღრმით გადმოსცეს მეცნიერული, პოლიტიკური და ფილოსოფიური აზრები. ესაა ახლი ქართული ენა საბჭოთა პერიოდისა. თვალსაჩინო ცვლილებები განიცადა თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ, განსაკუთრებით იგრძნობა ეს ლექსიკაში.


ქართული ენის ზოგადი ენათმეცნიერული დახასიათება

საკითხი ასე დგას: რა შეიძლება მივიჩნიოთ დამახასიათებლად ქართული ენის ბგერითი სისტემისთვის, ქართული სიტყვისა და წინადადების აგებულებისათვის ზოგადი ენათმეცნიერული თვალსაზრისით?

ბგერათა მიხედვით ენები ერთმანეთისგან თითქოს ყველაზე ნაკლებად განსხვავდება, ბგერათა დიდი წილი მეორდება სხვადასხვა ენაში, მაგრამ ეს ასე არ არის, ბგერითი სისტემაც განსხვავებულია. აღვნიშნოთ მხოლოდ ტიპოლოგიურად დამახასიათებელი ფაქტები.

ქართული ენის ბგერითი სისტემისთვის დამახასიათებელია:

  • თანხმოვანთა სიმდიდრე, მრავალფეროვნება და ხმოვანთა სიმარტივე. 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ქართულმა არ იცის არც გრძელი და არც უმლაუტიანი ბგერები.
  • ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან წყვილეულებსა და სამეულებს. ყოველი სამეული შეიცავს ერთნაირი გვარეობის სამ წევრს: მჟღერს, მკვეთრს და ფშვინვიერს. მკვეთრების (პ; ტ; წ; ჭ; კ; ყ) ქონა იბერიულ-კავკასიური ენების ბგერითი სისტემისთვის დამახასიათებელია.
  • ქართულ სიტყვაში თანხმოვანი და ხმოვანი შეიძლება ერთმანეთს მოსდევდეს რიგრიგად (კ-ა-ც-ი; დ-ე-დ-ა), მაგრამ შეიძლება თანხმოვნები ერთად იყრიდეს თავს - ორი, სამი, ოთხი და მეტიც (ძმა; ტკბილი).
  • თანხმოვანთა თავმოყრას ხშირად იწვევს ფუძისეული ხმოვნის ამოვარდნა აფიქსის დართვისას (მეგო- მეგობრის).
  • თანხმოვანთა ჯგუფი ჩნდება, როცა თავსართები მხოლოდ თანხმოვნისაგან (ან თანხმოვნებისგან) შედგება და ფუძეც თანხმოვნით იწყება. ასეთი რამ ჩვეულია ზმნებში (მ-სურს; მ-შველის; მ-თხოვს).
  • ორი ერთნაირი თანხმოვანი ან ხმოვანი ქართული სიტყვის ფუძეში შეუძლებელია. თუ სიტყვა უცხო წარმომავლობისაა, ორი თანხმოვნის ნაცვლად ერთი გვრჩება: პრეა და არა პრესსა, კომიია და არა კომისსია.
  • ორი ერთნაირი თანხმოვანი ქართულ სიტყვში თავს იყრის და რჩება მაშინ, თუ ერთი მათგანი ფუძისეულია, მეორე - აფიქსისეული (თავსართისა და ბოლოსართისა) მაგალითად, მ-მართებს, მ-მარხავს, მ-მოსავს, მ-მართველი.
  • ფუძეში თანხმოვანთა თავის მოყრის ერთ-ერთი წყაროა ჰარმონიული კომპლექსების შექმნისადმი მიდრეკილება. ქართულისთვის ბუნებრივია ჰარმონიული დეცესიული წყება: პირველი წევრი წინაენისმიერია, მეორე - უკანაენისმიერი (გიორგი ახვლედიანი), მაგალითად, ტკივილი, ტყავი, ჭკუა.
  • ქართულისათვის ბუნებრიბ კომპლექსებში მკვეთრი მკვეთრს ეწყობა, მჟღერი-მჟღერს... თუ ფონეტიკური ცვლილების შედეგად ეს წესი დაირღვა და კომპლექსისთვის შეუფერებელი თანხმოვნები აღმოჩნდება ერთმანეთის გვერდით, ბუნებრიბი კომპლექსები აღდგება ერთ-ერთი თანხმოვნის შეცვლით. ასე, მაგალითად: მოქ. ტეხ-ს, გა-ტეხ-ა, ვნებ. უნდა ყოფილიყო: ტხდ-ება, გა-ტხდ-ა, მაგრამ უჩვეულო კომპლექსი ტხ შეიცვალა ბუნებრივით და მივიღეთ ტყდება, გატყდა (აკაკი შანიძე).
  • ახალი ქართულისთვის თანაბრად ბუნებრივია: სხ და ხს (სხვა, ხსნის); შხ და ხშ (შხუილი და ხშავს), მაგრამ ძველ ქართულში ბუნებრივი იყო: სხ; შხ; ცხ..., მაგრამ: ხს; ხშ; ხც შეუძლებელი იყო, მათ ადგილას ჴს; ჴშ; ჴც კომპლექსები იჭერდა: ჴსნა, ჴშვა (ვ. თოფურია)
  • თანხმოვანთა ჰარმონიულ კომპლექსებში მეორე წევრი, უკანენისმიერი თანხმოვანი, ფონეტიკურადაა განვითარებული: წყალ-ი მიღებულია წალ-ისგან.
უფრო იშვიათად კომპლექსის მეორე წევრი, უკანაენისმიერი თანხმოვანი თავიდანვე იყო ფუძეში და მას დაერთო თავსართი, რომელიც შემდეგ ფუძეს შეუხორცდა: დ-გას (ვ. თოფურია), ტყემალ-ი მიღებულია დ-ყემალ-ისაგან, ორსავე შემთხვევაში დ-აფიქსია. სახელდობრ, ნივთის გრამატიკული კლასის ნიშანი, ამჟამად უფუნქციო. ჰარმონიული კომპლექსი ხმოვნის დაკარგვის ნიადაგზეც ჩნდება (მაგ: გატყდა).

  • თანხმოვანთა თავის მოყრა, როგორც წესი, ფუძის თავში და შიგნით გვხვდება (და არა - ფუძის ბოლოს)
თანხმოვნიანმა ბოლოსართმა შეიძლება ორი თანხმოვანი შეგვიძინოს სიტყვის ბოლოს (და არა - ფუძის ბოლოს): გრეხ-ს, გყავ-თ, აშენებ-თ, გაქვ-თ, ქვეყნებ-ს...

  • მახვილი ქართულში სუსტია. მახვილიანი ხმოვანი მკვეთრად არ გამოირჩევა უმახვილოსაგან.
ორ და სამმარცვლიან სიტყვებში მახვილი დასაწყისიდან პირველ მარცვალზე მოდის, ოთხსა და მეტმარცვლიანებში - ორი მარცვალი ჩანს მახვილიანი: თავიდან პირველი და ბოლოდან მესამე: წგნი, კდელი, მბარი, სსწავლბელი...

  • ქართულში სიტყვა ბევრგვარად იცვლება. ეს ცვლილებები ან იმავე სიტყვის ახალ ფორმებს იძლევა (ძმა, ძმამ, ძმის...), ანდა ახალ ფუძეებს, იმავე ძირის ახალ სიტყვებს ქმნის (ძმური, ძმობა, მოძმე...).
  • სიტყვაში გამოყენებულია თავსართებიცა და ბოლოსართებიც. ქართული ენის მორფოლოგიას პრეფიქსაცია და სუფიქსაცია ახასიათებს, პრეფიქსაცია (თავსართოვანი წარმოება) სჭარბობს ბოლოსართოვან წარმოებას ზმნის უღლებისას, ნაწარმოებ სახელებში; სუფიქსაცია გვაქვს სახელთა ბრუნებაში.
  • სიტყვა აგებულია აგლუტინაციის პრინციპის მიხედვით: ყოველ გრამატიკულ მნიშვნელობას ცალკე აფიქსი გადმოგვცემს, ყოველ აფიქსს გარკვეული ფუნქცია აქვს (სიტყვის დაშლა ადვილია), ასე, მაგალითად, სიტყვაში ბაღ-ებ-ი - ბაღ- ფუძეა, ებ- მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი, -ი- სახელობითი ბრუნვის ნიშანი, ამრიგად, ბაღ-ებ-ი ორ სუფიქსს შეიცავს და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს: ორი სუფიქსი - ორი ფუნქცია. ასეთ პრინციპს ემყარება ქართულში სიტყვის აგებულება. სადაც ეს პრინციპი დარღვეულია, ყველგან მეორეულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში, როცა ეს პრინციპი ირღვევა, ორი რამაა შესაძლებელი: 1. აფიქსი ერთია და ფუნქცია ერთზე მეტი; 2. აფიქსი ორია და ფუნქცია - ერთი.
პირველი შესაძლებლობა იშვიათია: მაგალითად, მუშა-თა - მრავლობითი რიცხვია, მასთან ერთ-ერთი ბრუნვისა (ან მოთხრობითის, ან ნათესაობითისა და ან მიცემითის). -თა ბოლოსართს უხდება რიცხვისა და ბრუნვის აღნიშვნა.

მეორე შესაძლებლობა: ორი აფიქსი - ერთი ფუნქცია. საამისო ფაქტებს ქართული მორფოლოგია უხვად გვაწვდის ფუძეთა წარმოებისას: მე-ნავ-ე; მე-ბაღ-ე; მ-შენებ-ელ-ი.

  • სახელი მარტივია, ზმნა რთული.
  • ბრუნვათა სისტემა კარგადაა განვითარებული: გვაქვს შვიდი ბრუნვა. ბრუნვათა შორის არ ჩანს ბრალდებითი ბრუნვა. ბრალდებითი ბრუნვის უქონლობა და მოთხრობითი ბრუნვის ქონა ქართულის მორფოლოგიის ნიშანდობლივი ფაქტია: ბრუნების ეს თავისებურება შეპირობებულია უღვლილების თავისებურებით, კერძოდ, გარდამავალი ზმნის თავისებურებით.
  • ბრუნების პროცესი მარტივია. ბრუნების სიმარტივეს ის გარემოება იწვევს, რომ ბრუნვის ნიშნებად ყველა სახელს ერთი და იგივე ბოლოსართი მოუდის; გარდა ამისა, რაც მხოლობითში გვაქვს, იგივე მეორდება მრავლობითში (მხოლ. ამხანაგ-ი - მრავლ. ამხანაგ-ებ-ი).
  • სახელი დაირთავს თანდებულებს (ამხანაგისა-გან, ამხანაგისა-თვის, ამხანაგისა-კენ...). ეს თანდებულები ახალ ქართულში შეერწყმის სახელს ამა თუ იმ ბრუნვაში და ქმნის ე.წ. თანდებულიან ბრუნვებს.
  • ქართულ ზმნას რიგი მორფოლოგიური კატეგორია აქვს: პირი, რიცხვი, დრო, კილო, ქცევა, გვარი.
  • ქართულ ზმნაში შეიძლება იყოს აღნიშნული მხოლოდ სუბიექტის პირი - უღვლილებაც სუბიექტური გვექნება (ვარ, ხარ, არის... ვდგები, დგები, დგება...); შეიძლება აღინიშნოს სუბიექტისა და ობიექტის პირი - სათანადო უღვლილებაც სუბიექტურ-ობიექტური იქნება (ვზრდი, ზრდი, ზრდის... მზრდის, გზრდის).
სუბიექტურ-ობიექტურ უღვლილებაში ობიექტს იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც სუბიექტს, გარკვეულ შემთხვევაში მეტიც.

  • მოქმედებითი და ვნებითი გვარები ქართული ზმნის უღვლილების სისტემაში ნათლად გარჩეულია და დაპირისპირებული (ააშენა - აშენდა... დაასრულა - დასრულდა).
  • ქართულში არ ჩანს გრამატიკული სქესები - არც სახელში და არც ზმნაში. რეალური სქესი აღინიშნება საგანგებო სახელებით (მამალი, დედალი, ხარ-ირემი, ძუ ლომი...). ქართულმა დღემდე შემოგვინახა ადამიანისა და ნივთის სემასიოლოგიური კატეგორიები: კითხვა ვინ? მხოლოდ ადამიანს ეხება, ხოლო კითხვა რა? ყველა დანარჩენს.
  • მსაზღვრელი ახალ ქართულში, როგორც წესი, წინ უსწრებს საზღვრულს: მაღალი მთა, ღრმა მდინარე...
  • წინადადებაში ზმნა-შემასმენელი შეიძლება იყოს დამოკიდებული პირსა და რიცხვში, როგორც სუბიექტზე, ისე ობიექტზე.
  • ქართული გარდამავალი ზმნის თავისებურება აჩენს ე.წ. ერგატიულ კონსტრუქციას ანუ მოთხრობით-ბრუნვიან კონსტრუქციას. ასეთ კონსტრუქციაში შემასმენელი გარდამავალი ზმნაა, მოქმედი სახელი მოთხრობით ბრუნვაშია: ააშენა, შეკერა, დახატა მან იგი.
ერგატიული კონსტრუქცია მთის კავკასიურ ენებშიც გვაქვს (ოღონდ ყველა დროში); გვაქვს ბასკურშიც. ერგატიული კონსტრუქცია იბერიულ-კავკასიურ ენათა დამახასიათებელი სინტაქსური მოვლენაა.


  • ზოგადი ენათმეცნიერული თვალსაზრისით ენის დახასიათებისას ძირის შედგენილობის საკითხიც დგას. ქართული სიტყვათა ძირი ისტორიულად ერთმარცვლიანია: იგი შედგება ძირეული თანხმოვნისა და დეტერმინანტი სუფიქსისაგან.

  • სახელი და ზმნა ამჟამად ცხადად გარჩეულია. ძველად ასეთ გარჩევას ადგილი არ ჰქონია: ზმნურ ძირებსა და სახელის ძირებს ერთნაირი დეტერმინენტი სუფიქსები აწამოებდა (შდრ., ცალ-ი და მო-ვ-კალ-ი: ორსავე შემთხვევაში ერთი და იგივე -ალ სუფიქსი გვაქვს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული ენა მიუკითვნება იმ მცირერიცხოვან ენათა ჯგუფს, რომელმაც განვითარების დიდი გზა და მის უნიკალურობას კიდევ უფრო კარგად გადმოსცემს ნიკო მარის სიტყვები: „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.”

0
728
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი მექერიშვილი
ლალი მექერიშვილი
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0